ესებუა: ჩემპიონობისთვის ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მზად

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები გუშინ, 12 ივლისს დაბრუნდა იტალიიდან, სადაც წარმატებით გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატში - ქრისტინე ესებუამ ვერცხლის მედალი და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

საგზური არა, მაგრამ პირად პირველობაში აღებული მედალი კი პირველი და ამდენად, ისტორიულია ქართული მშვილდოსნობისთვის. თუმცა შედეგი ბევრად უფრო მასშტაბური იქნებოდა, გუნდურ პირველობაში მასპინძლებთან უპრეცედენტო არაობიექტურობა რომ არა.

შეგახსენებთ: იმ შეხვედრაში ჩვენებმა მომავალ ჩემპიონ იტალიას დამატებით სერიაში 27:22 მოუგეს, მაგრამ მასპინძელთა პროტესტის საფუძველზე სააპელაციო კომიტეტმა შედეგი გააუქმა და გადათამაშება თავიდან დანიშნა. ის ფრედ დამთავრდა, მაგრამ იტალიელებს 10-იანი
აღმოაჩნდათ და გამარჯვებაც მათ დარჩათ. ახლა ძნელია იმის მტკიცება, რას მივაღწევდით მომდევნო წრეში გასვლის შემთხვევაში, მაგრამ საოლიმპიადოდ გუნდურ ლიცენზიას ნამდვილად მოვიპოვებდით, რაც ნაკრებისთვის ასევე დიდი წარმატება იქნებოდა.

მოვუსმინოთ ვიცე-ჩემპიონს
გუშინ იტალიიდან დაბრუნებულმა გუნდმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც გუნდის წევრები, მწვრთნელები, ფედერაციისა და თავად სეოკ-ის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ცხადია, მთავარი თემა მომხდარი ინციდენტი იყო, თუმცა არც მოპოვებული მედლის მნიშვნელობა დაჩრდილულა და მიღწეულს ყველა ულოცავდა ესებუასაც და გუნდსაც.

აწ უკვე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ესებუა ახლა ასე იგონებს განვლილ ჩემპიონატს, იქ საკუთარ გამოსვლას:
"ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატი ძლიერი ტურნირია და იქ ასპარეზობა არაა იოლი. ყველაზე ძლიერი კონკურენტები კორეელები იყვნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, მათი ბარიერი გავიარე, ოღონდ არ ვიცი, მე ვისროლე კარგად თუ იმათ - ცუდად. ფინალში ძალიან კი მინდოდა მოგება, ოღონდ ცოტა სხვანაირი გრძნობაა, როცა უმაღლესი მიზნისთვის იბრძვი. ეტყობა, ფსიქოლოგიურად მაინც ვერ ვიყავი ბოლომდე მზად, თუმცა ამ ტურნირმა დიდი გამოცდილება შემძინა. უკვე ვიცი, რომ უფრო მეტად უნდა გავაკონტროლო თავი, ტექნიკურადაც უნდა მოვუმატო და სხვა. სიმართლე გითხრათ, პირადში მედალს არ ველოდი, აი, გუნდურში კი მქონდა გარკვეული იმედები.

გუნდურში მომხდარის შემდეგ პირადში საბრძოლველად მობილიზება ძნელი იყო - შეჯიბრებაზე ვერც კი ვფიქრობდი, თავში სულ ის წართმეული ლიცენზიები მიტრიალებდა. საბედნიეროდ, მე და ნარიმანიძემ მობილიზება შევძელით და კარგად გამოვედით. ყველა მეტოქესთან ძნელი იყო ბრძოლა. განსაკუთრებით - კორეელებთან. ნახევარფინალის წინ ჩინელ იუტინგ ფანთან შეხვედრამდე ჩემთან კორეელი დასომი იუნი მოვიდა, ვისაც მეოთხედფინალში მოვუგე და მითხრა, ხომ იცი, ჩვენ როგორ გვიყვარს ჩინელები და შეეცადე, ეგ დაამარცხოო. კორეელებთანაც და ჩინელთანაც კარგად ვიმუშავე და, საბედნიეროდ, ორივეს ვაჯობე.
ამ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კორეელ მწვრთნელს, რომელიც დიდად დამეხმარა და მადლობელი ვარ მისი. ის დამატებითაც გვავარჯიშებდა და ყველაფერი გააკეთა კარგი შედეგის მისაღწევად."

ჯილდო საქართველოსთვის
მედალოსანსა და გუნდს წარმატება სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმაც მიულოცა:
"მინდა, ესებუას მივულოცო ეს დიდი გამარჯვება. მოგეხსენებათ, ეს პირველი ჯილდოა საქართველოსთვის. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატამდე მედალს არც ველოდი. ვინმეს რომ ეთქვა, ვერცხლს აიღებთო, არ დავიჯერებდი, მაგრამ ფინალის წაგების შემდეგ ისე გულდაწყვეტილები ვიყავით, თითქოს ეს ვერცხლი დაგეგმილი გვქონდა. ესებუამ იმდენად ძლიერი ჯგუფი გაიარა, ეს წინასწარ რომ გვცოდნოდა, იქნებ არც დაგვეჯერებინა. მან ისეთები დაამარცხა, რომლებიც კოჰორტას მიეკუთვნებიან. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს მოხდა ოლიმპიადის წინ.

ასევე მინდა გუნდსაც მივულოცო წარმატებული გამოსვლა. მე არაფერი შემშლია - ნაკრების ასპარეზობას წარმატებულად ვაფასებ, რადგან, პრაქტიკულად, 8 საუკეთესოს შორის მოხვდნენ. მომხდარის შემდეგ პირადში მათი გამოსვლა გვარწმუნებს, რომ გუნდი მზადაა დიდი შედეგების მისაღწევად."

ცხადია, მიღწეულით გახარებულია, მომხდარით კი გაწბილებული საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავაც: "ამ ჩემპიონატზე ყოველდღე ვლოცულობდი, რომ კორეელებს, ჩინელებს ან იტალიელებს არ შევხვედროდით, როგორც ძლიერ გუნდებს. იტალიას ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი წარმატებისთვის. მაგალითად, სასტუმროდან სასროლეთში მიმავალ ავტობუსში ხშირად ჩვენები ფეხზე იდგნენ, რაც ზემოჩამოთვლილ სამეულთან მიმართებაში წარმოუდგენელია. საბოლოოდ ბედმა ისე ინება, რომ მაინც მასპინძლებს შევხვდით, თუმცა გოგოებმა ყოჩაღად დაიწყეს გამოსვლა და ორი პერიოდი მოუგეს მასპინძლებს, დამატებითში აჯობეს კიდეც, მაგრამ იქ წარმოუდგენელი რამე მოხდა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მოვუგეთ იტალიელებს. გოგოები უკვე ტაივანთან შესახვედრად ემზადებოდნენ, როცა სასროლეთზე უხმეს. მსაჯთა კოლეგიამ ესებუას გასროლამდე 15 წუთი იმსჯელა და საბოლოოდ მაინც დართეს სროლის ნება. დარღვევა რომ ყოფილიყო, ხომ არ დართავდნენ? ქრისტინემაც 9-იანში მოარტყა, თუმცა ამ დროს იტალიას უკვე დასრულებული ჰქონდა გამოსვლა და ქულებიდან გამომდინარე იცოდნენ, წაგებულები რომ იყვნენ."

უსამართლობის პიკი
ცხადია, პრესკონფერენციაზე დიდი დრო დაეთმო სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილების სამართლიანობაზე მსჯელობას. თუმცა მანამდე ხათუნა ნარიმანიძეს მოვუსმინოთ, რომელიც ასე იგონებს იმდღევანდელ ამბებს:
"20 წელიწადია, სპორტში ვარ და ასეთი უსამართლობა არ მახსოვს. არა მარტო მე, უცხოელებიც გაკვირვებულები არიან მომხდარით - ასეთი რამე არ ახსოვს მშვილდოსნობის სამყაროს. როცა იტალიას გადასროლაში ხუთი ქულით მოვუგეთ, მთელი 40 წუთი ტაივანთან შესახვედრად ვემზადებოდით. სასროლეთზე შეხვედრის დაწყებამდეც გაგვაფრთხილეს, რომ 5 წუთში დაიწყებოდა ტაივანთან პაექრობა, მაგრამ მერე უცებ გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ არა ტაივანთან, არამედ იტალიასთან თავიდან უნდა გვესროლა დამატებითი სერია! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიცენზიები იტალიურმა მაფიამ წაგვართვა."

"ადრე ყოველთვის ვფიქრობდი, რა ბედნიერები არიან ის ფედერაციები, სადაც ყველაფერი მხოლოდ სპორტსმენზეა დამოკიდებული და მსაჯები შედეგზე გავლენას ვერ ახდენენ-მეთქი. ასეთთა შორის მიმაჩნდა მშვილდოსნობაც. ერთხელ ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მითხრა, ჩვენთანაც არის რაღაც ნიუანსები, როცა მსაჯებს შეუძლიათ შედეგზე ზემოქმედებაო. მაშინ ვიფიქრე, ამას იგონებს, თორემ არბიტრმა რა უნდა გააკეთოს-მეთქი. ახლა დავრწმუნდი, რომ თურმე შეიძლება ასეთი რამე. ტურინში მომხდარის წარმოდგენა ძნელია. ამას მხოლოდ იტალიელები და რუსები თუ იკადრებენ, თორემ საფრანგეთში, ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში ეს არ მოხდებოდა. გუნდი უკვე ტაივანელებთან საბრძოლველად გაიყვანეს, როცა ხელმეორედ უხმეს მასპინძლებთან შესახვედრად, ეს იგივეა, ფეხბურთში პენალტებით მოიგო, გასახდელში წახვიდე, მაგრამ მერე მოედანზე დაგაბრუნონ და თავიდან დაგარტყმევინონ პენალტები", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბრძოლა სიმართლისთვის გაგრძელდება
ახლა ქართული მხარის მთავარი საზრუნავი სიმართლის აღდგენა და, ფაქტობრივად, წართმეული საგზურების დასაბრუნებლად ბრძოლაა. საამისოდ ქართული მხარე ძალიან ძნელ საქმეს შეეჭიდა - ეგებ ლიცენზიების განაწილების წესის შეცვლას მიაღწიონ, ოღონდ იმგვარად, რომ თამაშებში მონაწილეთა სია არც დადგენილ 64 მონაწილეს გადაცდეს და ჩვენც კუთვნილი მივიღოთ. საამისოდ აპირებენ, მიმართონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა საერთაშორისო ფედერაციას ნება დართოს საგზურების განაწილების წესის შეცვლისა - მოაკლოს ინდივიდუალურს და დაამატოს გუნდურს, რაც სამართლიანობას აღადგენს.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენები მედალზე პრეტენზიას არ აცხადებენ, მხოლოდ საგზურებზე აკეთებენ აქცენტს. ნაცვლიშვილმა ტურინში მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ უგურ ერდენერთან შეხვედრაც გაიხსენა. თურმე თურქი აღიარებდა, ყველაფერში მართლები ხართო და თვალებში ვერ უყურებდა ჩვენებს. ერდენერი თავადაც დაჰპირებია სოკ-ში წერილის გაგზავნას და ახლა მისი პატიოსნების იმედზეც არიან. ქაცარავამ დაამატა, რომ ერდენერს საკმაოდ მწვავე ლაპარაკი ჰქონდა ხელქვეითებთან - გენერალურ მდივან ტომ დილენსა და ვიცე-პრეზიდენტ მარიო სკარცელასთან, რომელიც, ამავდროულად, ევროპული ფედერაციის პრეზიდენტიცაა. ქაცარავასავე თქმით, ამ ნიადაგზე დილენი და სკარცელა საჯაროდ საკმაოდ მწვავედაც წაკამათებულან.

ეჭვი არაა, ქართული მხარე ძალზე სერიოზულ საქმეს შეეჭიდა - არბიტრაჟი ყველანაირ სარჩელს არც განიხილავს, თუმცა ჩვენები გამოცდილი იურისტების დაქირავებას აპირებენ - ისეთებისას, რომლებსაც სოკ-ის არბიტრაჟთან საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება ექნებათ. ქართული მხარე ამ რთულ ბრძოლაში გარკვეულ არგუმენტებსაც იშველიებს, ასეთი კი საკმაოდაა: სააპელაციო კომიტეტმა სარჩელის განხილვის შესახებ საქმის კურსში არ ჩააყენა ჩვენი დელეგაცია; თავად მის ოქმს ხელი არ მოაწერეს მსაჯებმა; არსებობს მსაჯთა ოქმი, რომელიც ადასტურტებს ჩვენი ნაკრების გამარჯვებნას და სხვა... საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა განაცხადა, რომ ის იმ ოთახის კარებთან იდგა, სადაც სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, მაგრამ მას განუცხადეს, რომ სააპელაციო კომიტეტი საქართველოს საკითხს არ განიხილავდა, ამ დროს კი თურმე მოვალენი იყვნენ, ორივე მხარე დაესწროთ განხილვაზე...

ქაცარავამ ესეც განაცხადა: "დავინახე, როგორ მივიდა სკარცელა თავის სპორტსმენებთან. მე მეგონა, მათ წაგებისთვის ანუგეშებდა, მაგრამ თურმე უთხრა, რომ განმეორებითი სროლებისთვის მომზადებულიყვნენ. იტალიელებმა უკვე იცოდნენ, მესამე რაუნდი რომ გაიმართებოდა, ჩვენები კი საქმის კურსში არ იყვნენ და ტაივანთან შესახვედრად ემზადებოდნენ."

კორეელი მწვრთნელიც გაოგნებულია
პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ ჩვენ კორეელ მწვრთნელ ან ჰიუნ სანს გავესაუბრეთ, რომელსაც კონტრაქტი ხვალ უმთავრდება, თუმცა შეხვედრაზე მისი გაგრძელების შესახებ დაგვაიმედეს. მწვრთნელს რამდენიმე საკითხზე ვთხოვეთ აზრის გამოთქმა:
"ვფიქრობ, ჩვენმა მშვილდოსნებმა თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნეს. იტალიასთან ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ამაში ვერ ჩავერეოდი, გოგონებით კი კმაყოფილი ვარ. სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებამ ძალიან გამაბრაზა, თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი რამე თუ შეიძლებოდა, მომხდარიყო. ეს იყო ძალიან უხეში შეცდომა და არასწორი გადაწყვეტილება.

გუნდს რაც შეეხება, მიხარია, რომ სპორტსმენებმა ჩემი ახალი ტექნიკა სწრაფად აითვისეს, თუმცა ეს ყველაფერი არაა და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ჩემი უმთავრესი მიზანია, ამ გოგოებიდან რომელიმეს ოლიმპიური მედალი ავაღებინო. მჯერა, რომ ეს რეალურია, მათ შესწევთ საამისო ძალა. სამწუხაროდ, რეზერვზე, ახალ თაობაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია, რადგან დიდი არჩევანი არაა. თუმცა მე ვეძებ ახალ კადრებს და 1-2 მონიშნულიც მყავს.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რატომ არ მოხვდა გუნდში ლანა ვერულიძე. მან ანთალიაში ორჯერ იასპარეზა და საკმაოდ კარგადაც, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ ჯერჯერობით ამ დონეზე საშეჯიბროდ გამოცდილება აკლია და ამჯერად ამიტომ არ შევიყვანეთ გუნდში. ეს არც ჩემს გეგმებში შედიოდა, რაც უშუალოდ ამ ჩემპიონატს უკავშირდებოდა, თუმცა ვერულიძეს სამომავლოდ აუცილებლად მიეცემა შანსი", - განაცხადა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული