ბათუმელ და აზერბაიჯანელ მშვილდოსნებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა აქამდე ეს ცალმხრივი იყო - იქ ამ რანგის საერთაშორისო შეჯიბრებები არ ტარდებოდა, მხოლოდ ახლა ჩაუყარეს საფუძველი და ჩვენებიც მიიწვიეს საპასუხო ვიზიტით.
აი, ბათუმი კი ყოველწლიურად ატარებს რამდენიმე შეჯიბრებას უფროსებშიც და უმცროსებშიც, სადაც მუდმივად მონაწილეობენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც.
საერთოდ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო ბათუმი ამიერკავკასიის მშვილდოსნობის ცენტრად იქცა - ისინი ერთმანეთთან არ ჩადიან
ბაქოს აღნიშნული ტურნირი უფროსთა შორის იმართებოდა, თუმცა ვინაიდან ქალთა ეროვნული ნაკრების ბათუმელი ლიდერები მომავალი სეზონისთვის ემზადებიან, ბაქოში ახალგაზრდები გაგზავნეს - 19 წლის ნინო დევაძე, მედეა აბულაძე და ციალა ფუტკარაძე, რომლებიც 1996 წელს არიან დაბადებულნი.
ვაჟთა ნაკრებში ძველი თაობის წარმომადგენელი მხოლოდ ტარიელ ქადიძე იყო, ტარიელ ბასილაძე და არჩილ არძენაძე კი ასევე ახალგაზრდები არიან.
მათ ბევრად უფროსებთან მოუწიათ პაექრობა. მით უფრო, რომ ტურნირში რუსეთი, თურქეთი და ირანიც გამოდიოდნენ, რაც პირადში შედეგებზეც აისახა - ჩვენები მედალოსნებში ვერ მოხვდნენ, თუმცა ფუტკარაძე შესარჩევში მეშვიდეზე გავიდა.
სამაგიეროდ, ჩვენებმა ბრძოლისუნარიანობა გუნდურში გამოავლინეს და ორივე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ბათუმელებმა შერეულ წყვილებშიც იასპარეზეს, ქართული დუეტი კი ფუტკარაძემ და ბასილაძემ შექმნეს. შეჯიბრებაში ჩაება აბულაძეც, ოღონდ... თურქ მეწყვილესთან ერთად.
საქმე ისაა, რომ თურქებს გოგოები არ ჰყავდათ და საერთო შეთანხმებით, ინტერნაციონალური წყვილი შეიქმნა.
ბედის ირონიაა, რომ მეოთხედფინალში სწორედ ამ გაერთიანებულმა დუეტმა აჯობა ჩვენებს. კიდევ კარგი, მერე ჩემპიონები გახდნენ, ანუ ბაქოში ერთი ოქრო მაინც მოვიპოვეთ.
24-25 დეკემბერს აზერბაიჯანელები უკვე ხელვაჩაურს ესტუმრებიან სასპორტო სკოლის ღია თასზე, რომელშიც მონაწილეობას თბილისელი, ქუთაისელი და ასპინძელი მშვილდოსნებიც მიიღებენ.
შეჯიბრება უფროსებსა და ახალგაზრდებში ჩატარდება ახალსოფლის სპორტულ ბაზაზე, სადაც 40-მეტრიანი საჭიდაო დარბაზია და იქ 18-მეტრიანი სასროლეთი თავისუფლად მოეწყობა.
ადრეც ვწერდით, რომ ბათუმელთა მიწვევა იტალიელებს სურდათ საკლუბო ტურნირზე, რისი ინიციატორიც იქაური ფედერაციის პრეზიდენტი იყო, რომელიც მსოფლიო ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტობასაც ითავსებს. მან პირობა შეასრულა და 14-17 დეკემბერს ჩვენები მართლაც მიიწვია, თუმცა უსახსრობის გამო წასვლა ვერ შეძლეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"