სტუმრად ბათუმში მშვილდოსანთა ბაზაზე

AutoSharing Option
ანგისას სტადიონზე მშვილდოსნებთან სტუმრობისას ბათუმში ისე ცხელოდა, სუნთქვა ჭირდა, ბაზაზე კი ისეთი სიგრილე დამხვდა, თითქოს სიცხე დედამიწაზე არც არსებობდა.

სტადიონს ირგვლივ წიწვნარის ორრიგა მწკრივი აკრავს ვიწრო ბილიკით და სპორტსმენებსაც იქ შეეფარებინათ თავი - ერთი ფარი შუა ბილიკზე დაედგათ და ვარჯიშობდნენ, რადგან იმის იქით შეუძლებელი იყო გაჩერება - ჩრდილიდან როგორც კი თავს გაჰყოფდი, ზაფხულის მწველი მზე მყისვე ჩაგასობდა მცხუნვარე კლანჭებს, ხეების ჩრდილში კი სულ სხვა გარემო მეფობდა.

სამწუხაროდ, სიგრილე აქაურობის, როგორც სპორტული ბაზის ერთადერთი ღირსებაა - ალბათ, მსოფლიოში ვერ ნახავთ მეორე
ნაკრებს, რომელიც ასე "ველურ' პირობებში ემზადება. ბაზის მთელი ავლა-დიდება ცოტათი თუ სცდება იმას, რაც ბუნებას მოუცია ვრცელი მინდვრისა, ევკალიპტებისა და წიწვნარის ჩათვლით -აქაურობის მთელი ინვენტარი ადგილობრივთა ძალებით შეკოწიწებული სამიოდე ფარია და ისიც იმდენად მოძველებული, ნებისმიერ ქვეყანაში დიდი ხნის წინათ მოისროდნენ სანაგვეზე.

აქ, პირიქით, ყოველდღიურად აკოწიწებენ, ელოლიავებიან, რომ ღმერთი არ გაუწყრეთ, თორემ ფარების გარეშე დარჩებიან. იარაღის საწყობი, გასახდელი ან სხვა სახის დამხმარე ნაგებობები რომ მოვიკითხე, მიპასუხეს, ერთი ოთახი გვაქვს და ისაა გასახდელიც, საწყობიც, დასასვენებელ-მოსასვენებელიც და ყველაფერი, ოღონდ იმდენად პატარაა, ყველა ერთად ვერც ვეტევითო. მოგვიანებით ეს გრძელი და ვიწრო ოთახი მეც ვნახე და მას მართლაც ძნელად თუ ეთქმის ბაზა. ცხადია, აქ ლაპარაკიც არაა საშხაპეზე, საოცნებოა ტრენაჟორების დარბაზი, მასაჟ-ცენტრი, აუზი, სამედიცინო ოთახი...

ღია სასროლეთი აუცილებელია მშვილდოსნებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც ბუნებამ მოგვცა, იმას დავჯერდეთ და კეთილმოწყობაზე არ ვიფიქროთ. ის ფარები რომ არა, ვერც იფიქრებთ, აქ თუ სპორტული ბაზაა.

არადა, ეს ის ადგილია, სადაც თავის დროზე ქართული მშვილდოსნობის ერთ-ერთი აკვანი დაირწა და რომელმაც ძნელბედობის წლებში საქართველოს მშვილდოსნობა გადაურჩინა - ქვეყნის სხვა რეგიონებში ეს სახეობა, პრაქტიკულად ჩაკვდა. ადგილობრივთა ენთუზიაზმით მხოლოდ აქ შემორჩა და დღემდე აქვე ემზადება საქართველოს ქალთა ნაკრების ძირითადი ბირთვიც, რომელთა უმეტესობაც აჭარის წარმომადგენელია.

სამწუხაროდ, მოუვლელობა მთელ სტადიონს ეტყობა - ბალახი გაუკრეჭავია აშკარად ჩანს, რომ ბურთი აქ დიდი ხანია არ გაუგორებია არავის. იქაურობა საბალახოდაა ქცეული. ბადეებშემოფლეთილი საფეხბურთო თუ ეულად მდგარი სარაგბო კარის ძელები მიტოვებულობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებენ - აქ არც მორაგბე "დათვები' ტორავენ მეტოქეებს საჩემპიონოდ და არც ქართული ფეხბურთის საიმედო რეზერვი იზრდება. ახლა აქაურობას ძირითადად მშვილდოსნები აცოცხლებენ.

ბუნებრივი პირობებით, იქაურობა მშვილდოსნებისთვის ზედგამოჭრილია. ზემოდასახელებული ბილიკის აღმოსავლეთით მომიჯნავე ეზომდე 30 მეტრამდე სიგანის მდელოა, რომელიც ხეების მწკრივით ორ, დაახლოებით 100-100 მეტრი სიგრძის სასროლეთადაა გატიხრული. ერთ-ერთ მათგანზე დგას ფარებიც, თუმცა საჭიროებისამებრ მათი გადატან-გადმოტანა პრობლემას არ წარმოადგენს. ვთქვათ, ერთ ადგილას თუ სიცხე შეაწუხებთ, შეუძლიათ ჩრდილში გადადგან, ან შეჯიბრებისას, სულაც საფეხბურთო მოედანზე გააქვთ.

ეგ კი არა, რადგან ბათუმში დიდი თოვლი არ იცის, ზამთარშიც გარეთ ვარჯიშობენ მოკლე დისტანციებზე. თუმცა მშვილდოსნებს გულს უღრღნით ბოლო წლებში დარხეული ხმები იმის შესახებ, რომ სტადიონის რეკონსტრუქცია, ტრიბუნების მოწყობაა განზრახული და შესაძლოა, იქ მათი ადგილი არ აღმოჩნდეს. ამის საპირისპიროდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი რევაზ ხარაზი გვაიმედებს, რომ რეკონსტრუქცია სპორტის სხვა სახეობების შევიწროება-განდევნას არ ითვალისწინებს. პირიქით - სურთ, სტადიონი კომპლექსური ბაზა იყოს და იქ სხვებმაც ივარჯიშონ.

საფეხბურთო მინდორს ტრიბუნებს თუ გაუკეთებენ და კეთილმოაწყობენ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. მით უფრო, ლაპარაკია მძლეოსნობის ბილიკების დაგებაზეც, მაგრამ, იმედია, იქ მშვილდოსნობისთვისაც მოიძებნება ადგილი, როგორც ტრადიციული სახეობისთვის.

მშვილდოსანთა კიდევ ერთი საწუხარი იარაღია. ამ მხრივ ნაკრების წევრებს არა უჭირთ და არც ამბობენ საყვედურს, მაგრამ აი, სხვებისთვის კი ეს პრობლემაა. ინვენტარი მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციამაც შეუძინათ 4 მშვილდი ბავშვებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითაც ყიდულობენ (ძირითადად - ნახმარს, უცხოეთში), მაგრამ ეს მაინც არაა საკმარისი. ასე თუ ისე, ყველა სპორტსმენი დაკმაყოფილებულია, მაგრამ მაინც ისეთი ვითარებაა, ერთი მშვილდიც რომ გატყდეს ან დაზიანდეს, უკვე დეფიციტი შეიქმნება. ხარაზი ამ პრობლემის მოგვარებასაც დაგვპირდა - მისი სამსახური აპირებს, საგაისო ბიუჯეტში სპორტული ბაზების ინვენტარიზაციის ხარჯებიც ჩასვას.

სტადიონის ტერიტორიაზე არის რამდენიმე შენობა, სადაც მოკლე დარბაზებია, მაგრამ იქ ვარჯიში გაჭირვებისაა, ლამის მიტოვებულ შენობებში ელემენტარული ინფრასტრუქტურაც არაა, მხოლოდ ფარს თუ დადგამ და თავზე არ დაგაწვიმ-დაგათოვს. მწვრთნელებმა ერთი პატარა, დაახლოებით 4-5 მეტრი სიგრძის ოთახი მაჩვენეს, ზამთარში აქაც ვისვრითო. იქ მხოლოდ ხელს თუ გაავარჯიშებს მშვილდოსანი, სროლა რომ არ დაავიწყდეს, თორემ ეს ნამდვილად ვერ იქნება სრულფასოვანი წვრთნა. არაფერს ვამბობ გათბობაზე - შეშის ღუმელზე არიან დამოკიდებულნი. არადა, ამ პირობებში ნამზადები გოგოებისგან ოლიმპიადის ლიცენზიებს და წარმატებებს ველოდებით, რასაც ახერხებენ კიდეც. მაგალითად, წლეულს ევროპის ზამთრის ანუ დარბაზების პირველობა მოიგეს, წინა წლებში კი ამავე შეჯიბრებაზე ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს.

წინა წლებში აქვე ემზადებოდა ქრისტინე ესებუაც, რომელიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ხათუნა ნარიმანიძე თავიდან ბოლომდე ამ ბაზაზეა დამოკიდებული. არადა, ის წლევანდელ მსოფლიოზე მერვე იყო, ერთხელ ამავე პირველობაზე მეხუტე ადგილიც მოიპოვა, პეკინის ოლიმპიადაზე კი საუკეთესო ევროპელი მშვილდოსანი გახდა.

ბაზაზე ჩემი სტუმრობისას მხოლოდ ახალგაზრდები ვარჯიშობდნენ, რადგან მსოფლიოს პირველობიდან დაბრუნებული ქალთა ნაკრების წევრები - ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე ჯერ ისევ თბილისში იყვნენ. ვარჯიშს თამაზ ფუტკარაძე, თემურ გორგოშაძე და გურამ ბასილაძე ატარებდნენ. მოგვიანებით სპორტსმენებს ვაჟთა ნაკრების ლიდერი ტარიელ ქადიძეც შემოუერთდათ. მწვრთნელთა თქმით, კონტიგენტს კიდევ არა უშავს, თუმცა უკეთესიც იქნებოდა, ცოტა მეტი დაინტერესება რომ იყოს. ლაპარაკია ფინანსებზე - სხვა თუ არაფერი, სავარჯიშოდ ტრანსპორტის ფული ხომ მაინც სჭირდებათ! არადა, მოზარდებში დაინტერესება არის, მაგრამ როცა პერსპექტივას ვერ ხედავენ, ინტერესიც უქრებათ.

სასურველია, ნაკრებში მოხვედრის სისტემაც უფრო დაიხვეწოს და იმატოს შეჯიბრებათა რაოდენობამაც, განსაკუთრებით - ბავშვთა შორის. თუმცა, ეს უკვე ზოგადად საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის მოსაგვარებელი პრობლემაა, ბაზას კი ერთობლივად უნდა მიხედონ ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული