კორეამ ნავსი გატეხა

AutoSharing Option
20 წელზე მეტია კორეა დომინირებს მშვილდოსნობაში, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ქვეყანამ ვერაფრით მოახერხა ოლიმპიადაზე კაცებს შორის ინდივიდუალური პირველობის მოგება.

და აი, 3 აგვისტოს, ნავსი გატეხა დინ-ჰიეკ ომ. ეს გამარჯვება კორეელებისთვის პრესტიჟის საქმეც იყო.

როგორც გახსოვთ, მათ ლონდონში გუნდური პირველობა წააგეს იტალიასთან, რითაც ამ ოლიმპიადაზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი ვერ დააფიქსირეს.

სხვათა შორის გუშინდელი შეჯიბრი კორეისთვის ცუდად დაიწყო - პირველ ნომრად განთესილი ჰიუნ-დონ იმი ჰოლანდიელ სენსაციასთან რიკ ვან დერ ვენთან პირწმინდად დამარცხდა - 1:7.

საბოლოოდ, სენსაციის ავტორმა ნახევარფინალამდე მიაღწია, მაგრამ უფრო
მეტის გაკეთება ვერ შეძლო. ჯერ ფინალში გადასასვლელი მატჩი წააგო, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა ჩინელ სიაოსიან დაისთან.

სხვათა შორის ამ უკანასკნელმა თავის ქვეყანას პირველი ინდივიდუალური მედალი მოუტანა სპორტის ამ სახეობაში. ვან დერ ვენმა კი ვერ გაიმეორა თავისი მწვრთნელის - ვიტსე ვან ალტენის შედეგი. ამ უკანასკნელმა 12 წლის წინ, სიდნეის ოლიმპიადაზე მოიგო ბრინჯაო.

რაც შეეხება ფინალს, იქ ბრძოლა არ ყოფილა. ომ 7:1 გაანადგურა იაპონელი ტაკაჰარუ ფურუკავა. მშვილდოსანთა ტურნირი დასრულდა და კორეის ნაკრები სამი ოქროთი ბრუნდება სამშობლოში.

კაცები
ინდივიდუალური
1/8 ფინალი
ხაირულ ანუარ მოჰამადი (მალაიზ)-ლარი გოდფრი (ბრიტ) 6:5; ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპ)-ბაარდ ნესტენგი (ნორ) 6:2; ჩენ-ვეი კუო (ტაივ)-მარკიან ივაშკო (უკრ) 6:0; რიკ ვან დერ ვენი (ჰოლ)-ჰიუნ-დონ იმი (ს. კორ) 7:1; დინ ჰიეკ ო (ს. კორ)-რაფალ დობროვოლსკი (პოლ) 6:0; ვიქტორ რუბანი (უკრ)-გაელ პრევოსტი (საფ) 6:4; სიაოსიან დაი (ჩინ)-ტეილორ უორთი (ავსტრა) 6:5; ბუბმინ კიმი (ს. კორ)-დან ოლარუ (მოლ) 7:1.

1/4 ფინალი
ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპ)-ხაირულ ანუარ მოჰამადი (მალაიზ) 6:2; რიკ ვან დერ ვენი (ჰოლ)-ჩენ-ვეი კუო (ტაივ) 6:0; დინ ჰიეკ ო (ს. კორ)-ვიქტორ რუბანი (უკრ) 7:1; სიაოსიან დაი (ჩინ)-ბუბმინ კიმი (ს. კორ) 6:5;

1/2 ფინალი
ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპ)-რიკ ვან დერ ვენი (ჰოლ) 6:5; დინ ჰიეკ ო (ს. კორ)-სიაოსიან დაი (ჩინ) 6:5.

მე-3 ადგილისთვის
სიაოსიან დაი (ჩინ)-რიკ ვან დერ ვენი (ჰოლ) 6:5;

ფინალი
დინ ჰიეკ ო (ს. კორ)-ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპ) 7:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული