სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზით ბათუმელთა ნაწილმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა და მათგან ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. აჭარის გარდა, რეგიონებიდან ქუთაისისა და ასპინძის თითო-ოროლა მშვილდოსანიც გამოდიოდა, დანარჩენები კი თბილისს წარმოადგენდნენ.
მოისართა უმრავლესობა ახალგაზრდებში გამოდიოდა, თორემ უფროსებში ქალებშიც და კაცებშიც მხოლოდ სამ-სამი სპორტსმენი ისროდა.
შესაბამისად, გამარჯვებულებიც იოლად გამოვლინდნენ. ცხადია, ქალებში მსოფლიოს თბილისელმა ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ იპირველა, მეორეზე ასევე ნაკრების წევრი ასმათ დიასამიძე გავიდა აჭარიდან, მესამე კი ასევე ზღვისპირელი ნათია ცინცაძე იყო.
ვაჟებში სამივე
ახალგაზრდებს უფრო დაეტყოთ კორეელი მწვრთნელის შეკრებები და ხელი. განსაკუთრებით - ბიჭებს, რომლებმაც შედეგებსაც მოუმატეს და მწვრთნელი მათზე უკვე გარკვეულ გათვლებსაც აკეთებს. მათი უფროსთა ევროპის ჩემპიონატზე გაგზავნაც იგეგმება იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წლით უფროსებთან მოუწევთ პაექრობა.
ამჯერად დუშეთში ირაკლი ქვლივიძემ გაიმარჯვა, მეორეზე გიორგი წიბლიაშვილი გავიდა, მესამეზე - ლაშა ფხაკაძე. ამათგან ქვლივიძე და ფხაკაძე ახალგაზრდული ნაკრების წევრებად მოიაზრებიან. ამდენად, წიბლიაშვილის წარმატება აღსანიშნავია.
ამავე ასაკის გოგოებში ნინი მეკოშკიშვილმა გაიმარჯვა, თეონა კუტალაძემ ვერცხლი მოიპოვა, ქეთევან მაკარაშვილმა - ბრინჯაო.
სპეციალისტებისთვის უცხო არც მეკოშკიშვილია, თუმცა ამ ასაკის გოგოების უდაო ლიდერად კუტალაძეა მიჩნეული, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამჯერად ჩემპიონობა სხვას დაუთმო. აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდებში გოგოებშიც და ბიჭებშიც ყველა მედალოსანი თბილისელია.
4 მარტს ჩვენი მშვილდოსნები მადრიდში გაფრინდებიან, სადაც ოლიმპიურ ბაზაზე ერთთვიან შეკრებას გაივლიან. იქ სულ 10 კაცი გაემგზავრება, ამათგან 8 - სპორტსმენი. კორეელ მწვრთნელ ან ჰიუნ სანს ესპანეთში ქალებთან ერთად ბიჭების ნაკრებიც მიჰყავს: ესებუა, დიასამიძე, ცინცაძე, ხათუნა ნარიმანიძე, ლანა ვერულიძე, ქვლივიძე, ფხაკაძე და თორნიკე რიჟამაძე.
ჩვენები მადრიდში ზუსტად ერთი თვე ივარჯიშებენ, მერე კი შანხაიში გაემგზავრებიან და 10-15 აპრილს მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე გამოვლენ. სავარაუდოდ, ანალოგიური რანგის ტურნირზე ისინი 1-6 მაისსაც ისვრიან, ოღონდ უკვე ანთალიაში, სადაც ამ შეჯიბრების მეორე ეტაპი გაიმართება, 21-26 მაისს კი ამსტერდამში ევროპის პირველობაა.
იქ ლონდონის ოლიმპიადის სამი ლიცენზიაც თამაშდება (ცხადია, ადგილმონაცვლეობის პრინციპის გათვალისწინებით, ანუ თუ ამ სამეულში უკვე ლიცენზირებული სპორტსმენი მოხვდება, სალიცენზიო ჩათვლიდანაც ამოვარდება და მის ადგილს მომდევნო უსაგზურო დაიკავებს), თუმცა ჩვენებისთვის მთავარი სალიცენზიო შეჯიბრება 17-23 მაისს ამერიკულ ოგდენში გასამართი მსოფლიოს თასის მესამე ეტაპია. იქ გუნდურ სამეულში შესვლა ლონდონში სამი მონაწილით გამოსვლის უფლებას მოგვცემს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"