მშვილდოსნობის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს

AutoSharing Option
წინასაახალწლოდ მშვილდოსნებმაც მოილიეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე და აირჩიეს ხელმძღვანელი ორგანოები.

მოისრეებმა საარჩევნო ყრილობა დროულად კი ჩაატარეს, მაგრამ იქ მხოლოდ პრეზიდენტი და გამგეობა აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის არჩევნები კი 12 იანვრისთვის გადადეს.

ფედერაციის დებულებით, პრეზიდენტს უფლება აქვს, რიგგარეშე ყრილობა მოიწვიოს და საამპოსტე კანდიდატები იქ წარადგინოს დასამტკიცებლად.

ვინაიდან ჩასატარებელია ქვეყნის ზამთრის პირველობა, რომელმაც უნდა შეარჩიოს ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდი; დასაწყებია მზადება ახალი სეზონისთვის. ამიტომ ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა თენგიზ ტერუნაშვილმა მოვლენათა დაჩქარება გადაწყვიტა და 12 იანვრის ნაცვლად, რიგგარეშე სხდომა ახალ წლამდე
ჩაატარა.

გამგეობამ მის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიც დაამტკიცა, ანუ ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სერგო გათიკაევი იმუშავებს, ვიცე-პრეზიდენტები კი ჯერაც ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრი ხათუნა ნარიმანიძე და ცნობილი მწვრთნელი ალექსანდრე მეჟევიძე იქნებიან; გენერალური მდივანი - დავით ლეკვეიშვილი, რომელიც ასევე მოქმედი სპორტსმენია, თუმცა კი ძველი თაობისა - სადღეისოდ მისი შვილიც ისვრის.

ჭერქვეშ საქართველოს პირველობა 4-5 იანვარს იყო დანიშნული, მაგრამ გამგეობამ ცოტათი გადასწია, თუმცა ზუსტი თარიღი ვერ დაადგინა.

მიზეზი დარბაზის პრობლემაა - ფედერაციას სურს, პირველობა სპორტკომპლექს "არენაში" ჩაატაროს, მაგრამ გააჩნია, როდის იქნება იქაურობა თავისუფალი. ჩემპიონატის ზუსტი თარიღიც ამის შემდეგ გაირკვევა; ისე კი, ვარაუდობენ, რომ 15-დან 20 იანვრამდე ჩაატარონ.

ამის შემდეგ შერჩეული გუნდი თებერვლის ბოლოს პოლონეთში გასამართავი ევროპის ზამთრის პირველობისთვის დაიწყებს მზადებას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, სხვადასხვა წელს კი იქ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებიც მოუპოვებია.

ჯერჯერობით კვლავაც ღიად რჩება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კვლავაც არ დამტკიცებულა.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ამ პოსტზე კორეელი სპეციალისტი ან ჰეიუნ სანი მუშაობდა, თუმცა ახალი ფედერაცია მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს და საქმის დაჭერა ადგილობრივ სპეციალისტთან სურს. ტერუნაშვილის თქმით, ამის მიზეზი სახელფასო ფონდია.

მისივე თქმით, კორეელს თავიდან 5 000 ლარს უხდიდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ქრისტინე ესებუას მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოაპოვებინა, 7 000-მდე გაუზარდეს. სულ კი მის ხელფასზე 110 000 ლარი დაიხარჯა.

ტერუნაშვილის თქმით, ამ თანხით მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება შეიძლება (მაგალითად, იარაღის მოსარგები მოწყობილობისა). ამ პირობებში კი ქართველი მწვრთნელებიც შეძლებენ წარმატების მოპოვებას.

სავარაუდოდ, მწვრთნელის საკითხიც საქართველოს პირველობის მიმდინარეობისას გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული