ქრისტინე ესებუა ევროპის ჩემპიონატზე მესამეა

AutoSharing Option
22 მაისს ამსტერდამში მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც წარმატებით ჩაებნენ ჩვენი სპორტსმენები.

ქალთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა 647 ქულით მესამეზეა (მეორეზე მყოფ რუს ქსენია პეროვას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა).

ლამის ნახევარი ტურნირის განმავლობაში ესებუა ლიდერობდა, მაგრამ მეორე სერიის შუაწელში ცოტა მოუკლო შედეგებს, თუმცა ბოლოსკენ ისევ გაისწორა სამიზნე.

ხათუნა ნარიმანიძე 636 ქულით მე-14 ადგილზეა, ასმათ დიასამიძე 618-ით - 37-ეზე. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 1742 ქულა დააგროვეს, რაც მესამე მაჩვენებელი აღმოჩნდა რუსეთისა (1786) და ბრიტანეთის (1753) შემდეგ.

ამსტერდამში არა მარტო ქალებმა, ვაჟებმაც
გაგვახარეს ადრინდელზე ბევრად უკეთესი შედეგით. ეს განსაკუთრებით ლაშა ფხაკაძეზე ითქმის, რომელიც ერთხანს 24-ე ადგილამდეც კი აღზევდა, საბოლოოდ კი 639 ქულით 107 მონაწილეს შორის 35-ეზე გავიდა.

ირაკლი ქვლივიძე 603 ქულით 82-ეა, თორნიკე რიჟამაძე კი 546 ქულით ბოლო ადგილზეა.

როგორც საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციაში გვითხრეს, რიჟამაძის ასეთი ცუდი გამოსვლა იარაღზე ჩატარებული ექსპერიმენტითაა გამოწვეული, რაც ისევ გრძელდება. ფხაკაძესა და ქვლივიძეს კი ეს პრობლემა უკვე აღარ აწუხებთ, რაც შედეგსაც დაეტყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვაჟთა გუნდის სამივე წევრი ასაკით ბევრად პატარაა - ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიან და უფროსებში წელს პირველად ისვრიან.

სალიცენზიო რეიტინგში, ანუ უსაგზუროდ მყოფთა შორის ფხაკაძე მე-20 ადგილზეა, ქვლივიძე - 63-ეზე, რიჟამაძე - 84-ეზე.

გუნდურში ჩვენი ვაჟები 1788 ქულით 28-ეზე გავიდნენ და პლეი ოფში ვერ მოხვდნენ. შერეულ წყვილთა შორის ესებუა-ფხაკაძის დუეტი 1286 ქულით მე-9 ადგილზეა.

ქალთა შორის პლეი ოფის პირველ წრეში სამივე ჩვენებური თავისუფალია, თუმცა ესებუას არც მეორე წრეში ეყოლება მეტოქე და პირდაპირ 1/16-ფინალშია გასული. იქ კი უკრაინელ კატერინა პალეხასა და ფრანგ სირილე სოტრის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნარიმანიძე 1/24-ფინალში თურქ დამლა ერგინსა და უნგრელ ვაის კისს ტიმეას შორის მოგებულს გაეჯიბრება, დიასამიძე - გერმანელ კარინა ვინტერს. გუნდურის პლეი ოფის პირველ წრეში ჩვენი ქალები შვეიცარიელებს გაეჯიბრებიან, მათთან მოგების შემთხვევაში კი - შვედებსა და ფრანგებს შორის გამარჯვებულს.

საბედნიეროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რუსები, მსოფლიოს ჩემპიონი იტალიელები და უკრაინელები ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ, პოლონელები კი პლეი ოფში ვერ გავიდნენ.

ვაჟთაგან პლეი ოფში ფხაკაძე და ქვლივიძე შევიდნენ. ფხაკაძის პირველი მეტოქე რუმინელი რაზვან მარკუა, ქვლივიძისა - რუსი ალექსანდრ კოზინი. შერეულ წყვილებში ჩვენები ფლორიან ფლოტოსა და ელენე რიხტერის გერმანულ დუეტს შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული