ქართველი მშვილდოსნები შეკრებაზე მადრიდში

AutoSharing Option
ქართველი მშვილდოსნები უკვე მადრიდში არიან, სადაც ოლიმპიური მზადების ცენტრში 6 მარტიდან ერთთვიან შეკრებას დაიწყებენ.

ნაკრების კორეელმა მწვრთნელმა ან ჰეიუნ სეუნმა ესპანეთში ქალთა გუნდიც გაფართოებული შემადგენლობით წაიყვანა და ამჯერად თან ვაჟებიც გააყოლა. მათ აქამდე შეკრებებით და შეჯიბრებებით არ ანებივრებდნენ, თუმცა ახალმა თაობამ შედეგებს იმდენად მოუმატა, კორეელი მათ წაყვანას სალიცენზიო ტურნირზე - ევროპის პირველობაზეც აპირებს.

მადრიდში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე, ნათია ცინცაძე, თორნიკე რიჟამაძე, ირაკლი ქვლივიძე და ლაშა ფხაკაძე ივარჯიშებენ. ისინი თბილისში 4 აპრილს დაბრუნდებიან, 2
დღით ადრე კი ლვოვიდან საქართველოში იულია ლობჟანიძეც ჩამოვა. მისი ჩამოყვანა მარტის დასაწყისშივე იგეგმებოდა, თუმცა კიდევ ერთი თვით გადაიწია. სამაგიეროდ, ფედერაცია უკვე ბილეთსაც დაუჯავშნავს და, იმედია, ეს სერიალივით გაწელილი საქმეც ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.

საქართველოში დაბრუნებული ნაკრები მალევე ჩინეთში გაფრინდება, სადაც 10-15 აპრილს შანხაიში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე გამოვა. ამას 21-26 მაისს ამსტერდამში გასამართი ევროპის ჩემპიონატი მოსდევს, სადაც ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება, ოღონდ ჩვენგან საგზურებისთვის მხოლოდ ვაჟები თუ იბრძოლებენ, რადგან ქალთა გუნდმა ერთი საგზური უკვე მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ქალებს დამატებითი ლიცენზიების მიღება 18-24 ივნისს ამერიკულ ოგდენში გასამართ მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე შეეძლებათ. იქ საგზურების მაძიებელთათვის ცალკე ჩატარდება გუნდური ტურნირი და სამეულში შესულები ლონდონში გამოსვლის უფლებას მოიპოვებენ.

ვფიქრობთ, ძალიან უცნაური წესია ის, რომ რეგიონულ პირველობაზე ლიცენზიისთვის ვეღარ იასპარეზებენ ჩვენს დღეში მყოფი ფედერაციები ანუ რომლებსაც უკვე აქვთ ერთი საგზური. ამ გუნდებს მეტის მოპოვების უფლება არც მსოფლიოზე მისცეს პირად პირველობაში, თორემ მაშინ ნარიმანიძეც შევიდა რვა საუკეთესოს შორის, მაგრამ ქვეყანას ერთზე მეტ ლიცენზიას არ აძლევდნენ, გუნდურში კი რაც დაგვმართეს იტალიელებთან, კარგად მოგეხსენებათ.

ერთი სიტყვით, ის გუნდები, რომლებიც მსოფლიოზე გუნდურში ვერ მოხვდნენ რვა საუკეთესოში, როგორღაც დაიჩაგრნენ - არც იქ მიეცათ მეტის საშუალება და რეგიონულ პირველობებზეც შეზღუდეს. ბარემ აქვე შეგახსენებთ ლიცენზირებულ ევროპულ გუნდებს - ბრიტანელებს, როგორც მასპინძლებს, სამივე საგზური ავტომატურად ეკუთვნით; ასევე სამ-სამი ლიცენზია აქვთ იტალიას, უკრაინას, რუსეთს და დანიას, თითო-თითო - საქართველოს, პოლონეთს, ბელარუსს და საფრანგეთს.

ეს გუნდები ამსტრედამში სალიცენზიო ტურნირში ვეღარ გამოვლენ ანუ ძალიან ბევრ ძლიერ მშვილდოსანს უმცირდება ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი. გასაგებია, რომ საერთაშორისო ფედერაციას გეოგრაფიის გაზრდა აინტერესებს, მაგრამ ნუთუ ხარისხი უმნიშვნელოა? მაგალითად, ამ პრინციპით ოკეანიიდან საგზურები ავსტრალიელმა ელისა ბარნარდმა და სამოელმა მაურეენ ტუიმალეალიფანომ მიიღეს.

საერთაშორისო ფედერაციას თუ ამ დონის სპორტსმენთა მაინცდამაინც ოლიმპიადაზე გაყვანა უნდა ნებისმიერი ფორმით, შეუძლია ისინი მაყურებლებად მიიპატიჟოს, თორემ სპორტულ პაექრობაში რომ შანსი არ აქვთ, ეს ხელმძვანელობამ ყველაზე უკეთ იცის. ალბათ, სპორტი სპორტსმენებს უნდა ეკუთვნოდეთ, ასეთი დონის ათლეტებმა კი ჯერ მათთან საპაექროდ კვალიფიკაცია უნდა აიმაღლონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული