ლიცენზიანტები. ქრისტინე ესებუა: მან უკვე შექმნა ისტორია

AutoSharing Option
ქრისტინე ესებუა
დაიბადა: 1985.19.03 გალში
საქართველოს სახელით მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პირად პირველობაში (2011), ევროპის ზამთრის ჩემპიონი (2011) და რამდენიმეგზის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი გუნდურში; ევროპის, მსოფლიოსა და აზიის თასების არაერთგზის მედალოსანი პირადსა თუ გუნდურში; უკრაინის სახელით ახალგაზრდებში გუნდურში მსოფლიოსა (2001) და ევროპის ჩემპიონი (2005).

მეორე ოლიმპიადა. პეკინის თამაშები: შესარჩევი ეტაპი მე-17-ე შედეგით დაასრულა, პლეი ოფში კი 1/16-ფინალიდან გამოვარდა.

არ ვიცით, როგორ გამოვა ქრისტინე ესებუა ლონდონის ოლიმპიადაზე, მაგრამ ის უკვე ჩაეწერა ქართული სპორტის ისტორიაში - შარშან ტურინში, ჩვენთვის ავადსახსენებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირად
პირველობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ქართული მშვილდოსნობისთვის ინდივიდუალურში ამ რანგის პირველი ჯილდოა.

იმის მიუხედავად, რომ ქალთა შორის ევროპიდან ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს - ქეთევან ლოსაბერიძე, რომელიც გუნდურში ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, მოგვიანებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის ჟამს კარგი თაობაც წამოვიდა და ნორმალური შედეგებიც მოიპოვეს, პირადში მსოფლიოზე მედალი არ გვქონია.

ეს ხარვეზი ესებუამ შეავსო, რომელიც ლონდონშიც ქართული ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთ ფავორიტად მიდის. იქნებ არა იმდენად გამოკვეთილად, მაგრამ, როცა შარშან მსოფლიოზე ვერცხლი მოინადავლა, მისგან უკვე არაფერი გაგვაკვირვებს.

რაც მთავარია, იმ წარმატებით დაამტკიცა, რომ მსოფლიოს კლასის ჩუბინია და შეუძლია დიდი შედეგების მიღწევა.

ტურინში ქრისტინემ ისიც დაამტკიცა, რომ მასზე დივიდენდები ტყუილად არ გაუციათ და საქართველომ ნამდვილად სწორი ნაბიჯი გადადგა, უკრაინიდან სამშობლოში რომ დააბრუნა. ესებუა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილია, რომელიც ომის საშინელებას უკრაინაში გაექცა, იქ კი ბედმა სახელოვან მწვრთნელ მონიკა სიმუნსთან დააკავშირა. მის ხელში ქართველმა გოგონამ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გაიბრწყინა - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

საქართველოში მისი დაბრუნების საკითხიც ამის შემდეგ გახდა აქტუალური, თუმცა ეს პროცესი წლების განმავლობაში გაჭიმული და საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა.

სამწუაროდ, ქვეყანას მაშინ დაკარგულ შვილთა დასაბრუნებლად არ ეცალა, რასაც საკუთრივ ჩვენს ფედერაციაში არსებული დაძაბულ-გაურკვეველი ვითარებაც ემატებოდა. ფედერაციისა თუ ნაკრების ხელმძღვანელობას მისი გადმოყვანა გულით კი სურდა, მაგრამ დიდი მცდელობისა თუ ზემდგომებთან არაერთი მოციქულობის მიუხედავად სათანადო პირობებს ვერ უქმნიდნენ.

გადმოსვლის სურვილი თავად სპორტსმენსაც ამოძრავებდა - ამ თემაზე პირველად სულაც დედამისი დაუკავშირდა ჩვენს ფედერაციას, მაგრამ აქაური გაურკვევლობა აფრთხობდა. ამის ფონზე მას მსოფლიოში ანგარიშგასაწევ უკრაინის ნაკრებში შეეძლო დამკვიდრება, სადაც უკვე იკიდებდა ფეხს ახლგაზრდულში იმ დიდი წარმატებების თანაზიარი ტატიანა დოროხოვა, რომელმაც მერე რამდენიმე წელიწადი გაატარა უკრაინელთა გუნდში და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია.

თუმცა საბოლოოდ ქართულ მხარესთან შეთანხმება მაინც შედგა და ესებუაც ჩამოიყვანეს, თუმცა პრობლემები ისევ გაგრძელდა - თბილისშიც ხომ რამდენჯერმე გამოიცვალა მწვრთნელი თუ დარბაზი, რამდენჯერმე ლვოვშიც მიბრუნდა სავარჯიშოდ სიმუნსთან, ხან - ბათუმში გადავიდა იმხანად ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძესთან... საბედნიეროდ, დღეს ეს პრობლემა მოიხსნა და ისიც თბილისში დაფუძნდა.

სმუნსი - მეორე დედა

ლვოვმა და მონიკა სიმუნსმა დიდი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ ქრისტინე ნაკრების კორეელ მთავარ მწვრთნელ ან ჰეიუნ სანსაც ძალიან ემადლიერება, ძველ დამრიგებელთან მაინც არ შეუწყვეტია ურთიერთობა.

მას ვერც სიმუნსი ელევა და ახლაც ეხმარება, თბილისშიც კი იყო ჩამოსული მასთან სამუშაოდ. "შეიძლება ითქვას, მონიკა სიმუნსი ჩემი მეორე დედაა - ახლაც მირეკავს, ჩემს ამბებს კითხულობს, კვლავაც ნერვიულობს ჩემზე. ორჯერ აქაც მყავდა ჩამოყვანილი - პირველად ჩემი ინიციატივა იყო, მეორედ კი ფედერაცია დამეხმარა. ის ძველებურად ცდილობს ჩემს დახმარებას. კორეელი ცოტა განსხვავებული მეთოდით კი გვავარჯიშებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საფუძველი მაინც ძველი საბჭოური სკოლა, საბჭოური ტექნიკაა. მისი რჩევებიც ამიტომ მეხმარება" - ამბობს ესებუა.

ნებისმიერ სფეროში ადამიანის ბედს დიდწილად განგებაც განსაზღვრავს და ქრისტინესაც გაუმართლა, როცა პირდაპირ სიმუნსთან აღმოჩნდა. მართალია, ლვოვში ისეთი სკოლაა, იქ მაინც არ დაიკარგებოდა, მაგრამ პირდაპირ ასეთ მწვრთნელთან მოხვედრაც დიდი საქმეა.

მით უფრო, მშვილდოსნობა არანაირად არ იზიდავდა და ამ სახეობაზე მხოლოდ დედის თხოვნით მივიდა - დედა ყოფილი მშვილდოსანია და სამივე შვილი ჩააბა მასში. იქნებ ქრისტინეს იქ სხვანაირი მწვრთნელი რომ დახვედროდა, მალევე აესრულებინა გულში ნადები - დედას რომ არ ეწყინოს, ცოტა ხანს ვივლი და მერე თავს დავანებებო, მაგრამ სიმუნსმა მისი გული იოლად მოიგო.

ქრისტინეს თქმით, მან იცის ინდივიდუალური მიდგომა, ვის როგორ უნდა მოექცეს და შედეგსაც აღწევს. ჩვენებურსაც ასე შეაყვარა მშვილდოსნობა იმის მიუხედავად, რომ არასოდეს აქებდა მას, არასოდეს აგულიანებდა დიდ მწვერვალებზე ჩიჩინით და მასში არსებულ ტალანტზე საუბრით.

არადა, სალაპარაკო მართლაც ბევრი ექნებოდა, რადგან ესებუა უკრაინის ჭაბუკთა გუნდშიც შეუცვლელი წევრი იყო და - ახალგაზრდულშიც, მაგრამ მწვრთნელმა თავისი საქმე კარგად იცოდა.

ერთადერთი მოგონება - ტყვიების ზუზუნი
მათი ოჯახი წარმოშობით ხობიდანაა, თუმცა ის აფხაზეთში დაიბადა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ქრისტინეს იქაურობა არ ახსოვს. ახლაც და წლების წინაც, როცა საქართველოში ახალგადმოსულს ამ თემაზე დაველაპარაკე, მხოლოდ ერთი რამე გაიხსენა - გავრბოდით და ირგვლივ ყველგან ტყვიები ზუზუნებდნენო.

ესაა ერთადერთი მოგონება, რაც მან აფხაზეთიდან გაიყოლა, მაგრამ - ყველაზე მძაფრი! მას შემდეგ არც მისიანებს შეუდგამთ ფეხი მშობლიურ სახლში, ერთხელაც ვერ მოახერხეს იქ შესვლა, ქრისტინეს კი ლტოლვილობის წუთებიდან კიდევ ერთი რამე ახსოვს ტყვიების ზუზუნივით მძაფრად - გასაცოდავებული ხალხით გადაჭედილი ცივი, ფანჯრებჩამტვრეული მატარებელი, მოგვიანებით კი ცივი ქალაქის მატარებლის სადგური, თოვა, საშინელი ყინვა და დარბაზში ბარგზე თავმიდებული ძილი...

მედალი - ფსიქოლოგიური სტიმული
ქრისტინე ესებუასთვის მსოფლიოს პირველობა გარდამტეხი აღმოჩნდა. მართალია, დღესაც არ ფიქრობს, რომ რაკიღა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ყველას დამარცხება შეუძლია - კარგად იცის, საამისოდ დიდი შრომაა საჭირო, თორემ ტიტული ვერაფერში დაეხმარება, თუმცა იმ მედალმა ფსიქოლოგიური სიმტკიცე შემატა.

რაც მთავარია, უჩვენა დიდი შედეგისკენ მიმავალი სწორი გზა, რომელიც ისევ და ისევ თავაუღებელ გარჯაზე გადის. ის კორეელ მწვრთნელსაც ემადლიერება და იმ ვერცხლსაც მას უმადლის.

არადა, კორეელი ძალზე მკაცრია, იქნებ ზოგჯერ ცოტა უხეშიც კი, მაგრამ ქრისტინემ კარგად იცის, რომ ეს ისევ მათთვისაა აუცილებელი. აბა, საჭირო რომ არ იყოს, ხომ არ დაგვიყვირებსო, მითხრა. არც ახალი მწვრთნელის საწვრთნელ სისტემასთან გასჭირვებია შეგუება. ალბათ იმიტომაც, რომ მანამდეც განსხვავებულ დამრიგებლებთან მოუხდა ურთიერთობა. თან პროფესიული ენა ხომ ყველასთვის საერთოა.

ალბათ, ამიტომაც მიაჩნია, რომ განსხვავებული ხელწერის მიუხედავად, მისთვის კარგად ნაცნობი სამივე მწვრთნელის (სიმუსნი, ფუტკარაძე, სანი) ამოსავალი წერტილი შედეგი იყო, განსხვავება კი პიროვნულ ხასიათებშია - ყველას ინდივიდუალური შეხედულება აქვს.

მართალია, კორეელი მწვრთნელის ხელში ბოლო შეჯიბრებები წააგეს და არც უარჰყოფს, რომ ჩავარდნა აქვთ, მაგრამ იმედოვნებს, ეს დროებითია და ჯერ სალიცენზიო ტურნირზე, მერე კი ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვა.

თუმცა მანამდე მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ - ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 21-26 მაისს ამსტერდამში გაიმართება.

"მან უკვე შექმნა ისტორია" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"სამწუაროდ, ქვეყანას მაშინ დაკარგულ შვილთა დასაბრუნებლად არ ეცალა"
--თუ გგონიათ ბატონო ჩემო, რომ ახლა სცალია?
Shoda
13:27 20-05-2012
0

სიახლეები პოპულარული