თუმცა მათ შორის არ არიან მსოფლიოს მშვილდოსნობის უპირობო ლიდერები - კორეა და ჩინეთი. ალბათ იმიტომ, რომ ეს პირველობა დარბაზში ანუ არაოლიმპიურ, 30-მეტრიან დისტანციაზე ტარდება, ისინი კი ლონდონის ოლიმპიადისთვის ემზადებიან. ქალთა ტურნირში 16 ქვეყნის მშვილდოსანი გამოვა, ოღონდ სრულყოფილი გუნდით - სამი მონაწილით, სულ 8 მათგანი იქნება.
ამ ტურნირში საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრები გამოდის უცვლელი შემადგენლობით: ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე. ლას ვეგასში შეჯიბრებები ჩვენთვის მეტად მოუხერხებელ
საკვალიფიკაციო ეტაპიც სამშაბათს ღამით დაიწყო, სადაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ესებუა - 584 ქულით მეორეზე გავიდა.
ამდენივე ქულა დააგროვეს რუსმა ქსენია პეროვამ და შვედმა კრისტინა ბიერენდალმა, თუმცა რუსს ამათზე მეტი ათიანი აღმოაჩნდა და პირველობაც გაინაღდა, აი, ესებუასა და შვედს კი არა მარტო ეს მაჩვენებელი, არამედ ე.წ. უფრო ახლო ათიანები და ცხრიანებიც კი თანაბარი ჰქონდათ, თუმცა მეორეზე მაინც ესებუაა. გამარჯვებული სამეულის მიერ ნაჩვენები 584 ქულა საკმაოდ ჩამორჩება ამგვარი ტურნირებისთვის სარეკორდო 592 ქულას, რაც 2009 წელს ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა ბერენჟერე შუმ დააგროვა პოლონეთში.
ესებუამ საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე სერია სტაბილურად ჩაატარა, თუმცა განსაკუთრებით კარგად მეორეში გამოვიდა - პირველში თუ მეშვიდე იყო, დასკვნით ფაზაში მხოლოდ ახალბედა რუს დინარა იანბარისოვას ჩამორჩა და 294 ქულით მეორე შედეგი აჩვენა. ნარიმანიძემ 562 ქულა დააგროვა და 21-ზე გავიდა, დიასამიძე კი 548 ქულით 31-ზე აღმოჩნდა, ეს კი პლეი ოფში ესებუასთან შეხვედრას ნიშნავს.
შეჯიბრებაში სულ 34 მანდილოსანი ასპარეზობს, ამიტომ პლეი ოფში 32 გადის და ასპარეზობებიც 1/16-ედ ფინალიდან გაგრძელდება.
ქართველებიც ამიტომ დაწყვილდნენ. ნარიმანიძე პლეი ოფში იტალიელ გვენდელინა სარტორის დაუპირისპირდება, თურქეთის სახელით მოასპარეზე და შესარჩევში 560 ქულით 25-ზე გასული ევროპის ჩემპიონი ნატო ნასარიძე - უკრაინელ კატერინა პალეკნას. პლეი ოფები წუხელაც გვიან ღამით დაიწყო და მაზე ხვალ გაცნობებთ. წუხელ ფინალისტები და ბრინჯაოსთვის მებრძოლი წყვილები გამოვლინდებოდნენ, ფინალური შეხვედრები კი უკლებლივ ყველა დისციპლინაში ხვალ, 9 თებერვალს ჩატარდება.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეექვსე აღმოჩნდა. ბედმა მათ კვლავ იტალია არგუნა, რომელშიც ერთი ცვლილებაა იმასთან შედარებით, რომლითაც შარშან ავადსახსენებელ მსოფლიოს საზაფხულო პირველობაზე დაგვიპირისპირდა - ჯესიკა ტომასი ელენა ტონეტამ შეცვალა, სარტორი და მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურში ნატალია ვალეევა კი კვლავაც შემადგენლობაში არიან. მათთან წარმატების შემთხვევაში ჩვენები თურქეთსა და აშშ-ს შორის მოგებულს შეხვდებიან.
გუნდურ ასპარეზობაში პლეი ოფები დღეს ღამე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შარშან ტურინში გამართულ მსოფლიოს ზემოხსენებულ პირველობაზე სწორედ იტალიელებთან გაიმართა ის სკანდალური შეხვედრა გუნდურ ჩათვალში, როცა ქართველ მანდილოსნებს მოგებული შეხვედრა გადაათამაშებინეს, მისი წაგების შემდეგ კი უკვე განაღდებული ორი ოლიმპიური ლიცენზია დავკარგეთ, რომელიც წლეულს უნდა ვეძებოთ ისევ აშშ-ში გასამართ სალიცენზიო შეჯიბრებაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"