ხელვაჩაურში მშვილდოსნობაში XVIII საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

AutoSharing Option
ამ დღეებში ხელვაჩაურში ჩატარდა XVIII საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, რომელიც ფრიად წარმომადგენლობითი გამოდგა - უცხოელთაგან თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები გამოვიდნენ, რომელთაც თბილისის, ქუთაისისა და მასპინძელი ხელვაჩაურის ნაკრებებიც დაემატნენ. საბოლოოდ ქალთა შორის 21, ვაჟებში კი 37 მონაწილე გამოვიდა.

შეჯიბრებას ხელვაჩაურის რაიონის ახალსოფელმა უმასპინძლა. ამ სოფლის სასპორტო სკოლას საკმაოდ კარგი, კეთილმოწყობილი არენა გააჩნია, სადაც თავის მატჩებს საფეხბურთო კლუბი "კახაბერი" ატარებს, თუმცა ამ დღეებში იქაურობა მშვილდოსნობის ფარებს დაეთმო.

ადრე აჭარელი მშვილდოსნებისთვის ეს აუცილებელი ინვენტარი დიდი ფუფუნება იყო, ახლა კი სპონსორებისა და იქაური ხელისუფლების
დახმარებით ახლები შეიძინეს და ტურნირს ერთბაშად 20 ფარი ემსახურებოდა.

სპონსორ-ორგანიზატორთა მეცადინეობით, დაწესებული იყო საპრიზო ფონდიც - ჩემპიონმა 150 ევრო მიიღო, ვიცე-ჩემპიონმა - 100, ბრინჯაოსმედალოსანმა - 50.

მთლიანობაში, ღონისძიება საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მიზეზთა გამო ჩვენები უძლიერესი შემადგენლობით ვერ გამოვიდნენ - ასმათ დიასამიძე ისვენებდა, ხათუნა ნარიმანიძე კი ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატია და არჩევნებით იყო დაკავებული.

არც ნათია ცინცაძეს უასპარეზია, რომელიც შეჯიბრებამდე ერთი კვირით ადრე გათხოვდა. დანაკლისი იყო ვაჟთა შორისაც. სამაგიეროდ, თურქეთის ქალთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონი ნატო ნასარიძე ჩამოუძღვა.

ქალთა შორის საკვალიფიკაციო ტურნირი ყველაზე უკეთ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ქრისტინე ესებუამ ჩაატარა და 640 ქულით გაიმარჯვა. დანარჩენთაგან 600-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ერთმა გადალახა, ჩვენთვის საინტერესო მსროლელმა - უკრაინიდან გადმობირებულმა იულია ლობჟანიძემ, რომელმაც 622 ქულა დააგროვა.

მესამეზეც ჩვენი მსროლელი გავიდა - ლანა ვერულიძემ 595 დააგროვა, ოღონდ ის ორი თუ თბილისს წარმოადგენდა, ეს ხელვაჩაურის სახელით გამოდიოდა. უცხოელთაგან საუკეთესო შედეგი ბაქოელმა სვეტლანა სიმონოვამ აჩვენა - 589.

პლეი ოფის პირველ წრეში შესარჩევის 9 საუკეთესო ჩუბინი ისვენებდა, ნახევარფინალში კი ლობჟანიძემ ნასარიძეს 103:91 მოუგო, ხოლო ესებუამ და სიმონოვამ შეხვედრა ფრედ დაასრულეს - 126:126, მაგრამ ბაქოელმა სტუმარმა დამატებითი მაჩვენებლებით იმარჯვა და ფინალშიც გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ნამუსი ლობჟანიძემ მოგვწმინდა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმების, ოპერაციების, შესვენებისა და მოქალაქეობის მიღების გაჭიანურებული პროცესით გამოწვეული მღელვარების შემდეგ პირველ სერიოზულ ტურნირს ატარებდა.

მან სტუმარს 104:97 სძლია და მთავარ პრიზსაც დაეუფლა. ოდინდელ მეგობარსა და დღევანდელ თანაგუნდელს არც ესებუა ჩამორჩა, რომელმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნასარიძეს 128:126 აჯობა.

ვაჟთა შორის შესარჩევში ყველას თურქმა დინგერ ცევდეტ დემირალმა აჯობა - 643 ქულა. მას 3-3 ქულით ჩამორჩნენ თანაგუნდელი აიდინ გაბატაი და სომეხი ვასილ შაჰნაზარიანი, მეოთხეზე კი ჩვენი გუნდის ლიდერი ლაშა ფხაკაძე გავიდა 126-ით.

მან ნახევარფინალამდე სამი წრე წარმატებით გაიარა, ფინალის საგზური კი სწორედ საკვალიფიკაციოს გამარჯვებულ დემირალთან ბრძოლაში მოიპოვა - 84:78 აჯობა. მეორე ნახევარფინალში გაბატაიმ შაჰნაზარიანს 110-108 მოუგო.

სამწუხაროდ, ფინალი თურქის უპირატესობით წარიმართა - გაბატაიმ 84:76 მოიგო და ფხაკაძე ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი შაჰნაზარიანმა 138:128 მოუგო დემირალს.

ჩვენი ქალების უპირატესობით დასრულდა გუნდური შეჯიბრებაც - თბილისის გუნდმა, რომელშიც ესებუასა და ლობჟანიძის გარდა, თეონა კუტალაძეც შედიოდა, ფინალში თურქეთს 193:177 მოუგო.

ბრინჯაოს მედლები სომხებმა ირგუნეს, თუმცა საამისოდ გადამწყვეტ შეხვედრაში დამატებითი დრო დასჭირდათ აზერბაიჯანელთა დასამარცხებლად - ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 185:185, დამატებითში კი სომხებმა 23:22 იმარჯვეს.

ვაჟებში გუნდური პირველობა თურქებმა მოიგეს, მეორეზე სომხეთის პირველი გუნდი გავიდა, ბრინჯაო კი თბილისის პირველმა გუნდმა (ფხაკაძე, თენგიზ ლურსმანაშვილი, ირაკლი ქვლივიძე) მოიპოვა.

დასკვნით შეხვედრაში მათ ხელვაჩაურელები (ტარიელ ქადიძე, დიმიტრი კირიჩენკო, არჩილ ფარსენაძე) დაამარცხეს.

17 ოქტომბერს თბილისელი და ბათუმელი მშვილდოსნები ერევანს ეწვევიან და იქაურ საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული