მიუნხენის მსოფლიოს თასზე ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე იასპარეზებენ

AutoSharing Option
25 მაისს მიუნხენში მსოფლიოს თასის გათამაშება იწყება ტყვიის სროლაში, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობას მხოლოდ ორი სპორტსმენი მიიღებს - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე.

ისინი ტურნირში ზეგ ჩაებმებიან - 26 მაისს, როცა სპორტული პისტოლეტიდან ისვრიან. პნევმატურში ქადაგიძე 28 მაისს იასპარეზებს, სალუქვაძე კი ამ ტიპის იარაღით შეჯიბრების ბოლო დღეს, 29-ში გამოვა.

ეს ამ რანგის მესამე ტურნირია მიმდინარე სეზონში, თუმცა ჩვენებისთვის მეორეა, რადგან გამოტოვეს 4-13 მაისს ამერიკულ ფორტ ბენინგში გამართული შეჯიბრება.

მიზეზი არახელსაყრელი კალენდარია - პირველი ასეთი ეტაპი აპრილის
დასაწყისში კორეულ ჩანჯოუში ჩატარდა და იქ გამოვიდნენ, რასაც იმხელა გზაზე გადაფრენ-გადმოფრენა დასჭირდა; მერე კიდევ ლამის ამდენივე წინ და უკან ფრენა აშშ-ში წასვლაზე უწევდათ, რასაც ისევ ევროპაში - მიუნხენსა და ესპანურ გრანადაში გასამართი შეჯიბრებები ერთვოდა და გვარიანი ფრენა გამოუდიოდათ.

ამიტომ ამერიკული ტურნირი გამოტოვეს. გერმანიის გარდა, ჩვენები 3-12 ივლისს გრანადაშიც გამოვლენ, რასაც ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ხორვატულ ოსიეკში ევროპის ჩემპიონატი მოჰყვება სპორტული პისტოლეტიდან სროლაში.

უფროსების პარალელურად, ტურნირებში ახალგაზრდებიც იასპარეზებენ. ერთ-ერთი პირველი მათგანი 3-10 ივნისს გერმანულ ზულში გასამართი ტრადიციულად დიდი საერთაშორისო შეჯიბრება იქნება.

იქ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით ორი ჩვენებური გამოვა - ლიზი კილაძე და ნინო სალუქვაძის შვილი ცოტნე მაჭავარიანი, რომელიც მამის კვალსაც მისდევს და ტყვიის სროლის გარდა, რაგბიშიც ვარჯიშობს, საბოლოო არჩევანი კი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული