ლუბა გოლოვინამ ლონდონი გაინაღდა

AutoSharing Option
გუშინ სასიხარულო ცნობა მივიღეთ ლონდონიდან - ბატუტზე მხტომელთა სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირზე თბილისელმა ლუბა გოლოვინამ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა.

შარშან ბრიტანულ ბირმინგემში გამართულ ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ლონდონის ოლიმპიადის 8 საგზური გათამაშდა. მათი მფლობელები გახდნენ ჩინელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ჰი ვიენა, მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი და სინქრონულ ხტომებში ოქროს მედლის მფლობელი როსანა მაკლენანი (კანადა), მსოფლიოს ჩემპიონი ლი დანი (ჩინეთი), ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი კარენ კოკბურნი (კანადა) ტატსიანა პიატრენია (ბელრუსი), ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ანა დოღონაძე (გერმანია),
სავანა ვინსანტი (აშშ) და კატერინა დრისკოლი (დიდი ბრიტანეთი).

იმ სპორტსმენებს, რომლებმაც ბირმინგემში IX-XXIII ადგილები დაიკავეს, 13 იანვარს ლონდონში სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება მიეცათ დარჩენილი 8 საგზურის მოსაპოვებლად. მათ შორის პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსან ლუბა გოლოვინასაც. გუშინ, მათ გარდა, ტურნირზე უკონკურსოდ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსნები და ბრიტანელი სპორტსმენი დაუშვეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 14 ქვეყნის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა. შესანიშნავად იასპარეზა ლუბა გოლოვინამ. სავალდებულო პროგრამის შემდეგ იგი მხოლოდ ჰი ვიენას ჩამორჩებოდა. ნებისმიერი პროგრამით მეექვსე იყო! ორი ვარჯიშის ჯამში 100.780 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, რითაც ფინალში გამოსვლის უფლება და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ ეტაპზე წელის ტკივილმა კვლავ შეახსენა თავი და გოლოვინაც 47.645 ქულით მე-8 ადგილს დასჯერდა, კონკურსში მონაწილეთაგან კი მეხუთე იყო. ჰი ვიენა, რომელმაც კვალიფიკაციაში ყველას გაუსწრო, ფინალში 51.505 ქულით VII ადგილზე გავიდა. I-VI ადგილები კი ასე განაწილდა: 1. როსანა მაკლენანი (54.520), 2. ანდრეა ლენდერსი (ჰოლანდია, 54.050), 3. ანა რენტე (პორტუგალია, 54.035), 4. კატერინა დრისკოლი (დიდი ბრიტანეთი, 534.730), 5. გალინა გონჩარენკო (რუსეთი, 53.365), 6. ზიტა ფრიდრიხოვა (ჩეხეთი, 52.305).

- ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლუბა გოლოვინას წელი სტკიოდა და ინტენსიურად მკურნალობდა. საასპარეზოდაც გამაყუჩებლებით გავიდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ტიტულოვან სპორტსმენებთან პაექრობაში დაკავებული IV ადგილიც დიდი გამარჯვებაა, რაც თბილისელი სპორტსმენის სულიერ სიმტკიცეზე მიუთითებს.

გადამწყვეტი შეჯიბრების წინ იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ლუბას, რომელმაც მთავარი საქმე გააკეთა, ფინალში არ ეასპარეზა, მაგრამ თავად ითხოვა ბატუტზე გასვლა და მის სურვილს არ შევეწინააღმდეგეთ. წელმტკივანმა კარგად შეასრულა მთელი ვარჯიში, თუმცა ბოლო ელემენტისას სადაზღვევო ლეიბს შეეხო და VIII ადგილი ხვდა. ყოველივეს მიუხედავად, მთავარი მიზანი შესრულებულია - ლუბა გოლოვინა ოლიმპიურ თამაშებში მეორედ იასპარეზებს, - გვითხრა ბატუტზე მხტომელთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული