მშვილდოსანთა მეზობლური ტურნირი აჭარაში

AutoSharing Option
ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს მშვილდოსანთა საერთაშორისო ტურნირს, რომელსაც პოლიტიკური ვითარების ცვლილებათა კვალად სხვადასხვა სახელი ერქვა. როგორც იქნა, ბოლო წლებში შეჯიბრებამ პოლიტიკური ელფერი ჩამოიშორა, საერთაშორისო ტურნირად იწოდება და ამ უქმეებზე XVI-ედ ჩატარდა, თუმცა ამჯერადაც ძირითადად რეგიონული ხასიათისა იყო. ადრინდელთან შედარებით უფრო სოლიდურ შეჯიბრებაში კვლავაც მხოლოდ მეზობლები - სომხები, აზერბაიჯანელები და თურქები მონაწილეობდნენ, საქართველოდან კი თბილისისა და აჭარის გუნდები ცალ-ცალკე იყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა მასპინძლებმა სულაც ორ-ორი ნაკრები გაიყვანეს. მთლიანად შეჯიბრებაში 60 სპორტსმენი ასპარეზობდა, რაც ურიგო მაჩვენებელი ნამდვილად არაა.

ქალთა ტურნირში აჭარისა და საქართველოს
ნაკრების ლიდერი ხათუნა ნარიმანიძე შეუჩერებელი იყო, თუმცა ჩვენმა სხვა ლიდერებმა არც ისე წარმატებით ისროლეს და უპირატესობა თურქებს დაუთმეს. კიდევ კარგი, ქართული მშვილდოსნობის პრესტიჟი ნარიმანიძემ იხსნა და ჩემპიონობა არავის დაუთმო, თორემ ნახევარფინალში მის გარდა მხოლოდ თურქები იყვნენ - ვერცხლი იუვიტე ზეხლარმა მოიპოვა, ბრინჯაო - სელენ ოზკაიამ, რომელმაც მედალი ნატო ნასარიძესთან უშუალო პაექრობაში დაიმსახურა. ჩვენებური არც ისე დიდი ხანია, რაც მშვილდოსნობას დაუბრუნდა და ეს მისთვის ორწლიანი შესვენების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ტურნირი იყო. სტუმართაგან თურქთა ნაკრები ყველაზე ძლიერია, მაგრამ მათ ახლა თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი უდგათ. ბათუმშიც შედარებით გამოუცდელები ჩაიყვანეს, თუმცა ოზკაიას მსოფლიოს თასზე ასპარეზობის გვარიანი გამოცდილება გააჩნია.
ვაჟთა შორის მასპინძელმა - ბათუმელმა ტარიელ ქადიძემ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში სომეხი არშაკ პეტროსიანი დაამარცხა. ბრინჯაოც სომეხმა ვასილ შახნაზარიანმა ირგუნა.

ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა გუნდური შეჯიბრებებიც როგორც ქალებში, ასევე - ვაჟებში. ქალთა ფინალში აჭარისა (ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ნათია ცინცაძე) და თბილისის (ქრისტინე ესებუა, რუსუდან შავერდაშვილი, ანანო წიბლიაშვილი) გუნდები შეხვდნენ, გამარჯვება კი მასპინძლებს დარჩათ, ხოლო მესამეზე თურქები გავიდნენ. ვაჟებში აჭარის მეორე ნაკრებმა (დიმიტრი კირიჩენკო, გიგა კაკაბაძე, გიორგი შანიძე) აზერბაიჯანის გუნდს მოუგო, ბრინჯაო კი სომხებს დარჩათ.

ამასთან გაიმართა შეჯიბრებაც შერეულ წყვილებში, სადაც ისევ მასპინძლებმა იმარჯვეს - ფინალში აჭარის პირველმა ნაკრებმა (ქადიძე-დიასამიძე) აჭარის მეორე გუნდს (კირიჩენკო-ნანი მახარაძე) აჯობა, ბრინჯაო კი კვლავაც სომეხთა არჩივი გამოდგა.

ჩვენი მშვილდოსნებისთვის სეზონის ძირითადი ნაწილი უკვე დამთავრდა, თუმცა, თუ დაფინანსება გამოიძებნა, იქნებ რომელიმე უცხოურ ტურნირშიც გამოვიდნენ. სამაგიეროდ, უკვე გარკვეულია კორეელი კონსულტანტის საკითხი. ესაა 29 წლის სპეციალისტი, კორეისა თუ საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული იუნგ-სიუნგ ანი, რომელსაც კორეის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უმუშავია და დიდი პრაქტიკაც გააჩნია. აღსანიშნავია, რომ კორეის გარდა, ის მწვრთნელთა გაცვლის პროგრამით ერთხანს აშშ-ში, ტენესის შტატშიც საქმიანობდა, საქართველოში კი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით ჩამოვა. შესაბამისად, მისი ჩამოყვანაც სოკ-ის ფინანსური მხარდაჭერით მოხდება, თუმცა ამ ყველაფერში ნურც სეოკ-ის წვლილს დავივიწყებთ, როგორც სოკ-თან შუამავლისას. ანი საქართველოში 1-ელ ნოემბერს უნდა ჩამოვიდეს შვეიცარიიდან, სადაც ახლა სწორედ სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში იმყოფება, საქართველოში კი სამი თვე იმუშავებს, ოღონდ ორ ეტაპად, ანუ თვენახევარ-თვენახევრით.

ასევე თითქმის გადაწყვეტილია პოლონელი ფსიქოლოგის დახმარებაც, ოღონდ აქ გარკვეული დეტალები ჯერაც დასაზუსტებელია. ჩვენი ფედერაციის სურვილია, ისიც კორელთან ერთად ჩამოვიდეს, ანუ გუნდთან ორივემ ერთად იმუშაოს, თუმცა ვნახოთ, ეს პრაქტიკულად რამდენად მოხერხდება. როგორც საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა გვითხრა, პოლონელს საკუთარი ფსიქოლოგიური ტესტები შეუმუშავებია და ქვეყნის ნაკრებს ამის მიხედვით აკომპლექტებენ. არადა, მათი გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევია. ჩვენებს პოლონელთან საცდელი ურთიერთობა უკვე ჰქონიათ ერთ-ერთ უცხოურ ტურნირზე და ქართველი მშვილდოსნებისთვის ძალზე ზუსტი ფსიქოლოგიური შეფასებებიც მიუცია. კიდევ ერთი დადებითი მომენტი ისაა, რომ მასთან ერთად აქაური ფსიქოლოგებიც იმუშავებენ, რაც მათ, ცხადია, წაადგებათ.

სასურველია, რომ ორივე სპეციალისტმა (ყოველ შემთხვევაში, უშუალოდ ესენი თუ არა, ამ დარგის ხალხი) ჩვენს ნაკრებთან გაცილებით ხანგრძლივად იმუშაოს, თუმცა დავიტოვოთ იმედი, რომ სამთვიანი მეცადინეობაც საკმაო პრაქტიკულ შედეგს გამოიღებს და ჩვენები წარმატებით გამოვლენ გაისად, ივლისში ტურინში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში. შეგახსენებთ, რომ იქ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება, მთავარი კი გუნდურ პირველობაში საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვედრა, ანუ პლეი ოფში თუნდაც ერთი წრის გავლაა - ამ რვა გუნდის სამივე წევრი მიიღებს საგზურს. თუმცა ჩვენებს პირველ წრეში წაგების შემთხვევაშიც საკმაოდ კარგი შანსი რჩებათ, ოღონდ ერთი პირობით - იმ რვა მოწინავე ნაკრებს შორის აუცილებლად უნდა მოხვდეს ბრიტანეთი, რაც მათი სიძლიერიდან გამომდინარე სავსებით დასაშვებია. მოგეხსენებათ, ბრიტანელებს მასპინძლის სტატუსის გამო ავტომატურად ეძლევათ ლიცენზიები, მაგრამ ამ შემთხვევაში საგზური მეცხრეზე გასულ გუნდს კი არ გადაეცემა, არამედ პლეი ოფის პირველ წრეში წაგებულებისთვის (შეგახსენებთ - პლეი ოფში 16 ნაკრები გადის) ცალკე ტურნირი ჩატარდება დ სწორედ მისი გამარჯვებული გახდება ის ბედნიერი მერვე გუნდი, რომელიც სამ ლიცენზიას მოიპოვებს. ვისაც აქაც ხელი მოეცარება, ლონდონში მოხვედრის შანსს კვლავაც შეინარჩუნებს, ოღონდ საამისოდ ბევრად რთული და დახლართული გზის გავლა მოუწევს. ვიმედოვნებთ, ჩვენები პლეი ოფის პირველ ეტაპს წარმატებით გადალახავენ. ყოველ შემთხვევაში, საგზურებს ტურინშივე გაინაღდებენ და დარჩენილ სალიცენზიო შეჯიბრებებში მონაწილეობა აღარ მოუწევთ. ამიტომ მათზე არც შევჩერდებით.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზეეე მაგარი სპორტიაააა.:)))წარმატებებიი გოგონებოოო...მიყვარხართ და მენატრებით..ვამაყობ თქვენით.:*:*:*:*:*:*:*
natalia
03:16 28-02-2011
0
ყველაზეეე მაგარი სპორტიაააა.:)))წარმატებებიი გოგონებოოო...მიყვარხართ და მენატრებით..ვამაყობ თქვენით.:*:*:*:*:*:*:*
natalia
03:14 28-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული