შემადგენლობა ოფიციალურად გაცხადდა

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების კორეელმა მწვრთნელმა ან იონ სეუნმა ოფიციალურად დაასახელა ქალთა გუნდის შემადგენლობა, რომელიც 3-10 ივლისს ტურინში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე. არსებითად, მან ეს სამეული ადრევე შეარჩია, მაგრამ ანთალიაში ჩატარებულ მსოფლიოს თასს მაინც დაელოდა.

იმის მიუხედავად, რომ იქ ლანა ვერულიძემ ურიგოდ არ იასპარეზა - შესარჩევში მხოლოდ ნარიმანიძეს ჩამორჩა, პლეი ოფში კი ერთადერთი იყო ჩვენი გუნდიდან, ვინაც ორი რაუნდი გაიარა, მწვრთნელმა ადრინდელ განაცხადში ცვლილება მაინც არ შეიტანა.

კორეელის გადაწყვეტილებით, ტურინში მხოლოდ ქალთა ნაკრები გამოვა, რადგან ვაჟების
მაჩვენებლები იმდენად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ წაყვანა უაზრობაა. ტურინში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება, რისთვისაც მთავარია არა ადრინდელივით პირად პირველობაში, არამედ გუნდურში მოპოვებული წარმატება - აქ ნაკრებმა პლეი ოფში ერთი წრე მაინც უნდა გაიაროს ანუ რვა საუკეთესოს შორის მოხვდეს. ამ შემთხვევაში საგზური მის სამივე წევრს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ გუნდურ პირველობაში პლეი ოფში 16 საუკეთესო გუნდი გადის. ჩვენებს ამ სიაში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ საჭიროა, რაც შეიძლება მაღალი ადგილით შევიდეთ, პლეი ოფში უფრო სუსტ მეტოქეს რომ შევხვდეთ. თუ იმ რვა მოწინავე გუნდს შორის ბრიტანეთიც მოხვდება, რომელსაც მასპინძლობის გამო საგზურები ავტომატურად ეკუთვნის, მაშინ IX-XVI ადგილებზე გასული გუნდები დამატებით ცალკე ტურნირს ჩაატარებენ, მისი გამარჯვებული ნაკრები კი ასევე მიიღებს ლიცენზიას. დაგვეთანხმებით, ახლებური წესით საგზურის მოპოვება ბევრად გართულებულია ადრინდელთან შედარებით, როცა ლიცენზიას ჯერ პირად პირველობაში 64, მერე კი 44 მონაწილე იღებდა. ახლებური წესის ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ ახლა თუ ამ ბარიერს დაძლევ, ერთბაშად სამ საგზურს იღებ, მაშინ კი ყველას ცალ-ცალკე უნდა მოეპოვებინა. ოლიმპიადაზე სამი მონაწილე იმას ნიშნავს, რომ იქაც შეგეძლება გამოსვლა გუნდურ პირველობაში. აქვე შეგახსენებთ, რომ მშვილდოსან ქალთა ნაკრები დღემდე ერთადერთია, ოლიმპიადაზე გუნდურ პირველობაში რომ გამოსულა - სიდნეიში.

ჩვენები იტალიაში 22 ივნისს გაფრინდებიან და ჩემპიონატის დაწყებამდე ტურინში შეკრებას გაივლიან. ოფიციალური ვარჯიში 3 ივლისსა დანიშნული, შესარჩევი ეტაპის შეხვედრები კი 4-5 ივლისს გაიმართება. თუმცა მანამდე - 1-2 ივლისს ტურინში მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება, რომელსაც ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი დაესწრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული