მსოფლიოს თასი: ქართველ მშვილდოსნებს მიზანმა უმტყუნათ

AutoSharing Option
ქართველმა მშვილდოსნებმა წარუმატებლად დაიწყეს გამოსვლა ანთალიაში, მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპზე.

2 მაისს საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა და ჩვენებურები მათთვის შეუფერებელ ადგილებზე არიან ცხრილის მეორე ნახევარში. მათგან ყველაზე საუკეთესო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა... 62-ე ადგილზეა 616 ქულით.

ჩვენს გუნდში მეორე შედეგი ასმათ დიასამიძემ აჩვენა - 601 ქულა და 86-ე ადგილი. ხათუნა ნარიმანიძე მომდევნო საფეხურზეა 597-ით, ნათია ცინცაძის მონაგარი კი 564 ქულა და 106-ე ადგილია. ასეთი დაბალი შედეგების გამო ვერც გუნდურში ვივარგეთ - სამი საუკეთესო შედეგის ჯამი 1814 ქულაა, რაც მხოლოდ 22-ე
შედეგი აღმოჩნდა და წინა მსოფლიოს თასის მსგავსად, პლეი ოფში ვერც ამჯერად გავედით.

ინდივიდუალურში პლეი ოფები დღეს დაიწყება და მედლებისთვის მებრძოლი წყვილები, ანუ ფინალისტები და ბრინჯაოს მაძიებელნი გამოვლინდებიან. პლეი ოფში ჩვენგან მოწინავე სამეული გავიდა. ესებუა პირველ წრეში პოლონელ ვიოლეტა მისზორს ხვდება. მასთან მოგების შემთხვევაში კი ირანელ ამენე მარზოუგის და ამერიკელ მირანდა ლეეკს შორის მოგებული ელოდება.

დიასამიძეს თავდაპირველად მექსიკელი მარიანა ავიტიე ერგო. ამ წყვილში მოგებული კი მეორე წრეში ირანელებს - სარეჰ ასადისა და ზარა დენგანაბნავის შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.

პლეი ოფის საწყის წრეში ჩვენებურთაგან ყველაზე ძლიერი მეტოქე ნარიმანიძეს ერგო - ბრიტანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნაომი ფოლკარდი. ამ ბარიერს თუ დაძლევს, ან თურქ ბეგულ ლოკლუოღლუს შეხვდება, ანაც - იტალიელ ელენა ტონეტას.

დიდად ვერც ჩვენმა ვაჟებმა გაგვახარეს - ლაშა ფხაკაძე 636 ქულით 88-ეა, თორნიკე რიჟამაძე 618-ით 109-ეა, ირაკლი ქვლივიძე - 609-ით - 123-ე. ამათგან პლეი ოფში მხოლოდ ფხაკაძე გავიდა - პირველ წრეში ტაივანელ ჩენგ პანგ ვანგს ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული