ბათუმის, თბილისისა და ქუთაისის ნაკრებებით მონაწილეობდა ქართული მხარე. წლეულს ჩამოსვლა ვერ მოახერხეს თურქებმა, იმავე პერიოდში თავად მასპინძლობდნენ მსოფლიოს თასის ფინალს და მთელი ყურადღება იქ გადაიტანეს. მით უფრო, იმ შეჯიბრებაში თურქთა ქართველი მსროლელი ნატო ნასარიძეც მონაწილეობდა, უიმისოდ კი სხვების აქ ჩამოსვლა გამორიცხული იყო.
შეჯიბრების კალენდარი მთლად მისაღები არც მასპინძელთათვის
თურქულ-ქართული დანაკლისის მიუხედავად, ბათუმის ტურნირი მაინც წარმომადგენლობითი გამოდგა - ქალთა ტურნირში 16, ვაჟებში კი - 37 მონაწილე გამოდიოდა. მასპინძელთა შესუსტებული შემადგენლობის ფონზე უფრო სტუმრებმა იყოჩაღეს, რაც ამ პირობებში დიდად გასაკვირი არც იყო.
ჩვენთვის მთავარი მოულოდნელობა ნარიმანიძის მესამეზე დარჩენაა, თორემ ვაჟებში დიდ წარმატებას არც ველოდით. ნარიმანიძე ნახევარფინალში აზერბაიჯანელ სვეტლანა სიმონოვასთან დამარცხდა და საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა, ის მოგება კი არც სიმონოვას შერჩა - ფინალში სომეხ ნუნე ვასილიანთან წააგო.
ვაჟებში ყველაზე უკეთ აზერბაიჯანელებმა ისროლეს, ჩვენები კი უმედლოდ დარჩნენ. მასპინძელთაგან ყველაზე უკეთ ბათუმელი ტარიელ ქადიძე გამოვიდა. მან ბრინჯაოსთვის იბრძოლა, მაგრამ სომეხ ვასილ შახნაზარიანთან დამარცხდა. ფინალში აზერბაიჯანელები გავიდნენ - რომან ვენგეროვმა დიმიტრი დანკოვს აჯობა.
ახლო მომავალში რამდენიმე ტურნირი კიდევ გველოდება. 1 ოქტომბერს ქალთა ეროვნული ნაკრები უცვლელი სამეულით - ესებუა, ნარიმანიძე, დიასამიძე ლონდონში მიემგზავრება, სადაც 2-10 ოქტომბერს ოლიმპიურ ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას.
ეს შეჯიბრება ოლიმპიურ სასროლეთზე გაიმართება და უფრო მასპინძელთათვისაა განკუთვნილი - მიზნად არენის შემოწმებას ისახავს, მაგრამ სპორტსმენებსაც სურთ ადაპტაცია გაიარონ მომავალ ოლიმპიურ არენაზე. ქალთა ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება, თუმცა სრული, სამკაცა გუნდით მხოლოდ 16 ნაკრებია მიწვეული - საქართველო, ჩინეთი, კოლუმბია, დანია, ესპანეთი, მასპინძელი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კორეა, მალაიზია, პოლონეთი, რუსეთი, შვეიცარია, უკრაინა, აშშ.
არიან ქვეყნები, რომლებსაც 1 ან 2 მონაწილე ეყოლებათ. შემდეგ კიდევ ერთი შეჯიბრებაა - 19-24 ოქტომბერს ერევანში ტრაგიკულად დაღუპული ნუნე ბაგრამიანის სახელობის მემორიალი.
თუმცა იქ, სავარაუდოდ, უფრო აჭარის წარმომადგენლები წავლენ, ეროვნული ნაკრების კანდიდატები კი იმ დროს, ალბათ, კორეაში იქნებიან შეკრებაზე,რაც მხოლოდ ქალთა ნაკრებზეა გათვლილი და კორეელ მთავარ მწვრთნელ ან ჰიუნ სანს იქ ორთვიან შეკრებაზე სურს წასვლა, თუმცა ჯერჯერობით ერთი თვის სამყოფი ფულია გამოძებნილი. დაფინანსება სრული გუნდისთვის თუ ვერ მოხერხდება, ესებუას მაინც გააგრძელებინებენ ვარჯიშს და ის სეულში მზადების ორთვიან ეტაპს გაივლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"