ქართველთა შანსი: ლიცენზია, სარჩელი

AutoSharing Option
გრძელდება ქართველთა საგა ტურინში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ უშედეგოდ - გუნდურ პირველობაში მასპინძელთა სასარგებლოდ წართმეული ლიცენზიები ჩვენთვის კვლავაც მიუწვდომელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველობის პლეი ოფის პირველ წრეში იტალიის ნაკრები დამატებით სერიაში 27:22 დაამარცხა, მაგრამ მასპინძლებმა შედეგი გააპროტესტეს, აქაოდა, ბოლო გასროლისას ტაბლო გათიშული იყოო და სააპელაციო კომიტეტთან დიდი განსჯის შემდეგ ხელმეორე გადასროლას მიაღწიეს. იგი ფრედ დამთავრდა - 25:25, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, იტალიელებს ერთი 10-იანი აღმოაჩნდათ და გამარჯვებულის ბედიც ამან გადაწყვიტა.

არადა, პირველი წრის გამარჯვებული 8 გუნდი ლონდონის ოლიმპიადის
ლიცენზიას იღებდა... სამწუხაროა, რომ მოპოვებული 3 საგზური ასე დავკარგეთ, თუმცა ჯერჯერობით ორის დაუფლების შანსი ისევ გვრჩება - პირად პირველობაში ხათუნა ნარიმანიძე და ქრისტინე ესებუა 1/16-ფინალში გავიდნენ და დღესაც თუ წაიწევენ წინ, ლიცენზიასაც შეწვდებიან.

თუმცა მანამდე ჩვენი დელეგაცია აგრძელებს ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში სარჩელის წარსადგენად სამზადისსაც შეუდგა. ტურინში გუშინდელი დღიდან საქმეში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილიც ჩაერთო, რომელმაც ამ მეტად მტკივნეულ საკითხზე რამდენიმე შეხვედრაც გამართა.

წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ჩემპიონატზე არ ჩასულა მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FITA) პრეზიდენტი უგურ ერდენერი, ამიტომ ნაცვლიშვილი მის ნაცვლად FITA-ს გენერალურ მდივან ტომ დილენს შეხვდა. მან თურმე პირდაპირ განაცხადა, რომ მართლები ვართ და უსამართლოდ დავგჩაგრეს, მაგრამ რაკი სააპელაციო კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა, მის განაჩენს ვეღარ შეცვლიან.

დილენს თვითონვე უთქვამს ჩვენებისთვის, სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა სოკ-ში სარჩელის შეტანა და იქაური არბიტრის განაჩენიაო. ნაცვლიშვილის თქმით, თურმე ჩვენი დაჩაგვრის ფაქტს არა მარტო დილენი, ჩემპიონატის მონაწილე ყველა მსაჯი და მწვრთნელი აღიარებს, ვისაც კი ესაუბრა, მაგრამ ამით საქმე არ იცვლება.

ერთი სიტყვით, ევროპა-დასავლეთი უსამართლობაზე ამჟამადაც მხოლოდ ოხრავს და გმობს მომხდარს, საქმის გამოსასწორებლად კი აღშფოთების მეტს რეალურად არაფერს აკეთებს. სამაგიეროდ, ნაცვლიშვილი უკვე შეუდგა კვალიფიციური ადვოკატების ძებნას სარჩელის მოსამზადებლად და სოკ-ში შესატანად.

არადა, ყველაფერი თითქოს თეთრი ძაფითაა ნაკერი - ტაბლო თუ გაითიშა, შეეჩერებინათ ის სერია მის აღდგენამდე! ან შედეგზე განა რა გავლენას ახდენს ტაბლო - ის ხომ მხოლოდ წამებს აღნუსხავს, თორემ ისარს მიმართულებას არ უცვლის. აქ თუ დროის გადაცილებაზეა ლაპარაკი, მაშინ როგორც ორგანიზატორები, მოვალენი იყვნენ, მისი გათიშვისთანავე შეეჩერებინათ ასპარეზობა. ბოლო-ბოლო, ტაბლო გათიშული ესებუასთვისაც იყო, რომელმაც იმ გასროლაზე 9-იანში გაარტყა, იტალიელმა - 6-იანში.

ერთი სიტყვით, ჩვენმა ქალებმა სასროლეთზე დაამტკიცეს საკუთარი უპირატესობა და მომხდარის მიუხედავად, სამშობლოში თავაწეულებს შეუძლიათ დაბრუნება. მათ ხომ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ - იტალიის ძლიერ გუნდს მათსავე სარბიელზე დამაჯერებლად მოუგეს და მხოლოდ კულისებში დამარცხდნენ, რაც მათ ძალებს აღემატებოდა. მათ სიამაყის საფუძველს გუშინ პირადი პირველობის პლეი ოფში მიღწეული წარმატებაც აძლევთ, როცა დიდი გაწბილების, იმედგაცრუებისა და გულის ტკენის მიუხედავად, მაინც შეძლეს მობილიზება და სამიდან ორი კვლავაც აგრძელებს ბრძოლას.

გუშინ პირველ წრეში მხოლოდ ასმათ დიასამიძე დამარცხდა - ყაზახ ფარიდა ტუკებაევასთან, ოღონდ მესამე პერიოდი ამანაც მოიგო და შეხვედრის შემოტრიალება სცადა. სამწუხაროდ, მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და მესამე დათმო. ნარიმანიძეს გაუმართლა იმ მხრივ, რომ პირველივე წრეში წააგო მისმა სავარაუდო კონკურენტმა, ძლიერმა ბრიტანელმა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ალისონ ვილიამსონმა. ამასობაში თავად ნარიმანიძემ ჯერ ჩეხი გაბრიელა სუდრიჩოვა დაამარცხა (აქ ჩეხმა პირველი სეტი მოიგო, მაგრამ ჩვენებურმა ხასიათის ჩვეული სიმტკიცე კიდევ ერთხელ გამოავლინა და მომდევნო სამში დამაჯერებლად, რამდენიმექულიანი უპირატესობით იმარჯვა), მერე კი ვილიამსონის მძლეველი ესპანელი გემა ბუიტრონიც გააგდო ოთხსეტიან ბრძოლაში. ახლა ნარიმანიძეს იტალიელებზე ჯავრის ამოყრის მცირეოდენი შანსი ეძლევა - დღეს დილითვე მასპინძელ ჯესიკა ტომაზის ხვდება.

ესებუამ მძიმე, ხუთსეტიან დაძაბულ ორთაბრძოლაში ბელარუსი ალენა კუზნიატცოვა დაჯაბნა. ჩვენებურმა წააგო პირველივე პერიოდი, მეორეში ანგარიში გაათანაბრა, მესამე ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც ესებუას ჯერი დადგა - მომდევნო ორში იმარჯვა. მეორე წრეში ბევრად უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ინდოელი ჩეკროვოლუ სვურო. ის ინდივიდუალურში ჯერჯერობით არც ისე ძლიერია (ტურინში შესარჩევში 26-ე იყო), მაგრამ გუნდთან ერთად ჩემპიონატის ფინალშია გასული ანუ ხელწამოსაკრავი არაა. ესებუამ მას უფრო იოლად, 4 სეტში მოუგო - პირველ-მესამეში დაამარცხა, მეორე-მეოთხე ფრედ დაასრულა. 1/16-ფინალში ჩვენებური კიდევ ერთ აზიელს, განთესილთა ოქტეტიდან ერთ-ერთს, ჩრდილო კორეელ უნ-სილ კვონს გაეჯიბრება, რომელიც საკვალიფიკაციოში მეშვიდე იყო.

ჩვენდა სამწუხაროდ, უკვე ლიცენზირებული იმ 27 მშვილდოსანიდან უმეტესობა განვლილ ორ წრეში გავარდა, თორემ ჩვენებს იქნებ გუშინვე გაენაღდებინათ საგზურები. ვნახოთ, რა მოხდება დღეს - ქართულ დუეტს შანსი ისევ რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული