ცოტა უცნაური სიტუაციაა - ლობჟანიძეს ოლიმპიადაზე გამოსვლა შეუძლია, ბევრად დაბალი რანგის სალიცენზიო ტურნირებში - არა. ამ რებუსის გასაღები იმაშია, რომ საერთაშორისო ფედერაციების გავლენა თამაშებზე არ ვრცელდება, რადგან მას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ატარებს, მისი დებულება კი
ლობჟანიძე უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ზუსტად ორი წელიწადი მათი სახელით უცხოეთში არსად გამოსულა. ამდენად, ამ ორწლიან მოთხოვნას კი აკმაყოფილებს, მაგრამ ვერ იასპარეზებს სალიცენზიო ტურნირებში.
სავარაუდოდ, მისთვის მოქალაქეობის მინიჭება დროში არ გაიწელება - ფედერაციის ხელმძღვანელობას თუ სპორტის მმართველთ ამ პროცესის დაჩქარება არ გაუჭირდებათ, მაგრამ დღესვეც რომ მისცენ, ერთწლიან ვადებში მაინც ვერ ეტევა და ვერც სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოვა.
ამის მიუხედავად, ლონდონში გამოსვლის შანსი მაინც რჩება, თუ ჩვენები სამივე გუნდურ საგზურს მოიპოვებენ (შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ერთი გვაქვს, რომელიც მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალთან ერთად ქრისტინე ესებუამ მოინადავლა). ამ შემთხვევაში მონაწილის შეცვლა ეროვნული ფედერაციის პრეროგატივაა, რადგან საგზურს ფედერაცია იღებს და არა - სპორტსმენი, მაგრამ აქ საქმეში უკვე ჩვენი ნაკრების კორეელ მწვრთნელ ან ჰიუნ სანის პირადი პოზიცია ერევა - მისი თქმით, ოლიმპიადაზეც ის წავა, ვინც ლიცენზიას მოიპოვებს და მონაწილეს არ შეცვლის.
ადამიანურად კორეელის პოზიცია გასაგებია - მართლაც ძნელია, არ წაიყვანო ის, ვინც საგზურს გაინაღდებს და მის ნაცვლად სხვა დააყენო; ეს მართლაც დიდი მორალური დარტყმა იქნება, მაგრამ ერთია პირადი მომენტი და მეორე - გუნდის ინტერესები. იქნებ ისე გამოგვდის, ბავშვის დაბადებამდე სახელზე რომ მსჯელობენ - ჯერ ის ორი ლიცენზიაა მოსაპოვებელი, მაგრამ, იმედია, ამასაც შევძლებთ. ვფიქრობთ, მაშინ ამ საკითხზე ფედერაციასა და ნაკრებში მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება და არ გამოვრიცხავთ, კორეელმა პოზიციაც შეიცვალოს.
მოკლედ, ლობჟანიძეს ჯერ კიდევ რჩება ოლიმპიადაზე ჩვენი სახელით გამოსვლის უფლება, მაგრამ მანამდე ან ჰიუნ სანმა ის კორეაში წამსვლელი ოთხეულიდან ამოაგდო.
შეგახსენებთ, რომ მას ქალთა ნაკრები იქ ორთვიან შეკრებაზე მიჰყავს და შემადგენლობაში ესებუასთან, ხათუნა ნარიმანიძესა და ასმათ დიასამიძესთან ერთად ლობჟანიძეც იყო, მაგრამ ახლა მის ნაცვლად ნათია ცინცაძეს უხმო. ჩვენები კორეაში, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრებიან, რადგან მანამდე საბუთების მოგვარება ვერ მოესწრება.
ზემოთქმულის მიუხედავად, ლობჟანიძის გადმოყვანის საკითხი დღის წესრიგიდან მაინც არ მოხსნილა - ჩვენებს სჯერათ მისი შესაძლებლობის, სჯერათ ისიც, რომ სჭირდება ნაკრებს და აქცენტს 2016 წელს გასამართ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე აკეთებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"