მთლიანობაში, ჩვენებმა 16 მაისს შეინარჩუნეს 15 მაისის წარმატება, ლიდერებმა კი წინაც წაიწიეს.
უპირველესად - ვაჟთა ახალგაზრდული გუნდის ფავორიტმა ლაშა ფხაკაძემ, რომელმაც მონაგარი 1301 ქულამდე გაზარდა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა (პირველი დღის შემდეგ მეხუთე იყო). შესარჩევი ეტაპი უნგრელმა არპად ბანდამ მოიგო საგრძნობი უპირატესობით - 1328 ქულა, ჩვენებური კი მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა 1305-ქულიან თურქ იაგიზ ილმაზს.
ამავე ასაკში ცოტათი წაიწია წინ ჯაბა მოსეშვილმაც, რომელმაც 1221 ქულით
მშვილდოსნებმა 16 მაისს 50 და 30-მეტრიან დისტანციებზე ისროლეს. ფხაკაძემ ჯერ კიდევ მესამე სერიის შემდეგ გადაინაცვლა მესამე ადგილზე, თუმცა განსაკუთრებით ძლიერად მეოთხე სერია ჩაატარა, 30-იან დისტანციაზე, სადაც 347 ქულა დააგროვა, ყველაზე მეტი მთელ შეჯიბრებაზე.
მხოლოდ ამ სერიაში მან 7-ჯერ გაარტყა ცენტრში, როცა წინა სამში ეს სულ 10-ჯერ გააკეთა. საერთოდ, ამ სერიის 12 ცდიდან 6-ჯერ დარჩა 10-იანში, რაც მისთვის ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.
ამავე ასაკის გოგოებში თეონა კუტალაძემაც გააუმჯობესა შედეგი - 1261 ქულით 22-იდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ისიც უფრო უკეთ მოკლე დისტანციებზე გამოვიდა - 50 და 30 მეტრზე. პირველში 315 ქულა დააგროვა, მეორეში - 333, რაც მისთვის საუკეთესო სერია გამოდგა. თეონა არჯევანიძე 1156 ქულით 34-ეა, ანუ ორი ადგილით წაიწია წინ; 1023-იანი ნინო დევაძე კი ბოლოსწინა, 39-ეა. გუნდური მონაგარი ასეთია - 3440 ქულა და მეცხრე ადგილი.
* * *
საგრძნობი ნახტომი გააკეთა ჭაბუკებში ჩვენი ბიჭების ლიდერმა არჩილ ფარსენაძემ - 27-ედან მე-17 ადგილზე გადაინაცვლა 1285 ქულით. აკაკი ლეკვეიშვილი 1241-ით 32-ეა, ვლადიმერ დოლიძე 1199-ით - 42-ე. გუნდურში ჩვენები 3725 ქულით მე-6 ადგილზე გავიდნენ.
ამ ასაკის გოგოებში მედეა აბულაძემ 1270 ქულა დააგროვა და მე-19-ეზე დამკვიდრდა, ციალა ფუტკარაძემ 1228-ით და 28-ე ადგილით დაასრულა შესარჩევი, ანა დუმბაძე კი 1054-ით ზუსტად მე-40 ადგილზეა. გუნდურში ქართული სამეული 3552-ით მე-8 აღმოჩნდა.
მოგეხსენებათ, ჩვენი სპორტსმენების უმეტესობა ამ რანგის ტურნირების დებიუტანტია, ბევრი კი სულაც პირველად გავიდა უცხოეთში შეჯიბრებაზე. ამიტომ ვფიქრობთ, ასეთი გამოსვლა მაინც ნორმალურია.
მით უფრო, რომ რამდენიმემ საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. თუმცა ამბობენ, ნამდვილი ბრძოლა პლეი ოფიდან იწყებაო და აი, იმ ეტაპზე კი დაეტყოთ ჩვენებს გამოუცდელობა - უმეტესობამ პირველივე შეხვედრა დათმო, თუმცა იყო სასიამოვნო გამონაკლისებიც. ზოგმა, შესარჩევისგან განსხვავებით, აქ გვარიანად იომა.
პლეი ოფში პირველად შერეული წყვილები ჩაებნენ. მშვილდოსნობაში ამ ტურნირში ქვეყნიდან მხოლოდ თითო წყვილი დაიშვება, რომელიც ავტომატურად იქმნება გოგოებისა და ბიჭების საუკეთესო მონაწილეებისგან.
როგორც გაცნობეთ, ახალგაზრდებში ასეთი დუეტი ფხაკაძემ და კუტალაძემ შექმნეს, ჭაბუკებში - ფარსენაძემ და აბულაძემ.
სამწუხაროდ, ორივე პირველივე რაუნდში დამარცხდა, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და მხოლოდ დამატებით სერიაში დამარცხდნენ. ახალგაზრდებმა მარკუს ლაგნეჰოლტისა და სესილია ბლომბერგის შვედურ წყვილთან წააგეს.
ძირითადი სერია ფრედ დასრულდა - 133:133, დამატებითში კი სკანდინავიელებმა 18:16 იმარჯვეს.
ფარსენაძე-აბულაძის დუეტს კიდევ უფრო ცოტა დააკლდა მასპინძლებთან - გასპერ სტრახარსა და ივანა ლაჰარნარისთან - 135:135 დამთავრებული ძირითადი სერიის შემდეგ დამატებითში ერთადერთი ქულით წააგეს - 15:16.
* * *
ინდივიდუალურ პირველობაში გოგოებიდან პირველი ბარიერი მხოლოდ არჯევანიძემ და ფუტკარაძემ გადალახეს. არჯევანიძემ პირველ წრეში შვედ სანდრა ანდერსონს დააყრევინა ფარ-ხმალი.
არადა, შვედმა პირველი სეტი 27:23 მოიგო და დაწინაურდა. საბედნიეროდ, ჩვენებური ამან ვერ შეაშინა და მომდევნო ორი მინიმალური სხვაობით მოიგო - 24:23; 28:27, მესამეში კი მეტოქე საბოლოოდ გატყდა - არჯევანიძემ 28:21 მოიგო.
სამწუხაროდ, მომდევნო წრეში ჩვენებური გერმანელ კატარინა ბაუერთან პირწმინდად დამარცხდა - 0:6. ახალგაზრდებში დევაძემ შემართებით დაიწყო პაექრობა სლოვენიელ სპელა ფაჯდიგასთან - ჯერ 25:24 მოუგო, მეორე ფრედ დაასრულა - 21:21, მაგრამ შემდეგ ფიზიკური პრობლემა იყო, ფსიქოლოგიური თუ სულ სხვა რამე, მომდევნო სამი სეტი დათმო და შეხვედრაც 3:7 წააგო.
კუტალაძე პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი უკრაინელ ნატალია ლუკიანოვასთან სამივე სეტი წააგო და 0:6 დამარცხდა.
ამ ასაკის ბიჭებში მამუკა შუშაძემ და ბელორუსმა ულადძიმირ კარდზიალუკმა ნამდვილი თრილერი გამართეს - მორიგეობით მოიგეს პირველი ოთხი სეტი.
სამწუხაროდ, მეხუთეს "მოგების რიგმა" ბელორუსს მოუწია და ტრადიცია არც დაარღვია - 26:24 იმარჯვა, შეხვედრა კი 6:4 მოიგო.
ეს ბელორუსი ბედისწერად გვექცა ტურნირზე, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ. მანამდე კი მოსეშვილი უნდა შევაქოთ, რომელმაც პირველ წრეში ბელგიელი ლენტი გისი 7:3 დაამარცხა. ფხაკაძე პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი პოლონელი კამილ ადამეკი დამატებითი გასროლით დაამარცხა - 6:5.
სამაგიეროდ, ზემოხსენებულ თურქ ილმაზთან წააგო მოსეშვილმა - 2:6. მერვედფინალში ფხაკაძე ძალზე ახლოს იყო მიზანთან - იმავე ბელორუს კარდზიალუკს პირველი ორი სეტი მოუგო, მაგრამ მერე ზედიზედ სამში დამარცხდა. არადა, ბოლო, მეხუთე სეტში მხოლოდ ერთი ქულით წააგო - 28:29.
ჭაბუკებში - ბიჭებში ყველაზე უკეთ ფარსენაძე გამოვიდა, რომელმაც ორი წრე წარმატებით გაიარა - პირველში საკმაოდ იოლად, სამ სეტში დაჯაბნა შვედი მარკუს ლინდბერგი, მეორეში კი პოლონელ მარეკ სზაფრანსაც უპრობლემოდ მოუგო - 6:2.
ფარსენაძე მესამე წრეში დამარცხდა გერმანელ კარლო შმიტცთან, თუმცა გამარჯვებულის ბედი იქაც მხოლოდ ბოლო, მეხუთე სეტში გაირკვა.
შესარჩევში არცთუ სახარბიელო გამოსვლის მიუხედავად, აქ კარგად იბრძოლა დოლიძემაც - ავსტრიელ დომინიკ ირაშს ჯერ მოუგო, მერე ორი სეტი ფრედ დაასრულა, მაგრამ დამარცხდა მომდევნო ორში და 4:6 წააგო. ესეც "ბოლო წუთების" მორიგი დრამა ქართულ სპორტში! ლეკვეიშვილი ბულგარელ გეორგ ვლადევთან 2:6 დამარცხდა.
ამ ასაკის გოგონებში ფუტკარაძემ პირველ წრეში მასპინძელი ბარბარა შტეფულა 7:3 დაამარცხა.
პირველი სეტი ჩვენებურმა მოიგო, მაგრამ მასპინძელმა მეორეშივე გაათანაბრა. მესამე ფრედ დამთავრდა, ბოლო ორში კი ქართველმა იმარჯვა. სამწუხაროდ, მეორე ბარიერი ვერც ფუტკარაძემ გადალახა - ფრანგ სოფიე პლანასთან 2:6 წააგო.
ჩვენი გუნდის ყველაზე პატარა მონაწილემ, 14 წლის ანა დუმბაძემ ებრაელ მაია რაისინს პირველი სეტი ფრედ დაუმთავრა, მაგრამ მომდევნო ორი დათმო.
აი, ამ დროს, როცა რაისინს ერთი მოგება აშორებდა საბოლოო გამარჯვებამდე, დუმბაძემ გაიბრძოლა, მეოთხე პარტია მოიგო და შეხვედრის გადარჩენის შანსი გაიჩინა. სამწუხაროდ, მისი გამოყენება ვერ შეძლო და ებრაელმა დამატებით დროში იმარჯვა, საერთო ანგარიშით 7:3. აბულაძე პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი პოლონელ პაულინა მაგასთან 0:6 დამარცხდა.
გუნდურ პირველობაში პლეი ოფში ორგანიზატორებმა ყველა დაუშვეს და ეს ეტაპი 17 მაისს ჩატარდება, ოღონდ სხვათა მსგავსად, აქაც ფინალისტები გამოვლინდებიან, მედლებისთვის შეხვედრები კი 18 მაისს გაიმართება. ახალგაზრდებში - ბიჭები პირველ წრეში ბელგიელებს ხვდებიან, გოგოები - შვედებს. ჭაბუკებში - ბიჭების პირველი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება, გოგონებისა - აზერბაიჯანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"