შესაძლოა, ქართველი მშვილდოსნები კორეელმა გაწვრთნას

AutoSharing Option
საბედნიეროდ, სასიკეთო ცვლილებები ქართულ მშვილდოსნობაშიც ხდება - თბილისში უკვე იმყოფებოდა კორეელი მწვრთნელი ან იონ სეუნი, რომელიც კონსულტანტადაა მოწვეული. იგი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით მოხვდა ჩვენთან - საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აქვს ასეთი პროგრამა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში, მოთხოვნის შესაბამისად, სპეციალისტთა მივლინებას ითვალისწინებს. კორეელმაც ეს გზა გამოიარა საქართველოში ჩამოსასვლელად, რისთვისაც ჩვენმა ეოკ-მა და მშვილდოსნობის ფედერაციამ იზრუნეს.

სეუნმა უკვე დაამთავრა პირველი სემინარი და უკანაც გაემგზავრა. პროგრამის ფარგლებში, მან კიდევ ორი სემინარი უნდა ჩაატაროს, თუმცა არაა გამორიცხული, მასპინძლებთან თანამშრომლობა ამის შემდეგაც გააგრძელოს და საქართველოში
მწვრთნელადაც დარჩეს. ამის შესახებ ჯერ მხოლოდ პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა შედეგები დამაიმედებელია.

სეუნი საქართველოში ნოემბერში ჩამოვიდა და  პირველი სემინარი ბათუმში ჩაატარა. იქ საქართველოს ნაკრების წევრები და კანდიდატები შეკრიბა, რომლებიც საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩია მას შემდეგ, როცა ისინი ჯერ საქმეში ნახა. ლაპარაკია როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ნაკრებზე. სასიამოვნოა, რომ მისი ყურადღება ახალი თაობის წარმომადგენლებმაც მიიქციეს - ბათუმელებმაც და თბილისელებმაც. პრაქტიკულ მეცადინეობებში ძველ ლიდერებთან ერთად ისინიც მონაწილეობდნენ. შერჩეულ კონტიგენტთან მწვრთნელმა ერთი თვე იმუშავა და გამოთქვა იმედი, რომ სალიცენზიო ტურნირებში წარმატებით გამოვლენ. მან თურმე განსაკუთრებით კარგი შეფასება ქალთა ნაკრებს მისცა.

ამ სემინარზევე დაიბადა ზემოაღნიშნული იდეაც, რომ სეუნმა ჩვენს გუნდებთან მუშაობა ახლანდელი პროგრამის დასრულების შემდეგაც გააგრძელოს. როგორც საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციაში გვითხრეს, წინადადებას სტუმარიც სიამოვნებით დაეთანხმა, მაგრამ ეს მხოლოდ მასზეც არაა დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ის მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტია, რომელსაც ზემოაღნიშნული ოლიმპიური სოლიდარობის თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ხშირად აგზავნის სხვადასხვა ქვეყნებში. ახლა სეუნი სწორედ ზემდგომებთან მოსალაპარაკებლადაა წასული, რათა როგორმე ისეთი კალენდარი შეადგინონ, რომ არც ძველ სამუშაოს მოსწყდეს და ჩვენს ნაკრებთან მუშაობის საშუალებაც მიეცეს. იმედია, კონსესუსი მოინახება და ეს მართლაც მაღალი დონის სპეციალისტი ჩვენს გუნდსაც დაეხმარება. თუმცა არა მხოლოდ გუნდს - ზოგადად ქართულ მშვილდოსნობას. მას საქართველოში მშვილდოსანთა სკოლის დაარსების სურვილიც გამოუთქვამს, რაშიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოდან გამგზავრების წინ მწვრთნელს მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და მისი მოადგილე დავით ნამგალაური შეხვდნენ, რომლებიც სწორედ ამ საკითხზე და ქვეყანაში სამომავლო საქმიანობაზე ესაუბრნენ. სეუნს რომ საქართველოში მუშაობა რეალურად უნდა, შემდეგი ფაქტიც ადასტურებს - თურმე უკვე სამომავლო მზადების გეგმაც შეადგინა და მის განხორციელებას იმედოვნებს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ნაკრების ამჟამინდელ თავკაც თამაზ ფუტკარაძესთან დაკავშირებით. როგორც ჩვენს ფედერაციაში გვითხრეს, ნაკრებში ისიც იმუშავებს და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მწვრთნელიც, ოღონდ მთავარი მწვრთნელის ფუნქციას კორეელი შეასრულებს - ის შეადგენს მზადების გრაფიკს, ნაკრების კალენდარს, შეგირდებთან იმუშავებს ფსიქოლოგიური კუთხით, იზრუნებს კორეაში გავრცელებული სისტემის დანერგვაზე, ფუტკარაძეს და სხვა ქართველ სპეციალისტებს კი თავისი საქმე ექნებათ.

ერთი სიტყვით, მოიძებნება ისეთი ვარიანტი, როცა ყველას თავის როლს მისცემენ სინთეზირებით. ვფიქრობთ, ასეთი მოდელი ჩვენი მწვრთნელებისთვისაც კარგია - ისინი ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან ისეთი გამოცდილი და ცნობილი სპეციალისტისგან, როგორიც სეუნია. კორეის ნაკრების წევრი ხომ წლების განმავლობაში წვრთნიდა იქაურ ახალგაზრდულ ნაკრებსა თუ კლუბებს, მერე კი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში ასევე ხანგრძლივად მუშაობდა ამერიკის, აზიისა თუ ევროპის ქვეყნებში. საქართველოში გამოგზავნამდე ის შვეიცარიაში იყო მივლინებული. სეუნის ჩამოყვანა იმ მხრივაცაა კარგი, რომ მისი, როგორც ცნობილი სპეციალისტის ფაქტორიდან გამომდინარე, ბევრად გაგვიიოლდება წამყვან გუნდებთან კონტაქტები. საქართველოს გუნდმა უკვე მიიღო მიწვევა ესპანეთში გასამართ ევროპის ზამთრის ჩემპიონატში გამოსასვლელად. მართალია, ამ ტურნირში ჩვენები ადრეც გამოდიოდნენ და მედლებიც მოუპოვებიათ, მაგრამ ამჯერად ოფიციალურ მიწვევას თურმე არაოფიციალური კონტაქტებიც მოჰყვა. როგორც ჩვენს ფედერაციაში გვითხრეს, ესპანელები ჩვენებურთა მონაწილეობით მას შემდეგ უფრო დაინტერესებულან, როცა სეუნის საქართველოში ჩამოსვლის და ნაკრების მწვრთნელად მისი შესაძლო დანიშვნის ამბავი გაიგეს. აქვე შევნიშნავთ, რომ ესპანეთის ნაკრებსაც კორეელი სპეციალისტები წვრთნიან.

რიგორც გითხარით, სეუნის სამ ეტაპად გაწერილი ქართული სემინარიდან ერთი უკვე ჩატარდა და ახლა ორია დარჩენილი. მეორე 10 იანვრიდან 10 თებერვლამდე თბილისში გაიმართება, მესამე კი მარტში ისევ თბილისში მოეწყობა.

"ლელო" ადრეც წერდა, რომ მშვილდოსანთა ნაკრებში კონსულტანტად კიდევ ერთი უცხოელის - პოლონელი ფსიქოლოგის ჩამოყვანა იგეგმებოდა. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს საქმე გამოირიცხა რამდენიმე მიზეზის გამო - თვით ის პოლონელიც ძალიან დაკავებულია; ფსიქოლოგიის განხრით სეუნსაც აქვს საკუთარი პროგრამა; ჩვენები ქართველ ფსიქოლოგსაც ელაპარაკებიან თანამშრომლობაზე, რომლის პროგრამაც თურმე დიდად არ განსხვავდება პოლონელის ვარიანტისგან. ამ საქმის საბოლოოდ გარკვევასაც სეუნის ფაქტორი აფერხებს - თუ მისმა ფსიქოლოგიურმა ვარჯიშმა გაამართლა, მაშინ ამ კადრის ძებნა არც დასჭირდებათ. იმედია, კორეელიც სწორ პროგრამას დადებს. ამის თქმის საფუძველს მისი გამოცდილება და კორეული სკოლა გვაძლევს, რომელშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მყარი ფსიქოლოგიური მომზადებაა. იქნებ ამ თემასთან კავშირში დიდად არაა, მაგრამ, ვფიქრობთ, საინტერესო მომენტია - გამიგონია, მათი ერთ-ერთი მწვრთნელი, თურმე ნაკრების კანდიდატებს შუაღამისას სასაფლაოზე დაატარებდა და ამ გზით ცდილობდა შეგირდებისთვის მყარი ნერვული ფსიქიკის ჩამოყალიბებას.

იმედია, სეუნი მთლად ასეთ მკაცრ მეთოდებზე არ წავა (თუმცა საქმეს თუ დასჭირდება - რატომაც არა!), ჯერჯერობით კი, როგორც გვითხრეს, მის მიერ ჩატარებული სემინარით, უფრო სწორად - სავარჯიშო მეთოდიკით სპორტსმენებიც კმაყოფილები დარჩენილან და მწვრთნელებიც. დავიტოვოთ იმედი, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება და ქართული მშვილდოსნობა ახლანდელზე უფრო დიდ წარმატებას მოიპოვებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული