გამარჯვება 20 წლის შემდეგ

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ასკ-ს დარბაზმა მშვილდოსნობაში საქართველოს პირველობას უმასპინძლა, რომელშიც ქვეყნის 30-მდე ჩუბინი მონაწილეობდა. როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ტურნირი მოულოდნელი შედეგებით დამთავრდა.

ქალთა შორის ნაკრების სამივე უცვლელი წევრი გამოდიოდა - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, თუმცა გამარჯვება სულ სხვას დარჩა - ბათუმელ ლანა ვერულიძეს, რომელიც სპორტს 20-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

მან შესარჩევ ეტაპზეც კარგად ისროლა და 563 ქულით საუკეთესო იყო. 554-ით მეორეზე ნარიმანიძე გავიდა, მესამეზე - დიასამიძე 543-ით.

სამწუხაროდ, ესებუამ სუსტად ისროლა და მხოლოდ მეხუთე შედეგი აჩვენა, მას
ბათუმელმა ნათია ცინცაძემაც გაუსწრო და პლეი ოფშიც ნაადრევად გამოეთიშა ბრძოლას.

ნახევარფინალში მეტოქეები ასე დაწყვილდნენ: ვერულიძე-ცინცაძე და დიასამიძე-ნარიმანიძე. ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელად, დიასამიძემ იოლად დასძლია ნარიმანიძის წინააღმდეგობა - სამივე სეტში დაამარცხა და 6:0 მოუგო. ვერულიძეს უფრო გაუჭირდა ცინცაძესთან გამარჯვება - 7:3 აჯობა.

ფინალიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ვერულიძემ 6:4 გაიმარჯვა, აი, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი დრამატულად წარიმართა ნარიმანიძესა და მის პირად მოსწავლე ცინცაძეს შორის - შეგირდმა მასწავლებელს ბევრი არაფერი დაუთმო, თუმცა მაინც უმედლოდ დარჩა. ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა - 5:5, დამატებით სროლაში ორივემ 9-იანში გაარტყა, მაგრამ ნარიმანიძის ისარი 10-იანთან უფრო ახლოს იყო და ბრინჯაოც მას ერგო.

ვაჟთა შედეგები კვლავაც ვერ იყო საერთაშორისო სტანდარტებს მიახლოებული. აქ სამივე მედალი თბილისელმა მსროლელებმა მოიპოვეს - ჩემპიონი ლაშა ფხაკაძე გახდა, მეორეზე გიორგი მეჟევიძე გავიდა, მესამეზე - დავით ჭელიძე. ეს ბიჭები ჯერ კიდევ ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიან და ლიდერები დღემდე სხვები იყვნენ, თუმცა მიზეზთა გამო, ისინი ამჯერად შეჯიბრში არ მონაწილეობდნენ.

ვერულიძის გამოსვლამ ნაკრების კორეელ მწვრთნელს მნიშვნელოვანი ცვლილებისკენ უბიძგა - ისიც შეიყვანა იმ გუნდში, რომელიც ნოემბერში მშობლიურ კორეაში ორთვიან შეკრებაზე მიჰყავს.

ამდენად, იქ უკვე 5 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება - ესებუა, ნარიმანიძე, ვერულიძე, დიასამიძე და ცინცაძე. კორეელის ხელში ვერულიძეს მესამედ მიეცა შანსი და კვლავაც წარმატებით გამოიყენა.

აქამდე მან ორჯერ ანთალიაში იასპარეზა - ერთხელ ევროპის, მეორედ კი მსოფლიოს თასზე და ორივეჯერ ჩვენს გუნდში მეორე იყო ნარიმანიძის შემდეგ. თან პირველად ძალიან ახლოს მივიდა ოლიმპიურ ნორმატივთან. მისასალმებელია, რომ ის, როგორც იქნა, გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, რაც კონკურენციას გაზრდის. ამ მხრივ კიდევ უფრო დაგვეხმარება იულია ლობჟანიძე, უკრაინიდან მისი გადმოყვანა კიდევ თუ არ შეფერხდა. შეგახსენებთ, რომ მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის წესდებიდან გამომდინარე, ლონდონში მისი მოხვედრა ლამის გამორიცხულია, მაგრამ ნაკრებს ოლიმპიადის გარდა ხომ არაერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრი ელოდება.

კორეაში ჩვენი გუნდი დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრება, როცა სავიზო პრობლემები მოგვარდება, ეს პროცესი კი წარმატებით მიმდინარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლანა ვერულიძეს უდიდესი შანსი აქ ლიცენზიის მოპოვების და საქართველოს მსოფლიო ასპარეზე გამოჩენის უდიდესი შანსი მიეცა!!!!! არ გაუშვათ ეგ შანსი ხელიდან !!!! წარმატეტები 20 წლის მერე დაბრუნებულ 2 შვილის დედას!!!
ლეო
23:58 01-11-2011
0

სიახლეები პოპულარული