ჩვენი მშვილდოსნები შეჯიბრებისთვის ბათუმში ემზადებიან, შანხაიში კი 28 აგვისტოს გაფრინდებიან. 31-ში ოფიციალური ვარჯიშია, 1-ელ სექტემბერს კი საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 2-ში პლეი ოფებია პირად პირველობაში და იმავე დღეს ფინალისტები გამოვლინდებიან. 3-ში პლეი ოფები უკვე გუნდურ შეჯიბრებაშია და საქმე იქაც ფინალამდე მივა, ტურნირის დასკვნით დღეს - 4 სექტემბერს კი გაიმართება ფინალური შეხვედრები ოქროსა და ბრინჯაოს მედლებისთვის როგორც პირადში, ასევე გუნდურში და შერეულ წყვილებში. მედალოსანთა ვინაობასაც იმ დღეს გავიგებთ.
ამით ჩვენი ნაკრები წლევანდელი სეზონის ძირითად ნაწილსაც დაასრულებს. უფრო სწორად, საერთაშორისო კალენდრით გათვალისწინებული უმთავრესი შეჯიბრებები მთავრდება, ჩვენები კი ადგილობრივ ტურნირებში ან სამეზობლოში გამართულ შეჯიბრებებში მოსინჯავენ ძალებს. მათთვის მთავარი მაინც მომავალი სეზონია, რადგან 2-10 ივლისს ტურინი სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ადრეც გაცნობეთ, რომ ამჯერად ლონდონის ოლიმპიადის საგზურები საკმაოდ განსხვავებული სისტემით გაიცემა. თუ ადრე აქცენტი ძირითადად პირად პირველობაზე კეთდებოდა - ჯერ პლეი ოფში გასული 64-ვე მონაწილე იღებდა მას, მერე - 44, ამჯერად მთავარი ყურადღება გუნდურ პირველობაზე გადადის - მსოფლიოს პირველობის რვა საუკეთესო გუნდის ყველა წევრი მიიღებს ლონდონში გამოსვლის უფლებას. თუ ამ რვა გუნდს შორის ოლიმპიადის მასპინძელი ბრიტანელებიც მოხვდნენ (რომლებსაც ლიცენზიები ავტომატურად ეძლევათ), მაშინ მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილებზე გასულებისთვის ცალკე ტურნირი ჩატარდება. სწორედ მისი გამარჯვებული იქნება ის მერვე გუნდი, რომელიც ასევე მიიღებს ლონდონში ასპარეზობის ნებას. საგზურების გარკვეული რაოდენობა გაისად სხვა ტურნირებზეც გაიცემა და 2012 წელსაც, მაგრამ ძირითადი მასა მაინც ტურინში დარიგდება. ამიტომ მსოფლიოს პირველობა ორმაგ დატვირთვას იძენს. იმედია, საგაისო სეზონი ჩვენი მშვილდოსნობისთვისაც გარდამტეხი იქნება, რადგან ძირეული რეფორმები იგეგმება - კორეელი მწვრთნელ-კონსულტანტისა და პოლონელი ფსიქოლოგის ჩამოყვანა. ორივე სპეციალისტი ნამდვილად საჭიროა გუნდში და, იმედია, წაადგებიან კიდეც ნაკრებს.