ის ფრედ დასრულდა, თუმცა აპენინელებს ერთი 10-იანი ჰქონდათ, ჩვენებს - არა და ამიტომ მოგებაც მათ დარჩათ. ტურინში მყოფი ჩვენი დელეგაციის
ხელმძღვანელობა ამას იტალიელთა მაქინაციებს მიაწერს და შედეგის გაპროტესტებას უკვე ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არბიტრაჟში აპირებს.
შეხვედრის ძირითადი
თუმცა მთავარი ამბები დამატებით სროლებში მოხდა, რომელიც ჩვენებმა მოიგეს - მათ 27 ქულა დააგროვეს (10+8+9) იტალიელებმა - 22 (9+7+6). ამ დროს მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტმაც გამარჯვებულად ჩვენი გუნდი გამოაცხადა.
როგორც ტურინში მყოფმა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, ყველა მათ ულოცავდა ასეთ ძლიერ მეტოქესთან წარმატებას, მაგრამ აი, აქ იქუხა მეხმა მოწმენდილ ცაზე - იტალიელებმა შედეგი გააპროტესტეს! სანიშვილის თქმით, ამის მიზეზი ელექტრო ტაბლოს გათიშვა გახდა, რაც თურმე ბოლო გასროლის წინ მოხდა, როცა ქრისტინე ესებუა ისროდა. სანიშვილი ვარაუდობს, რომ ტაბლოს გათიშვა მასპინძელთა ხრიკი იყო, რაკიღა აგებდნენ. რა და როგორ იყო, ამაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია, მაგრამ ფაქტია - სააპელაციო კომიტეტი იტალიელთა საჩივარს საათნახევარი იხილავდა და ბოლოს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელმაც არა მარტო ჩვენები, უცხოელებიც კი გააოგნა - გადასროლა!
ტაივანელებთან მეორე წრის სამზადისში გართულ ქართველებს ეს ამბავი თავზე ელდად დაატყდათ, მაგრამ სხვა გზა არ იყო და კვლავაც სასროლეტას მიაშურეს.
ახალი სერია ფრედ დასრულდა - 25:25, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, მასპინძლებმა ერთი 10-იანი გაარტყეს, ჩვენებურთა უმაღლესი შეფასება კი 9-იანი იყო და მოგებაც აპენინელებს დარჩათ. სანიშვილსავე თქმით, ამან უცხოელთა პროტესტიც კი გამოიწვია, ხოლო საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი მათთან შეხვედრას გაურბოდა კიდეც. პირად საუბრებში მათ უღიარებიათ, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა, მაგრამ რაკიღა საპროტესტო კომიტეტმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენ უძლურნი ვართ, მათ საქმეებში ვერ ჩავერევითო.
ჩვენები წართმეული ლიცენზიების მოსაპოვებლად სოკ-ში ჩივილს აპირებენ. საამისოდ ისინი ტურინში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილის ჩასვლას ელოდებიან, რომელმაც ეს ამბავი ჩვენგან შეიტყო და იტალიაში დღესვე გადაფრინდა ლონდონიდან. საერთაშორისო ფედერაციის ზემოაღნიშნული დარცხვენილი მაღალჩინოსნები თურმე გაისად გასამართი სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის ყოველმხრივ დახმარებას აღუთქვამდნენ ჩვენებს, მაგრამ სანიშვილმა განაცხადა, ჩვენ მაგათი დახმარება არ გვჭირდება, კუთვნილის დაბრუნებას ვითხოვთო.
ტურინში ჩვენთვის ცუდი კიდევ ერთი ფაქტი მოხდა - პირველივე წრიდან გავარდა ბრიტანეთის ნაკრები (რუსეთთან წააგო), რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი შეჯიბრება IX-XVI ადგილებზე გასულ გუნდებს შორის კიდევ ერთი ლიცენზირებულის გამოსავლენად აღარ შედგება. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელებს ავტომატურად ეძლევათ ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება, როგორც მასპინძლებს, ამიტომ იმ 8 ლიცენზირებულ ნაკრებს შორის თუ მოხვდებოდნენ, დანარჩენები იმ ერთი საგზურისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ რუსები რას გაგახარებენ.
ტურინში ლიცენზიების მოპოვების შანსი ჯერჯერობით კვლავაც გვრჩება. ამჯერად საგზურები კორეამ, ჩინეთმა, ტაივანმა, ინდოეთმა, იტალიამ, რუსეთმა, დანიამ და უკრაინამ მოიპოვეს. თან გუნდის სამივე წევრმა ანუ ჯამში 24 მშვილდოსანმა. ამათ სამი ბრიტანელიც დავუმატოთ და საგზურს პირველად პირველობაში ამ 27 სპორტსმენის გარდა კიდევ 8 საუკეთესო მიიღებს. ერთი შეხედვით, ჩვენებურთაგან ამის ყველაზე უკეთესი შანსი ნარიმანიძეს აქვს, რადგან შესარცევი ეტაპი საკმაოდ კარგი შედეგით, მე-12 ადგილზე დაასრულა. ამიტომ პლეი ოფის პირველ წრეში შედარებით სუსტს ხვდება, მაგრამ ბედმა ბოლომდე არც აქ დაინდო და მეორეში ელოდება ძლიერი!
პირველში ჩვენებური საკვალიფიკაციოში 101-ზე გასულ ჩეხ გაბრიელა სუდრიჩოვას შეერკინება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი მეორეში ერთ-ერთი სავარუდო მეტოქე ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ალისონ ვილიამსონია. წესით, ნარიმანიძე ამ რანგის მეტოქეს ასე ადრე არ უნდა გადაჰყროდა, მაგრამ ჩვენდა ჭირად, ბრიტანელმა შესარჩევში ძალზე ცუდად ისროლა. როგორც გითხარით, იქაურებმა ვერც გუნდურში ივარგეს. შესაძლოა, ამით ცოტათი დავიმშვიდოთ თავი, მაგრამ პლეი ოფე ხომ ის ეტაპია, სადაც ნამდვილი ბრძოლა იწყება, ვილიამსონს კი დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ვნახოთ, ვის აღმოაჩნდება უფრო მტკიცე ნერვები.
პირად პირველობაში პლეი ოფები ხვალ გაიმართება და ასმათ დიასამიძე ყაზახ ფარიდა ტუკებაევას შეხვდება, ესებუა - ბელარუს ალენა კუზნეცოვას. დიასამიძემ ყაზახს თუ მოუგებს, დიდი შანსია, მეორე წრეში ძლიერ ჩინელ შანშან ჭუს დაუპირისპირდეს, ესებუას კი შედარებით სუსტები ელოდება. შესარჩევში ის 39-ე იყო, ბელარუსი - 74-ე, ამათში მოგებულის მეტოქე კი მიანმელი ტინ კაინგ ტინისა და ინდოელ ჩეკროვოლუ სვუროს შეხვედრაში გაირკვევა.
დაბოლოს, ისევ გუნდური პირველობა, რომელიც სენსაციურად წარიმართა - ფინალში ვერც კორეელები გავიდნენ და ვერც ჩინელები. 10 ივლისს ისინი ერთმანეთს მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძობენე, ოქროსტვის კი იმავე დღეს ფინალში ერთმანეთს ინდოელები და იტალიელები დაუპირისპირდებიან. სწორედ ინდოელებმა გამოაგდეს კორეელები ნახევარფინალიდან - 216:212, მანამდე კი ფრანგებს და დანიელებს მოუგეს.
იტალიელებმა ჩვენს მერე ტაივანელებიც გამოთიშეს ასპარეზობიდან, ნახევარფინალში კი ჩინელებს სძლიეს - 221:213. სალიცენზიო ოქტეტში სკანდინავიელთა საკმაოდ სუსტი, აქამდე არაფრით გამორჩეული გუნდის მოხვედრა ტურნირის ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. ისინი პლეი ოფში მე-12 ადგილით შევიდნენ და აშშ-ს არც ისე ძლიერ გუნდს მოუგეს - 215:210, რომელთა რიგებშიც ჩვენი ოლიმპიური პრიზიორი ხათუნა ლორიგიც (ქვრივიშვილი) გამოდიოდა. ქვრივიშვილისა და სხვა თანამემამულეების მსგავსად, ჯერჯერობით ულიცეზიოდ დარჩა თურქეთის სახელით მოასპარეზე ნატო ნასარიძეც - თურქები საერთოდ ვერ გავიდნენ პლეი ოფში.