უწინარესად, ეს ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების ლიდერ ლაშა ფხაკაძეზე ითქმის, რომელმაც შესარჩევი ეტაპი მეხუთე ადგილზე დაასრულა - 622 ქულა.
ფხაკაძე ჩვენს დელეგაციაში ყველაზე გამოცდილია - მოგეხსენებათ, ის შარშან ეროვნულ ნაკრებში ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიისთვისაც კი იბრძოდა და მიზნამდე ერთი მოგება დააკლდა.
ლაშამ სლოვენიაშიც კარგად ისროლა და თურქ იაგიზ ილმაზთან ერთად თავიდანვე დაწინაურდა - რამდენიმე სერიის განმავლობაში
ერთხანს მასპინძელი იან რიავეციც მოწინავეობდა, მაგრამ ის მეექვსეზე გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპი უნგრელმა ბანდამ მოიგო 638 ქულით, თურქებს შორის კი ბელგიელი ჩადგა.
ჩვენი დანარჩენი ახალგაზრდა ბიჭებიდან ჯაბა მოსეშვილი 564 ქულით 39-ეა. მამუკა შუშაძემ თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე თანდათან მოუკლო და ბოლო, 51-ე შედეგი აღმოაჩნდა - 521 ქულა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები 1707 ქულით მეათე ადგილზე გავიდნენ.
გოგოებში ქართველთაგან ყველაზე უკეთ თეონა კუტალაძე გამოვიდა - 613 ქულა, 22-ე ადგილი. ის სხვებთან შედარებით გამოცდილია - კორეელი მწვრთნელი დიდად სწყალობდა და შეკრება-ტურნირებზე დაჰყავდა.
სლოვენიაში მას უკეთაც შეეძლო გამოსვლა, რადგან ბოლო სროლებამდე 20-ეულში შედიოდა. თეონა არჯევანიძის ანგარიშზე 543 ქულა და 36-ე ადგილია, ნინო დევაძე კი 491-ით 39-ეა. გუნდურში ჩვენები პლეი ოფს მიღმა დარჩნენ, რადგან 1647 ქულა დააგროვეს, რაც მეცხრე შედეგი აღმოჩნდა.
ჭაბუკთა ასაკის ბიჭებში ქართველთაგან ყველაზე უკეთ არჩილ ფარსენაძე გამოვიდა - 623 ქულა და XVIII ადგილი, რაც დებიუტანტის კვალობაზე ურიგო შედეგი არაა. დასაძრახი არც აკაკი ლეკვეიშვილია - 611-ით 27-ე ადგილი.
ეს ბიჭი მწვრთნელისა და ჯერ კიდევ მოქმედი სპორტსმენი დავით ლეკვეიშვილის შვილია, რომელიც პირველი სერიის შემდეგ სულაც მეათე იყო, მაგრამ მეორეში სუსტად ისროლა, თორემ საბოლოო შედეგიც ბევრად უკეთესი ექნებოდა.
ვერ გეტყვით, რისი ბრალია, მაგრამ მეორე დისტანცია, ყველა გუნდის გათვალისწინებით, ჩვენგან ბევრმა ჩააგდო. ამ ნაკრების მესამე მონაწილე ვლადიმერ დოლიძე 592 ქულით 53 მონაწილეს შორის 39-ეზე გავიდა, გუნდი კი 1826 ჯამური ქულით მეექვსე აღმოჩნდა.
ამავე ასაკის გოგოებში მედეა აბულაძემ იყოჩაღა, რომელიც დიდი საერთაშორისო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის - 631 ქულა და XVI ადგილი 42 მონაწილეს შორის.
ქალთა ნაკრების ლიდერ ხათუნა ნარიმანიძისა და ამავე გუნდის მწვრთნელ თამაზ ფუტკარაძის შვილი ციალა ფუტკარაძე 588-ით 30-ეა. ჩვენებიდან ყველაზე უმცროსი მონაწილე, 14 წლის ანა დუმბაძე 524-ით მე-40 ადგილზეა. პლეი ოფში ეს გუნდიც მოხვდა - 1743 ქულით მეშვიდეზე გავიდნენ.
ახალგაზრდებში შერეულ წყვილებში ფხაკაძის და კუტალაძის საერთო შედეგი 1235 ქულა აღმოჩნდა და მეექვსეზე გავიდნენ, ჭაბუკებში კი ფარსენაძე და აბულაძე მეცხრეზე არიან 1254-ით.
15 მაისს სწორედ ეს წყვილები იასპარეზებენ პლეი ოფში, 16 მაისს კი ამავე სერიაში პირადი პირველობის მონაწილენი ჩაებმებიან და მედლებისთვის მებრძოლ წყვილებს გამოავლენენ. 17 მაისს პლეი ოფი უკვე გუნდურში დაიწყება, მაგრამ იქ ჩვენგან მხოლოდ ჭაბუკები გამოვლენ - გოგონებიც და ბიჭებიც უკრაინელებს გაეჯიბრებიან.
როგორც ვხედავთ, ამ ტურნირზე ჩვენები ოთხივე ასაკობრივი ნაკრებით გამოდიან, რაც პირველი შემთხვევაა. საბედნიეროდ, ფედერაციის სტრატეგია გამართლებულიც აღმოჩნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"