მსოფლიოს თასი: ჩინეთი ქართველი მშვილდოსნებისთვის დასრულდა

AutoSharing Option
შანხაიში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის პირველი ეტაპის პირად პირველობაში ფინალური წყვილები გამოვლინდნენ, ტურნირს კი ქართველები აღარ შემორჩნენ.

ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა გაისარჯა, რომელიც მერვედფინალში გავიდა. ჩვენებურმა პლეი ოფის პირველ წრეში პოლონელი პაულა ვიცზეჩოვსკა პირწმინდად დაჩაგრა - სეტებში 7:1 მოუგო, თუმცა პირველი სერია ფრედ დაასრულა - 27:27.

ბელარუსი ეკატერინა ტიმოფეევა შედარებით კერკეტი კაკალი გამოდგა - ჩვენებურს 0:2 ამოუქაჩა და ანგარიში გაუთანაბრა, თუმცა ნერვების თამაშში ესეც კარგი ყოჩაღია. შედეგად, ყველაზე საჭირო მომენტში შეძლო მობილიზება და დამატებითი, მეხუთე სეტი 28:25
მოუგო. სამაგიეროდ, ჩინელ ცი ლესთან ვერაფერს გახდა და 2:6 დათმო.

საკმაოდ ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა ასმათ დიასამიძემ - იტალიელი ელენა ტონეტა 7:1 დაამარცხა. ტონეტა იტალიელთა შედარებით ახალი კადრია, მაგრამ მაინც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთა გუნდის წევრია და ჩვენთვის ავადსახსენებელ იმ წარმატებაში (შეგახსენებთ - მაშინ იტალიელებმა ჩვენებთან წააგეს, მაგრამ შეხვედრა გადაათამაშეს, რომელიც იმათ მოიგეს, ხოლო ჩვენებმა ლონდონის ოლიმპიადის საგზურები დაკარგეს) თავისი წვლილი მანაც შეიტანა.

ამდენად, დიასამიძის გამარჯვება აღსანიშნავია. მეორე შეხვედრაში ჩვენებური ძლიერ იაპონელ რენ ჰაიაკავასთან დამარცხდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში - 4:6.

პირველივე წრეში დამარცხდა ხათუნა ნარიმანიძე - მოლდოველ ალეხანდრა მირჩასთან (2:6). ნათია ცინცაძემ კი ამავე ანგარიშით ასევე პირველ წრეში წააგო თურქ ბეგულ ლუკლუოღლუსთან.

პლეი ოფის პირველივე წრეში დამარცხდა ჩვენი ვაჟთა სამეული. იმათგან ყველაზე კარგად ირაკლი ქვლივიძე გამოვიდა, რომელმაც მონღოლ იანტსან განტუგთან 4:6 წააგო. აქ პირველი ორი სეტი ფრედ დასრულდა, მესამე კი მონღოლმა მოიგო.

საბედნიეროდ, ჩვენებურს ეყო ძალა და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა - მეოთხე სეტი მოიგო და შეხვედრა დამატებითში გადაიყვანა. აი, იქ კი უფრო ძლიერი მონღოლი აღმოჩნდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენებურთაგან საუკეთესო ლაშა ფხაკაძეს რომ არ გაუმართლა, გუშინაც ვწერდით - პლეი ოფის პირველივე წრეში უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ვიქტორ რიბანს დაუპირისპირდა. მოლოდინისამებრ, უკრაინელმა იოლად მოიგო - 6:0. თორნიკე რიჟამაძე ჩინელ იუ ჰინგთან 1:7 დამარცხდა.

გუნდურ პაექრობაში ჩვენები - ვერც ქალები და ვერც ვაჟები პლეი ოფში ვერ მოხვდნენ. ისინი უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან სამშობლოში და დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გააგრძელებენ მზადებას, 1-6 მაისს კი ანთალიაში გამოვლენ მსოფლიოს თასის რიგით მეორე ტურნირში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული