იტალიური სენსაცია და კორეული ტრადიცია მშვილდოსნობაში

AutoSharing Option
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ჩატარებული არ იყო, როცა კორეელმა დონ-ჰიუნ იმმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა ინდივიდუალურ შეჯიბრში. მან და მისმა ორმა თანაგუნდელმა კი იმავე დღეს გუნდურშიც ყველა დროს საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

შესაბამისად, კორეის ნაკრები გუნდური ოქროს უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ ამ დისციპლინაში ჯერჯერობით მთელი ოლიმპიადის მთავარი სენსაცია მოხდა. კორეელებმა თითქმის უშანსოდ წააგეს ნახევარფინალი ამერიკელებთან - 219:224.

ამის შემდეგ თავად აშშ-ის ნაკრები გახდა ჩემპიონობის ფავორიტი, მაგრამ სენსაციები გაგრძელდა. კორეის მძლეველს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ფინალი იტალიამ მარკო გალიაცოს, მიკელე ფრანჯილისა და მაურო ნესპოლის შემადგენლობით.
არადა, აქამდე აპენინელებს არასოდეს ჰქონდათ მოგებული მშვილდოსნობაში გუნდური პირველობა.

ფინალის ბედი ბოლო გასროლამდე გაურკვეველი იყო. იტალიას ათიანში უნდა მოეხვედრებინა ოქროს მოსაგებად, რაც გააკეთა კიდეც ნესპოლიმ. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი გუნდის წევრისთვის - მიკელე ფრანჯილისთვის ეს მეორე ოლიმპიური მედალია კარიერაში. მან ჯერ კიდევ ატლანტაში (1996 წელი) მოიგო ბრინჯაო.

რაც შეეხება მესამე ადგილს, კორეამ ნაწილობრივ შეძლო შელახული პრესტიჟის აღდგენა, როცა ბრინჯაოსთვის მატჩი მოუგო მექსიკას.

* * *
კაცებისგან განსხვავებით, ქალებში ყველაფერი კანონზომიერად დასრულდა. ეს სახეობა 1988 წელს შეიტანეს ოლიმპიურ პროგრამაში და მას შემდეგ უკლებლივ ყველა ოლიმპიადაზე გამარჯვებას კორეელები აღწევდნენ.

გამონაკლისი არც ლონდონი გახდა. სუნ-იინ ლიმ, ბო-ბაე კიმ და ჰინონიუ ჩოიმ მინიმალური უპირატესობით - 210:209 მოუგეს ჩინეთს და ჩემპიონობა მოიპოვეს.

აქაც ყველაფერი ბოლო სროლამ გადაწყვიტა - კორეას, მინიმუმ, ცხრიანი სჭირდებოდა და კიმ აუღელვებლად ჩასვა ისარი იქ, სადაც საჭირო იყო.

თუ კორეა გუნდური პირველობის ტრადიციული გამარჯვებულია, ჩინეთს მეორე ადგილი ექცა ტრადიციად - ეს ზედიზედ მესამე ოლიმპიადაა, როცა ამ ქვეყანამ ფინალი წააგო.

კაცები. გუნდური
1/8-ფინალი
უკრაინა-ბრიტანეთი 223:212; ინდოეთი-იაპონია 214:214; იტალია-ტაივანი 216:206; მექსიკა-მალაიზია 216:211.

1/4-ფინალი
ს. კორეა-უკრაინა 227:220; აშშ-იაპონია 220:219; იტალია-ჩინეთი 220:216; მექსიკა-საფრანგეთი 220:212.

1/2-ფინალი
აშშ-კორეა 224:219; იტალია-მექსიკა 217:215.

მე-3 ადგილისთვის
კორეა-მექსიკა 224:219

ფინალი
იტალია-აშშ 219:218.

ქალები. გუნდური
1/8-ფინალი
დანია-ინდოეთი 211:210; იაპონია-უკრაინა 207:192; რუსეთი-ბრიტანეთი 215:108; ჩინეთი-იტალია 200:199.

1/4-ფინალი
ს. კორეა-დანია 206:195; იაპონია-მექსიკა 219:209; რუსეთი-ტაივანი 216:216; ჩინეთი-აშშ 218:213.

1/2-ფინალი
ს. კორეა-იაპონია 221:206; ჩინეთი-რუსეთი 209:207.

მე-3 ადგილისთვის
იაპონია-რუსეთი 209:207.

ფინალი
ს. კორეა-ჩინეთი 210:209.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული