გუშინ შანხაიში ოფიციალური ვარჯიში გაიმართა, ტურნირი კი დღეს გაიხსნება საკვალიფიკაციო შეჯიბრებით. ამის შემდეგ ყველაფერი ტრადიციულად წარიმართება - შესარჩევში გამოვლენილი პლეი ოფის მონაწილენი ხვალ ასევე ინდივიდუალურ პირველობაში იასპარეზებენ, ზეგ - გუნდურში. ორივე დღეს შეჯიბრებები ნახევარფინალების ჩათვლით გაიმართება, ანუ გამოვლინდებიან ოქროსა და ბრინჯაოს მედლებისთვის მებრძოლი წყვილები, ფინალური სროლები კი 4 სექტემბერს გაიმართება და ამით მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშებაც დასრულდება.
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მშვილდოსნებისთვის მთავარი მაინც 2011-2012 წლების სეზონია, როცა ლონდონის ოლიმპიადის საგზურები გათამაშდება. გაისად ლიცენზიები 2-10 ივლისს იტალიურ ტურინში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცემა, ოღონდ ადრინდელთან შედარებით ბევრად რთული სისტემით - თუ აქამდე ძირითადი ყურადღება პირად პირველობას ექცეოდა, ამიერიდან მთავარი განმსაზღვრელი გუნდური შეჯიბრება იქნება. ტურინში საგზურს საუკეთესო რვა გუნდი მიიღებს - სამივე წევრზე, მაგრამ თუ ამ ოქტეტში ბრიტანელებიც მოხვდებიან (არადა, ამის შანსი დიდია), მაშინ ვითარება კიდევ უფრო აირევა. მოგეხსენებათ, მასპინძლებს ისედაც ეძლევათ ოლიმპიდაში მონაწილეობის უფლება და საამისოდ ლიცენზიები არ სჭირდებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში საგზურს ავტომატურად მომდევნო - მეცხრე გუნდი კი არ მიიღებს, არამედ IX-XVI ადგილებზე გასულებს შორის ცალკე ტურნირს ჩაატარებენ. სწორედ მისი გამარჯვებული აღმოჩნდება ის მერვე ბედნიერი ნაკრები, რომლის სამივე წევრიც ლონდონში ისვრის. ვისაც ბედი გაისად ხელი მოეცრება, მათ ბედი 2012 წელს უნდა სცადონ - რეგიონულ პირველობებზე, ცალკეული კონტინენტების თუ საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ სალიცენზიო ტურნირებში. ამასთან, არის ველური ბარათებიც, თუმცა ვიმედოვნებთ, ჩვენები ლონდონში გამოსვლის უფლებას ბრძოლით მოიპოვებენ.