სეზონში მსოფლიოს თასის ხუთი ეტაპი იმართება, მაგრამ მრავალ მიზეზთა გამო ანტალიური ყველაზე პრესტიჟულია.
ამას, ძირითადად, ხელსაყრელი კალენდარი განაპირობებს - ზაფხულია და საქვეყნოდ ცნობილ კურორტზე ჩასვლას ვინ დაიზარებს?! ხოლო, რაკი ძლიერი სპორტსმენები ჩადიან, ესე იგი, კარგი სპარინგებიც გარანტირებულია.
თან რეგიონული პირველობებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოსამზადებელი შეჯიბრებაა და ამ ფაქტორთა ერთობლიობა, რასაც მშვენიერი სპორტული ბაზა, ჩინებული ინფრასტრუქტურაც ემატება, განაპირობებს შეჯიბრების მაღალ დონეს.
ვარსკვლავები არც წლევანდელ შეჯიბრებას
მექსიკელებს ეყოლებათ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი აიდა რომანი, მაგრამ არ იქნება ლონდონური თამაშების მესამე პრიზიორი მარიანა ავიტილა; ბრიტანელებს აკლიათ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოსპრიზიორი ალისონ ვილიამსონი...
როგორც გითხარით, ჩვენი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელმა სერგო გათიკაევმა შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისა და ამჯერად ანტალიაში ჩვენგან ახალგაზრდული გუნდები გამოვლენ.
ეს იმან გამოიწვია, რომ უფროსებიდან ვერც ქალები და მით უფრო - ვერც ვაჟები ნორმატივებს ვერ ასრულებენ. ამიტომ მათ ნაცვლად ახალგაზრდების გამოცდა არჩიეს.
თავდაპირველად ვაჟებში საასპარეზოდ ლაშა ფხაკაძე, არჩილ ფარსენაძე და ჯაბა მოსეშვილი შეარჩიეს, ქალებში - თეონა კუტალაძე, ციალა ფუტკარაძე და მედეა აბულაძე, თუმცა ბოლო დღეებში მათ აკაკი ლეკვეიშვილი და ანა დუმბაძეც შეუერთდნენ. ამათგან ზოგი ფედერაციამ დააფინანსა, ზოგიც საკუთარი ხარჯით წავიდა.
10 ივნისს ანტალიაში სპორტსმენებს ოფიციალური ვარჯიში ექნებათ, 11-ში კი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება. დილის სესია იქაური დროით 9.45-ზე დაიწყება და 13 საათისთვის ჩუბინები ორ დისტანციას - 70 და 60 მეტრებს მოილევენ, 50 და 30-ზე კი საღამოს, შესვენების შემდეგ იასპარეზებენ 15 სთ-დან.
სწორედ ამის შემდეგ გაირკვევიან პლეი ოფის მონაწილეები როგორც გუნდურში, ისე - პირადში. 12 ივნისს, ასევე შესვენების შემდეგ გაიმართება პლეი ოფები პირადში და შერეულ წყვილებში, რაც 13 ივნისსაც გაგრძელდება. გუნდურში კი იმავე ეტაპის პაექრობები 14-ში ჩატარდება.
ოღონდ აღნიშნულ დღეებში პლეი ოფები პირადშიც და გუნდურშიც ნახევარფინალების ჩათვლით გაიმართება, საფინალო დღე კი 16 ივნისია, როცა უკლებლივ ყველა დისციპლინაში - ინდივიდუალურშიც, გუნდურშიც და შერეულ წყვილებშიც მედლებისთვის შეხვედრები მოეწყობა.
ტურნირიც ამ დღეს დასრულდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"