ევროპის პირველობა: ლაშა ფხაკაძე იმედს გვიმყარებს

AutoSharing Option
ამსტერდამში, მშვილდოსანთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში წარმატებით ჩაება ხათუნა ნარიმანიძე.

ჩვენებური პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი თურქი დამლა ერგინი 7:3 დაამარცხა.

შეხვედრა ნარიმანიძემ წაგებით დაიწყო - პირველი სეტი 25:26 დათმო. სამაგიეროდ, მოიგო მეორე - 28:27 და ანგარიშიც გაათანაბრა.

მესამე სეტი ფრედ დასრულდა - 26:26. აი, მომდევნო ორში კი ჩვენებურმა იმძლავრა და ორივე დიდი ანგარიშით მოიგო: 22:29, 22:28. თუმცა ერგინის დამარცხებით ნარიმანიძემ თურქულ ბარიერს თავი ვერ დააღწია და დღეს 1/16-ფინალში კიდევ ერთ თურქს, ბეგულ ლუკლუოღლუს გაეჯიბრება.

საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი გამოსვლის შემდეგ
კიდევ ერთხელ იყოჩაღა ლაშა ფხაკაძემაც და პლეი ოფში ერთი შეხვედრა მოიგო - რუმინელ რაზვან მარკუს 6:2 აჯობა. ნარიმანიძისა არ იყოს, შეხვედრა ფხაკაძემაც წაგებით დაიწყო - პირველი სეტი 24:29 დათმო, მაგრამ მომდევნო სამში დამაჯერებლად იმარჯვა: 25:23, 27:24, 26:24. მომდევნო წრეში ქართველი გერმანელ კამილო მაურთან 1:7 დამარცხდა.

მისი გამოსვლა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, როგორც ასაკითაც პატარა, გამოუცდელი და ევროპირველობის დებიუტანტი მსროლელისა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდშია და ნაკრებში პირველ სეზონს ატარებს. დადებითია იმიტომაც, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ქრისტინე ესებუასთან შეამხანაგებულმა ერთ შეხვედრაში შერეულ წყვილებშიც იმარჯვა.

ჩვენებურებმა ფლორიან ფოტოსა და ელენა რიხტერის გერმანულ დუეტს 143:139 სძლიეს, მეორე წრეში კი იტალიელებთან 137:146 წააგეს. იტალიურ დუეტს პირადსა და გუნდურში მსოფლიოს ორ-ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა და გუნდურში მსოფლიოს პრიზიორი მაურო ნესპოლი შეადგენდნენ და მათთან მარცხი მოსალოდნელიც იყო. იტალიელები მერე ფინალშიც გავიდნენ და 26 მაისს ჩემპიონობისთვის პოლონელთა ძლევას შეეცდებიან.

გუშინ ჩვენებიდან ასმათ დიასამიძემ და ირაკლი ქვლივიძემ წააგეს, ესებუა კი ისვენებდა. დიასამიძე ძლიერ გერმანელ კარინა ვინტერს ხვდებოდა და სამ სეტში დამარცხდა - 0:6.

ქვლივიძემ რუს ალექსანდრ კოზინთან მხოლოდ მეორე სეტის ფრედ დასრულება შეძლო, დანარჩენებში ვერაფერს გახდა და შეხვედრა 1:7 დათმო. ესებუა პლეი ოფში დღეს ჩაერთვება და ფრანგ სირილე სოტრის შეხვდება.

დღესვე გაიმართება პლეი ოფები გუნდურში, სადაც ჩვენგან მხოლოდ ქალები გამოვლენ და შვეიცარიელებს გაეჯიბრებიან. მათთან წარმატების შემთხვევაში კი შვედებსა და ფრანგებს შორის მოგებულს დაუპირისპირდებიან.

ამსტერდამში ჩვენთვის გამორჩეული დღე მაინც ხვალაა - სალიცენზიო ტურნირი ტარდება, რომელშიც ქართველებიდან მხოლოდ ვაჟები იასპარეზებენ. ფხაკაძე პირველ წრეში ისვენებს და ბელგიელ მიხაელ დეკერსსა და ჩეხ ვოიტეხ დუბს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სალიცენზიო სიაში (რაც ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგების მიხედვით შედგა ულიცენზიო ქვეყნების წარმომადგენელთაგან) ფხაკაძე მე-20 ადგილზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს სავარაუდო მეტოქეებს - ამ სიაში ბელგიელი 45-ეა, ჩეხი - 68-ე.

თორნიკე რიჟამაძე დანიელ მადს ჯუულ კროგშედეს ხვდება, ქვლივიძე - სერბ ლუკა გროზდანოვიჩს. ამ ტურნირში არ მონაწილეობენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც თუნდაც ერთი ლიცენზია მაინც აქვთ (სწორედ ამ მიზეზით არ გამოდიან მასში ჩვენი ქალები). ლონდონის ოლიმპიადის საგზურს კი მოწინავე სამეული მიიღებს.

ბოლო სალიცენზიო შეჯიბრება 18-24 ივნისს ამერიკულ ოგდენში გასამართი მსოფლიოს თასის მესამე ეტაპია, სადაც კონკურენტები ლიცენზიებისთვის გუნდური პრინციპით იბრძოლებენ და თამაშებში გამოსვლის უფლებას იქაც მოწინავე სამეული მიიღებს.

ფხაკაძე იმედს გვიმყარებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა საიტზე შეიძლება რომ შედეგები ვნახო?:)
karlsoni
11:41 24-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული