ტრაგიკომედია - აღიარებენ იტალიელები

AutoSharing Option
ტურინში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატი უჩვეულოდ წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის - ქრისტინე ესებუა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამით ესებუამ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა. ფინალური შეხვედრა ჩვენებურმა ჩილელ დენისე ასტრიდ ვან ლამოენთან ოთხ სეტში წააგო, მანამდე კი - ნახევარფინალში ჩინელი იუტინგ ფანი დაამარცხა ასევე ოთხ პერიოდში.

გუშინ, 11 ივლისს მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე მედალოსანთა მოკლე კომენტარები გამოქვეყნდა. მათ შორის, ესებუასიც, სადაც ჩვენებური ამბობს: "ნახევარფინალი უფრო გამიჭირდა ჩინელთან, ვიდრე - ოქროს მედლისთვის ფინალი. ეტყობა, მედალი რომ გავინაღდე, ფსიქოლოგიურად მოვეშვი.

კი ვცადე ჩემი თავის
გაკონტროლება და მობილიზება, მაგრამ ვერ შევძელი. ფინალში მარცხის მიზეზადაც ეს მიმაჩნია, თუმცა ვერცხლის მედალი ჩემთვის დიდი წარმატებაა, რაშიც უდიდესი დამსახურება მიუძღვის მწვრთნელს. დიდ მადლობას ვუხდი მას ამისთვის, რომელიც ფინალამდეც ბევრს ეცადა ჩემი საბრძოლო განწყობის ამაღლებას. მოხარული ვარ ამ წარმატებით, თუმცა ახლა ჩვენ ოლიმპიადის გუნდური ლიცენზიის მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოთ."

ჩვენი არ იყოს, ეს წარმატება ჩილელებისთვისაც პირველია. 1989 წლიდან მოყოლებული მხოლოდ მესამედ მოხდა, როცა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სამხრეთ კორეელებს არ დარჩათ - 1995 და 2007 წლებში ის იტალიელმა ნატალია ვალეევამ მოიპოვა, ახლა კი ვან ლამეონმაც მოირგო საჩემპიონო გვირგვინი. "მთელი 18 წელიწადი ამ წუთს ველოდი და უზომოდ ბედნიერი ვარ", - განაცხადა ჩილელმა.

თუმცა ეს წარმატება მაინც ვერ ფარავს უსამართლობით გამოწვეულ იმ გულისტკივილს, რაც გუნდური პირველობის პირველსავე წრეში მოგვაყენეს, როცა სააპელაციო კომიტეტმა იტალიელებთან მოგება გაგვიუქმა და გადათამაშება დანიშნა, რაც დამატებითი მაჩვენებლებით წავაგეთ. რომ არა ეს, ახლა მსოფლიოს სხვა ჩემპიონი ეყოლებოდა - იტალიამ მოიგო გუნდური შეჯიბრება, და ჩვენც ოლიმპიადის ლიცენზიებს მივიღებდით.

მოგება რომ ჩვენ გვეკუთვნოდა და იტალიელებმა აპელაცია თითიდან გამოწოვილ მიზეზზე ააგეს, ადრეც ვწერდით - ამას აღიარებს ყველა, საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთაგან დაწყებული, მსაჯებით დამთავრებული. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ მომხდარს თვით იტალიურმა მედიამაც კი ტრაგიკომედია უწოდა.

ჩვენი დელეგაცია მომხდარის სოკ-ში გასამართლებას აპირებს, დახმარებას კი საერთაშორისო ფედერაცია აღუთქვამს. გუნდი 12 ივლისს დილით დაბრუნდებოდა იტალიიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული