ხელვაჩაურში მშვილდოსნობაში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა

AutoSharing Option
ამ დღეებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის სასპორტო სკოლის დარბაზში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა მშვილდოსნობაში, რომელშიც 24 ჩუბინი გამოვიდა.

ეს მთლიანად რეგიონის სპორტსმენთა მზადებაზე ორიენტირებული შეჯიბრება იყო, რომელშიც არც ქვეყნის სხვა რეგიონების წარმომადგენლები ისროდნენ და არც - სომეხი ან აზერბაიჯანელი სპორტსმენები, რომლებიც ბათუმურ ტურნირებში სისტემატურად მონაწილეობენ.

როგორც ნაკრების სხვა წევრ-კანდიდატები, ბათუმელი მშვილდოსნებიც თებერვლის ბოლოს პოლონეთში გასამართი ევროპის ზამთრის პირველობისთვის ემზადებიან. ამიტომ ეს შეჯიბრებაც დარბაზში გაიმართა, 18-მეტრიან დისტანციაზე.

ქალთა შორის ამჯერად უძლიერესი ასმათ დიასამიძე აღმოჩნდა, რომელმაც ფინალში ლანა ვერულიძე დაამარცხა. ბათუმელთა და საქართველოს
ნაკრების ლიდერი ხათუნა ნარიმანიძე ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა.

ვაჟთა შორის ახალი თაობის წარმომადგენელმა - ტარიელ ბასილაძემ გაიმარჯვა, ხოლო ძველი ლიდერი - ტარიელ ქადიძე ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაო გიგა კაკაბაძემ მოიპოვა.

ახალგაზრდა გოგონების ტურნირში მედეა აბულაძემ ყველაზე მეტად იყოჩაღა და ფინალში ნარიმანიძის შვილს - ციალა ფუტკარაძეს მოუგო, ხოლო მესამეპრიზიორი ნინო დევაძე გახდა.

ბიჭების პირველობა არჩილ ფარსენაძის უპირატესობით წარიმართა. ვერცხლი გია გათენაძეს ერგო, ბრინჯაო - გიორგი შაინიძეს.

ამ მცირე მოთელვის შემდეგ აჭარელ მშვილდოსნებს უახლოეს დღეებში ბევრად უფრო სერიოზული გამოცდა ელოდებათ - 3-5 თებერვალს თბილისში ქვეყნის ზამთრის პირველობა ტარდება. სწორედ იქ გაირკვევა პოლონეთში წამსვლელი ნაკრების შემადგენლობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენები ევროპის ზამთრის პირველობის მოქმედი ჩემპიონები არიან - ორი წლის წინ ესპანურ კამბრილსში გაიმარჯვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული