მართალია, ჩვენებისთვის მთავარი შეჯიბრება ხვალ გაიმართება - ევროპული თამაშების სალიცენზიო ტურნირი, თუმცა არც ისე სახარბიელო რეპეტიცია გამოუვიდათ.
იმედია, ეს ცივი შხაპი აღმოჩნდება მათთვის და ხვალ ბევრად უკეთ ისვრიან, თორემ ამ შედეგებით არათუ ლიცენზიის მოპოვება, იქნებ პლეი ოფშიც ვერ გავიდნენ.
გამოფხიზლება განსაკუთრებით გუნდის ლიდერ ლაშა ფხაკაძეს
ჩვენი ექვსეულიდან ყველაზე უკეთ ზურაბ მესტვირიშვილი გამოვიდა, თუმცა რაღა უკეთ - 625 ქულით 66-ე ადგილზე გავიდა. 621 ქულით 69-ეა არჩილ ფარსენაძე, ჯაბა მოსეშვილი კი 619-ით - 74-ე. თანაგუნდელთაგან მას ფხაკაძე მოსდევს - 598 ქულა და 110-ე პოზიცია. ლევან ჩიტიშვილი 594-ით 112-ეა, ვლადიმერ დოლიძე კი 546 ქულით 140-ე ადგილზე გავიდა.
გუნდურ ჩათვლაში ჩვენს მოწინავე სამეულს (მესტვირიშვილი, ფარსენაძე, მოსეშვილი) 1865 ქულა დაუგროვდა და 22-ზე აღმოჩნდა, პლეი ოფში კი 16 გუნდი გადის.
გუშინვე დაიწყო პლეი ოფები პირად პირველობაში, თუმცა მხოლოდ ერთი წრე ჩატარდა. ამ ეტაპზე ჩვენგან ზემოდასახელებული მოწინავე სამეული მოხვდა, თუმცა წარმატებით მხოლოდ ისევ მესტვირიშვილმა ისროლა - 19 წლის ქართველმა ჩუბინმა რუმინელ რაზვან მარკუს სამივე სეტი მოუგო (27:26; 28:19; 28:27) და ჯამში 6:0 დაამარცხა.
მოსეშვილმა ნორვეგიელ ბაარდ ნესტენგთან 3:7 დათმო, ფარსენაძემ კი ბელორუს ანტონ პრილეპოვთან 2:6 წააგო. ამათგან შეხვედრის გადარჩენის შანსი მოსეშვილს ჰქონდა, რომელმაც პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ (24:25; 27:28) მესამე ფრედ დაასრულა - 28:28, მეოთხეში კი 27:24 იმარჯვა და ანგარიში 3:5 გახადა.
მეხუთე დამატებითი სეტის მოგების შემთხვევაში მას ანგარიშის გათანაბრება და პაექრობის დამატებით სერიაში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შანსიც დაკარგა - 25:29 წააგო. მესტვირიშვილი 1/24-ფინალურ შეხვედრას დღეს ჩაატარებს რუს არსლან ბალდანოვთან, ვინც საკვალიფიკაციოში მე-18 იყო.
ვაჟებზე ყურადღება თავიდანვე იმიტომ გავამახვილეთ, რომ ეს ტურნირი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, თორემ აჯობებდა, პოზიტივზე საუბრით დაგვეწყო, რისი საბაბიც ჩვენმა ქალებმა ნამდვილად მოგვცეს - მათ დიდი წარმატებით ჩაატარეს საკვალიფიკაციო ეტაპი. განსაკუთრებით - ფედერაციის პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემ, რომელიც მარათონში გამართული ლამის ორსაათიანი მარათონის განმავლობაში სამეულიდან არ გამოსულა, საბოლოოდ კი 660 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, სულ 3 ქულით ჩამორჩა ფრანგ ოდრი ადიომს.
იულია ლობჟანიძემ 643 ქულა დააგროვა და მე-10 საფეხურზეა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა კი 633-ით 22-ეა.
ასეთმა გამოსვლამ გუნდურშიც მოგვიტანა წარმატება - ჩვენი სამეული 1936 ქულით მესამეა რუსეთისა (1963) და იტალიის (1938) შემდეგ. როგორც ვხედავთ, ჩვენები გუნდურში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩნენ. არადა, მათ რიგებში ისევ ისროლა მოლდოველმა რძალმა, პირადსა და გუნდურში მსოფლიოს 2-2-გზის ჩემპიონმა ნატალია ვალეევამ, ვინც ერთი პერიოდი არსად ჩანდა.
შერეული წყვილი ჩვენგან ამჯერად ნარიმანიძემ და მესტვირიშვილმა შეადგინეს (აქ ვაჟებსა და ქალებში გუნდების საუკეთესოები შედიან) - მათ 1285 ქულა გამოუვიდათ და ზუსტად X ადგილზე გავიდნენ.
პლეი ოფები ქალთა პირადსა და გუნდურ მარათონში დღეს გაიმართება. პირადში ნარიმანიძე და ლობჟანიძე პირველ წრეში ისვენებენ, როგორც განთესილები (თუმცა ნარიმანიძე მეორე წრეშიც თავისუფალია - მონაწილეთა რაოდენობამ ასე მოიტანა), ესებუა კი კოსოვოელ ლირიე საჰიტის შეხვდება.
იმედია, მასთან წარმატება არ გაუჭირდება, მერე კი ან ავსტრიელ ლორენსე ბალდაუფს, ან თურქ ელიფ ბეგუნან უნსალს გაეჯიბრება - გააჩნია, ვინ იმარჯვებს მათ შორის.
როგორც გითხარით, ნარიმანიძე ორ წრეს დაისვენებს, მისი მეტოქე კი სლოვენიელი ანა უმერის (ამას თებერვალში სლოვენიაში ევროპის ზამთრის პირველობაზე მოუგო), ლატვიელი ანეტა კრაიბერგას, ესტონელი სირეტ ლუიკის და აზერბაიჯანელი ოლგა სენიუკის კვარტეტის პაექრობაში გამოვლინდება. ლობჟანიძე რუსი აიანა დაშიევასა და იტალიელი ტატიანა ანდრეოლის წყვილის პაექრობაში გაირკვევა. პლეი ოფში ყველაზე ანგარიშგასაწევი მეტოქე მაინც ლობჟანიძეს ელოდება.
გუნდურში ჩვენები 1/16-ფინალში აზერბაიჯანელთა სამეულს (სენიუკი, ნურლანა ვალიევა, ლეილა ფაზილოვა) შეხვდებიან - რა უნდა მოხდეს, რომ მეზობლებთან წააგონ! მათთან მოგების შემთხვევაში, ჰოლანდია-უკრაინის წყვილში გამარჯვებულს გაეჯიბრებიან. ი, ამ წყვილს სუსტი ნამდვილად არ ეთქმის. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ჩვენი მოცილე პოლონეთის, თურქეთის, შვეიცარიისა და იტალიის ოთხეულში გამოვლინდება.
შერეულთა ტურნირში ქართული წყვილის პირველი მეტოქე ჰოლანდიური დუეტი, შრეენ-ზოე დე ვრისი-რიკ ვან დერ ვენი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"