არის ოლიმპიადის მორიგი ლიცენზია!

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიური გუნდის ყულაბაში მორიგი ლიცენზიაა, რომელიც ტურინში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მშვილდოსნებმა მოიპოვეს.

გუნდურ პირველობაში იტალიელებთან წართმეული მოგების შემდეგ ჩვენი ქალები კვლავაც აგრძელებენ წარმატებულ გამოსვლას - ქრისტინე ესებუა უკვე ნახევარფინალშია და ზეგ ჩინელ იუტინგ ფანს შეხვდება. თუმცა ჩვენმა ნაკრებმა ლონდონის ოლიმპიადის საგზური მანამდე გაინაღდა, როცა მეოთხედფინალში ორი ქართველი გავიდა - ესებუა და ხათუნა ნარიმანიძე. ეს უკვე იმ რვა გუნდს შორის მოხვედრას ნიშნავდა, რომლებიც ულიცენზიოდ დარჩნენ, ოღონდ ამ შემთხვევაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთ სპორტსმენს ეძლევა საგზური.

მშვილდოსნობაში ლიცენზიას ფედერაცია იღებს, ის არაა
სახელობითი და ამიტომ ვერც ჩვენ ვიტყვით, კონკრეტულად ვინ წავა ლონდონში. სამაგიეროდ, იმის თქმა კი შეიძლება, რომ მსოფლიოს პირველობაზე მეოთხედფინალში ორი მონაწილე დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში არც გვყოლია. ასვე პირველია ნახევარფინალში გასვლაც, თუმცა აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ერთხელ ნარიმანიძე პლანეტის პირველობაზე V იყო.

პლეი ოფში 39-ე ადგილით შესული ესებუა 1/16-ფინალში ჩრდილო კორეელ უნ სილ კვომს ხვდებოდა, რომელიც საკვალიფიკაციოში მეშვიდე იყო და განთესილთა შორისაც მოხვდა. ჩვენებურმა ძლიერ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და სამ სეტში მოუგო. კორეელზე უფრო დიდი ბრძოლა მას ბრიტანელმა ამი ოლივერმა გაუმართა, რომელიც პლეი ოფში მე-10 შედეგით შევიდა, თუმცა ჩვენებურმა სეტებში 3:2 იმარჯვა. გადამწყვეტი, მეხუთე პერიოდის წინ ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ მებრძოლი და ჟინიანი ხასიათით გამორჩეულმა ესებუამ ბოლოში 27:25 იმარჯვა. ამით ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთი განთესილი, თანაც შესარჩევის ვიცე-ჩემპიონი სამხრეთ კორეელი დასომი იუნგი შეხვდა. ეს შეხვედრაც 5 სეტად გაიწელა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ორი ფრედ დასრულდა, ორში ქართველმა იმარჯვა, მხოლოდ ერთში დამარცხდა და ნახევარფინალშიც გავიდა. ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მისი მეტოქე ჩინელი იუტინგ ფანგია, ვინც საკვალიფიკაციოში მესამე იყო.

ჩინელთან წაგებამდე ნარიმანიძემ ჯერ იტალიელებზე იყარა ჯავრი - ჯესიკა ტომასი მინიმალური უპირატესობით დაამარცხა, მერე კი საყურადღებო გამარჯვება მიითვალა - იაპონელი რენ ჰაიაკავა ასევე 5-სეტიან დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულით დაჯაბნა. იყო შანსი, რომ ის მეოთხედფინალში ამერიკის სახელით მოასპარეზე თანამემამულე ხათუნა ლორიგს (ქვრივიშვილი) შეხვედროდა, მაგრამ ის ვერაფერს გახდა ჩინელ დენისე ასტრიდ ვან ლამოენთან. სამწუხაროდ, ამ არაჩინური წარმომავლობის ჩინელთან ვერც ნარიმანიძემ გააწყო რამე და სამ სეტში წააგო.

მოკლედ, დაველოდოთ 10 ივლისს, როცა ჩემპიონატი ფინალური შეხვედრებით დასრულდება. ვინძლო, პირველ მედალსაც გამოვკრათ ხელი. მით უფრო, თურმე კორეელმა მწვრთნელმა ან იუნ სანმა ის მეოთხედფინალის დამთავრებისთანავე სასტუმროში კი არ გაუშვა, სათადარიგო მოედანზე გადაიყვანა და ვარჯიშს შეუდგა. თურმე საღამოს 5 საათამდე უპირებდა სავარჯიშოდ დატოვებას.

ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაისადაც გაიმართება სალიცენზიო ტურნირები და ჩვენებს იქაც შეეძლებათ მათი მოპოვება. იქნება ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებულიც, მაგრამ უმთავრესი მაინც აშშ-ში გასამართი შეჯიბრებაა, სადაც გუნდურშიც შეიძლება სრული კვოტის მოპოვება. ოღონდ ეს ძალზე ძნელი იქნება, ამჯერად ისეთი გუნდები დარჩნენ უსაგზუროდ - თავად აშშ, პოლონეთი, იაპონია, გერმანია, ესპანეთი, კოლუმბია, საფრანგეთი...
მკითხველის კომენტარები / 2 /
Gოოდ ლუცკ ! :)
Matteo S.
16:19 08-07-2011
0
ჩონგრატს !
Matteo S.
15:25 08-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული