ქრისტინე ესებუა "მგლების ხორუმში"

AutoSharing Option
31 ივლისს, თბილისის დროით 15:02 საათზე, მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა 1/16-ფინალის საგზურისთვის ჩილელ დენისე ასტრიდ ვან ლამოენს შეებრძოლება.

სამხრეთამერიკელი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია და მაშინ ტურინული ტურნირის ფინალში სწორედ ესებუა დაამარცხა. ამდენად, ჩვენებურს ამ შეხვედრის მოსაგებად და შემდეგ წრეში გასასვლელად საჭიროზე მეტი მოტივაცია აქვს, თუმცა საკვალიფიკაციოში არცთუ კარგი გამოსვლით საქმე მეტად გაირთულა და ახლა ურთულეს ბადეში მოხვდა.

ქრისტინე ჩილელს თუ მოუგებს, მერე სავარაუდო მეტოქედ კორეელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი სუნგ ჯინ ლეე ელოდება (ყოველ შემთხვევაში, ამან უსიკვდილოდ უნდა მოუგოს ოლიმპიადაზე
"ველური ბარათით" მოხვედრილ სამოელ მაურეენ ტუიმალეალიიფანოს).

იმასაც თუ გაივლის, სავარაუდო მეტოქედ ბრიტანელი ოლიმპიური მედალოსანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალისონ ვილიამსონი ელოდება, იმის იქით - საკმაოდ მებრძოლი დანიელი კარენ კრისტიანსენი...

ერთი სიტყვით, ესებუას წარმატების მისაღწევად მუდმივი ბრძოლა მართებს. ვიქონიოთ იმედი, რადგან მას მსოფლიოზეც ასეთივე ხვედრი ერგო - იქ 39-ე ადგილიდან დაიწყო პლეი ოფი და ფინალში გავიდა, გზად კი სამხრეთ და ჩრდილოკორეელი, ჩინელი, ინდოელი, ბრიტანელი ჩუბინები დაამარცხა.

აქ იმასაც შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ეს ორი წრე - 1/32 და 1/16-ფინალები 29 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდება. ქალთა ტურნირი 2 აგვისტოს განახლდება მეოთხედფინალებით და იმავე საღამოს მედლებისთვის ბრძოლით დასრულდება. ვაჟთა შორის ფინალები კი 3 აგვისტოსაა ჩანიშნული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქრისტინე ესებუამ ჩემპიონებს დაუმიზნა
ქრისტინე ესებუა: ლონდონში ოქროსთვის ვიბრძოლებ, მეორე ადგილი არ მაკმაყოფილებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული