მშვილდოსანთა ზამთრის ჩემპიონატის თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია

AutoSharing Option
მშვილდოსანთა ზამთრის ჩემპიონატის თარიღმა რამდენიმე დღით გადაიწია.

ფედერაციას მისი დაწყება 19 იანვარს სურდა, თუმცა ტექნიკურ-მატერიალური პრობლემების გამო ეს შეუძლებელი ხდება და სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ჩატარდება.

მისი გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინვენტარის პრობლემაა - ფედერაციას შედარებით მოძველებული ძველი ფარების ნაცვლად, ახლების დამზადება სურს და სწორედ ეს პროცესი ჭიანურდება. უფრო კონკრეტულად - თანხის გადარიცხვისა.

შეგახსენებთ, რომ ესაა ზამთრის, ანუ დარბაზის პირველობა, რომელიც 18-მეტრიან სასროლეთზე ტარდება.

ეს არაოლიმპიური დისციპლინაა და შედარებით არაპრესტიჟულიც, თუმცა ზამთარში სატურნირო პრაქტიკის მისაღებად ჩინებული შანსია.

ამიტომ
მას ვერც უმნიშვნელოს ვუწოდებთ, როგორც სეზონის მთავარი, ანუ ოლიმპიური სტარტებისთვის მოსამზადებელს, თუმცა კონკრეტულად ამ ტურნირს სხვა, ბევრად სერიოზული დატვირთვა აქვს - მან უნდა გამოავლინოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით პოლონურ რზესზოვში ევროპის ზამთრის ჩემპიონატში იასპარეზებს.

აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენები პოლონეთში ამ ტიტულის დასაცავად ჩავლენ - ორი წლის წინათ, 2011 წელს, ესპანურ კამბრილსში მათ პირველობა არავის დაუთმეს. იმედია, ისინი არც პოლონეთში შეირცხვენენ თავს.

ამასობაში კვლავ ღიად რჩება ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი. სამაგიეროდ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ მოდელზე, რომლის დანერგვასაც საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ახალარჩეული ძველი პრეზიდენტი თენგიზ ტერუნაშვილი აპირებს - უფროსებს, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს, ბიჭებსა თუ გოგოებს ცალ-ცალკე მწვრთნელი ეყოლება, ანუ ჯამში ექვსი დამრიგებელი, რომლებსაც კურატორობას მეშვიდე კაცი - მთავარი მწვრთნელი გაუწევს.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეის დონეზეა, თუმცა მსგავსი მოდელი ბევრ წამყვან ქვეყანაში მოქმედებს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხთან დაკავშირებით მშვილდოსნები.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების საერთაშორისო კალენდარს, ცხადია, ეს საკითხი საბოლოოდ მწვრთნელთა შტაბის დამტკიცების შემდეგ გაირკვევა, თუმცა, სავარაუდოდ, ჩვენები 15-20 აპრილს ფრანგულ რიომში "დიდ პრიზზე" და მაისის ბოლოს მეზობელ სომხეთში, ეჩმიაძინში გასამართ ევროპის "დიდ პრიზზე" ნამდვილად გამოვლენ. აი, შუალედში - 14-19 მაისს შანხაიში გასამართ მსოფლიოს თასზე ისვრიან თუ არა, ჯერ ვერ გეტყვით - ეს ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

ალბათ, ქალთა მთავარ ნაკრებს თუ ჩინეთში გაუშვებენ, მაშინ ეჩმიაძინში სათადარიგო შემადგენლობა წავა გამოცდილების და სატურნირო პრაქტიკის მისაღებად.

ივნისში ჩვენს სამეზობლოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა - 10-16 ივნისს ანტალიაში მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი იმართება.

ეს ტრადიციულად ერთ-ერთი ზეპრესტიჟული შეჯიბრებაა, რომელიც სიძლიერით მსოფლიოს პირველობას არ ჩამოუვარდება.

ჩვენები იქ მუდმივად მონაწილეობენ და ერთხელ ხათუნა ნარიმანიძე ამ უძლიერესი შეჯიბრების გამარჯვებულიც გახდა. იმედია, ჩვენები წლეულს იქაც გამოვლენ, რადგან გზის ხარჯი ნაკლებია და ამდენად, ჩვენთვის ხელსაყრელი შეჯიბრებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული