ქართველი მშვილდოსნები შანხაიში მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე გამოვლენ

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა და ვაჟთა გუნდებმა დაასრულეს ერთთვიანი შეკრება მადრიდში, სადაც მასპინძელთა ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს.

ჩვენების კორეელმა მთავარმა მწვრთნელმა ან ჰეიუნ სანმა ესპანეთში ქალებთან ერთად ვაჟების წაყვანაც გადაწყვიტა, რადგან მათი პროგრესით კმაყოფილია და სურს, ისინი სალიცენზიო შეჯიბრებებშიც გამოიყვანოს.

ჩვენი გუნდები სამი დღეა, რაც დაბრუნდნენ მადრიდიდან, თუმცა სამშობლოში დიდხანს გაჩერება არ უწერიათ - 7 აპრილს შანხაიში გაფრინდებიან, სადაც 10-15 აპრილს მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი იმართება. იქ ქალებთან ერთად ვაჟებიც მიდიან.

კორეელის გადაწყვეტილებით ქალთა გუნდში ოთხი მშვილდოსანი შევიდა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა,
ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე
და ნათია ცინცაძე, ვაჟთა ღირსებას კი თორნიკე რიჟამაძე, ირაკლი ქვლივიძე და ლაშა ფხაკაძე დაიცავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ტრიო უფროსებში კი გამოდის, მაგრამ სამივე მათგანი ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

კორეელი მადრიდიდან მათი გარჯით კიდევ უფრო კმაყოფილი დაბრუნდა და აღნიშნავს, რომ ამ ბიჭებმა საგრძნობლად მოუმატეს. შედეგად, უახლოეს შეჯიბრებეში ქალებთან ერთად მათი წასვლაცაა დაგეგმილი - 1-6 მაისს ორივე გუნდი ანთალიაში გამოვა მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე, 21-26 მაისს ამსტერდამში ევროპის ჩემპიონატზე ისვრიან, 18-24 ივნისს კი ამერიკულ ოგდენში მსოფლიოს თასის მესამე ეტაპზე იასპარეზებენ.

სეზონის მთავარი შეჯიბრებაც ამერიკული ასპარეზობაა, სადაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურები გაიცემა - გუნდურ ჩათვლაში სამეულში შესვლაზე. ლიცენზიები ამსტერდამულ ევროპირველობაზეც გათამაშდება, ოღონდ მასში ჩვენგან მხოლოდ ვაჟები თუ გამოვლენ, ქალთა ნაკრებს კი რაკი ერთი საგზური უკვე აქვს (შარშან მსოფლიოსზე ესებუამ მოიპოვა), მონაწილეობა ეკრძალება.

ამდენად, ვაჟებს თუ ორი შანსი ეძლევათ, ქალებს ტურინში მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე უნამუსოდ წართმეული ლიცენზიების დაბრუნება მხოლოდ ოგდენში შეუძლიათ.

შანხაიში ოფიციალური ვარჯიში 10 აპრილს გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპი კი 11-ში ჩატარდება. მაშინვე გაირკვევიან პლეი ოფებისა და გუნდურ ტურნირის მონაწილეები. 12-ში პირადი პირველობის პლეი ოფები ჩატარდება და მედლებისთვის მებრძოლები გამოვლინდებიან. 13 აპრილს შეჯიბრება შერეულ წყვილებსა და გუნდურ ასპარეზობებში გაიმართება და იქაც მედლებისთვის მებრძოლ წყვილებამდე მივა საქმე, ფინალები კი 14-15 აპრილს ჩატარდება.

ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გამართავს ორკვირიან შეკრებას, რომლის დასრულების შემდეგაც ანთალიაში გაემგზავრებიან.

დასასრულს გეტყვით, რომ უკვე თბილისშია იულია ლობჟანიძე, რომლის უკრაინიდან გადმობარგების პროცესი საბოლოოდ დასრულდა.

უახლოეს დღეებში ფედერაცია საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართავს მისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, თავად ლობჟანიძე კი ჩვენს გუნდთან ერთად შეუდგება ვარჯიშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული