ქართველ მშვილდოსანთა ასაკობრივი ნაკრებები ლიუბლიანაში გამოვლენ

AutoSharing Option
12 მაისს დილით ქართველ მშვილდოსანთა ასაკობრივი ნაკრებები - ახალგაზრდა და ჭაბუკი ბიჭებისა და გოგოების გუნდები ლიუბლიანაში გაფრინდებიან, სადაც 13-18 მაისს ევროპის თასის პირველ ეტაპში იასპარეზებენ.

არათუ ბოლო წლებში, ვგონებთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც კი პირველი შემთხვევაა, როცა უმცროსებში ასე წარმომადგენლობითი დელეგაციით, ერთბაშად ოთხი სრულად დაკომპლექტებული გუნდით გამოვალთ.

ასეთი სასიამოვნო ცვლილება ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მიდგომამ გამოიწვია, რომელიც ცდილობს, როგორმე დააბალანსოს აქამდე არსებული რეალობა, არც უფროსებს მოაკლოს ყურადღება, მაგრამ ახალგაზრდებსაც მეტი შანსი მისცეს.

შიდა კალენდარის გადათამაშება ამის საშუალებას იძლევა და ცდილობენ, მომავალი თაობის
აღზრდას მეტი ყურადღება დაუთმონ, რადგან უამისოდ, რაგინდ ძლიერიც უნდა გვყავდეს ქალთა ან თუნდაც ვაჟთა გუნდი, სახეობას განვითარება არ უწერია.

სლოვენიაში ბიჭების ტურნირში გამოსვლის უფლება შიდა შეჯიბრებებზე ნაჩვენები შედეგით ლაშა ფხაკაძემ, ჯაბა მოსეშვილმა და მამუკა შუშაძემ მოიპოვეს, გოგოებში - თეონა არჯევანიძემ, თეონა კუტალაძემ და ნინო დევაძემ.

ჭაბუკებში საქართველოს ღირსებას აკაკი ლეკვეიშვილი, არჩილ ფარსენაძე და ვლადიმერ დოლიძე დაიცავენ, გოგოებში - ციალა ფუტკარაძე, მედეა აბულაძე და ანა დუმბაძე.

როგორც ვხედავთ, ბიჭების გუნდი ძირფესვიანადაა გადახალისებული - შარშანდელი შემადგენლობიდან იქ ადგილი მხოლოდ ფხაკაძემ შეინარჩუნა, რომელმაც, ასაკის მიუხედავად, შარშან კინაღამ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

მისასალმებელია, რომ ასეთ მაღალ დონეზე კვლავ გამოჩნდა ქუთაისის წარმომადგენელი - მოსეშვილი.

ქალთა შორის ევროპიდან ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონის - ქეთევან ლოსაბერიძის მშობლიური ქალაქი ნამდვილად იმსახურებს წარმატებულ მშვილდოსნებს, ლიუბლიანაში კი ჩვენებურთაგან ყველაზე უმცროსი ბათუმელი ანა დუმბაძე იქნება, რომელიც აპრილში გახდა 14 წლის.

ევროპის თასზე გაისად გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისა თუ მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზურებიც გაიცემა, რაც ტურნირის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

არადა, ჩვენებურთა უმეტესობა პირველად გადის უცხოეთში საასპარეზოდ, მაგრამ, იმედია, დავალებას თავს კარგად გაართმევენ. მით უფრო, დებიუტანტთა უმრავლესობამ შიდა ტურნირებში დამაიმედებელი შედეგები გვაჩვენა.

ლიუბლიანაში 13 აპრილი ოფიციალური ვარჯიშის დღეა, 14-15-ში შესარჩევი ეტაპი გაიმართება უკლებლივ ყველა ასაკსა და დისციპლინაში.

ამით გამოვლინდებიან არა მარტო პირად-გუნდურ პირველობაში პლეი ოფების მონაწილენი, არამედ - შერეული წყვილებიც, რომლებიც 15-შივე გამოავლენენ გამარჯვებულებს.

16 მაისს პლეი ოფები უკვე პირად პირველობაში დაიწყება - იქაური დროით 14 საათზე და პაექრობები ნახევარფინალების ჩათვლით გაიმართება ანუ ოქროსა და ბრინჯაოსთვის მებრძოლი წყვილები გაირკვევიან.

17 მაისი მთლიანად გუნდურ ასპარეზობას დაეთმობა - ოლიმპიურ დისტანციაზე შეჯიბრება ასევე სლოვენიის დროით 10.30-ზე დაიწყება, 12.40-ზე კი ნახევარფინალებიც მომთავრდება.

ამას შესვენება მოჰყვება და 16.25-დან უკვე მედლებისთვის მებრძოლი წყვილები შეერკინებიან ერთმანეთს. 18 მაისს, ტურნირის ბოლო დღეს 14 საათიდან ფინალური პაექრობები პირად პირველობაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული