ქართული სიურპრიზი ანთალიაში

AutoSharing Option
უცნაური აბები ხდება ანთალიაში, მშვილდოსანთა მსოფლიოს თასზე მოასპარეზე ჩვენს ქალთა ნაკრებში. გუშინ პირად პირველობაში პლეი ოფები გაიმართა და ჩვენი ნაკრების სამივე ძირითადი წევრი პირველივე წრიდან გამოვარდა, ბათუმელმა ლანა ვერულიძემ კი ორი წრე გაიარა, დღეს კი 1/16-ფინალში იასპარეზებს.

მართალია, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე არცთუ მთლად კარგი შედეგი აჩვენა - 1274 ქულა, თუმცა ჩვენებს შორის ეს მეორე მაჩვენებელი მაინც იყო. პლეი ოფში მან ძლიერად ისროლა - გარდა იმისა, რომ ორი წრე გაიარა, საკმაოდ ძლიერ ბრიტანელ ნაომი ფოლკარდსაც აჯობა. თუმცა მანამდე - პირველ წრეში
დანიელ ლუისე ლაურსენტან გადახდა ძალიან დაძაბული ბრძოლა. ჩვენებურმა წააგო პირველი სეტი, მაგრამ ზედიზედ იმარჯვა ორში და 2:1დაწინაურდა. მეოთხეში დანიელმა ანგარიში გაათანაბრა, მეხუთე კი ფრედ სულაც დასრულდა - 25:25. დამატებით სერიაში ვერულიძემ 9:8 იმარჯვა და შეხვედრაც მოიგო. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მან ფოლკარდთან ბევრად იოლად იმარჯვა - თავიდანვე 2:0 დაწინაურდა, მერე ერთი სეტი დათმო, მაგრამ მეოთხეში კვლავ იმარჯვა და საბოლოოდ სეტებში 3:1 მოიგო. დღეს მისი მეტოქე ნაკლებადცნობილი უკრაინელი ნინა მილჩენკო იქნება.

ჩვენი გუნდის სხვა წევრები პლეი ოფის პირველივე წრიდან კი გამოვარდნენ, მაგრამ სამივემ მედგრად იბრძოლა და იოლად არაფერი დაუთმიათ. შესარჩევ ეტაპზე ჩვენგან საუკეთესო ხათუნა ნარიმანიძე ამერიკელ ლორი ცისლინსკისთან დამარცხდა ხუთ სეტში - 2:3. ამერიკელმა თავიდან ორი სერია მოიგო, მაგრამ ნარიმანიძემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გადამწვეტი სეტი ერთი ქულით წააგო - 26:27. ქრისტინე ესებუა ამერიკელთა მეორე ნომერ ჯენიფერ ნიკლოშს ხვდებოდა და ამანაც ხუთსეტიანი თრილერი გაუმართა, რომელთაგანაც ერთი სულაც ფრედ დასრულდა. ასმათ დიასამიძემაც ასევე ხუთსეტიანი ბრძოლა ჩაატარა იაპონელ კაორი კავანაკასთან და ერთი ამათაც ფრედ დაამთავრეს.

ამდენად, ნაადრევი წაგებების მიუხედავად, ყველამ იბრძოლა, რაც მისასალმებელია ფაქტია. რაც შეეხება დაბალ შედეგებს, ალბათ, ამის მიზეზი ახალი მშვილდებია - გოგოები ჯერ არ არიან იარაღთან შეგუებულები. თან არც სათანადო ისრები გააჩნიათ, თუმცა ეს პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქალთა ნაკრები - ნარიმანიძე, ვერულიძე, დიასამიძე გუნდური შეჯიბრების პლეი ოფშიც გავიდა, სადაც ხვალ იასპარეზებენ და პირველივე წრეში კორეელებს შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული