ევროპის ჩემპიონატი: ამსტერდამში ევროპისა და ლონდონისთვის

AutoSharing Option
ამ დილით ქართველი მშვილდოსნები სტამბოლის გავლით ამსტერდამში გაფრინდნენ, სადაც 21-26 მაისს ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ჰოლანდიაში 6 ქართველი ისვრის - 3-3 ჩუბინი ქალებსა და ვაჟებში. გუნდების შემადგენლობა ბოლო თვეების კვალობაზე უცვლელია - ქალებში კვლავაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და ასმათ დიასამიძე გამოვლენ, ვაჟებში - ლაშა ფხაკაძე, თორნიკე რიჟამაძე და ირაკლი ქვლივიძე.

ევროპის პირველობის გარდა, ამსტერდამში ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირიც ტარდება, ოღონდ ჩვენგან მასში მხოლოდ ვაჟები თუ გამოვლენ, თორემ ქალებმა რადგან შარშან მსოფლიოს პირველობაზე ერთი საგზური უკვე მოიპოვეს, ამჯერად
ასპარეზობის უფლება არ აქვთ. მათთვის სალიცენზიო შეჯიბრება ივნისში აშშ-ში გაიმართება.

ამსტერდამში 21 მაისი ოფიციალური ვარჯიშის დღეა, 22-ში კი საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება ქალებშიც და ვაჟებშიც. 23-24 მაისს პლეი ოფები ჩატარდება პირად პირველობაში და გამოვლინდებიან მედლებისთვის მებრძოლი წყვილები, 24-ში კი პირადის პარალელურად გუნდური ასპარეზობაც გაიმართება - ესეც ნახევარფინალის ჩათვლით. 25 მაისს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დღეა - სალიცენზიო ტურნირი იმართება.

ის ცალკე ტარდება იმ გუნდებისთვის, რომლებსაც საგზურები ჯერ არ აქვთ ანუ იქ ფავორიტები არ გამოვლენ, რაც ჩვენი ვაჟების შანსებს ზრდის.

ნაკრების კორეელი მთავარი მწვრთნელი ან ჰეიუნ სანი ამ სამეულს დიდად ემადლიერება, რადგან შედეგებს უმატებენ, თორემ სამივე მათგანი ასაკით ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია და ჯერ ამ რანგის პაექრობაში გამოსვლა არ უწევდათ.

ევროპის ჩემპიონატი 26 მაისს დასრულდება ფინალური შეხვედრებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული