ქართველი მშვილდოსნების მორიგი მარათონული მიღწევა ევროპის "დიდ პრიზზე"

AutoSharing Option
ბერძნულ მარათონში დასრულებულ მშვილდოსანთა ევროპის "დიდ პრიზზე" ქალთა ნაკრების გამარჯვების შემდეგ საქართველომ კიდევ ერთი მედალი მოიპოვა - შერეულ წყვილებში ხათუნა ნარიმანიძე და ზურაბ მესტვირიშვილი მესამეზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ ორი შეხვედრა მოიგეს გადასროლით.

შეგახსენებთ, რომ შერეულ წყვილებს ქალთა და ვაჟთა შორის პირად პირველობაში საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდის საუკეთესო მსროლელები ქმნიან.

ქართული დუეტი პლეი ოფში მე-10 ნომრად შევიდა და მერვედფინალში ჰოლანდიელებს (ანემარია დენ კინდერენი, სიფ ვან დერ ბერგი) 6:2 მოუგო (36:35; 34:36; 39:36; 35:32). მომდევნო წრეში მირიამ ალარკონისა და მიგელ ალვარინო გარსიას
ესპანურ დუეტს გადასროლაში 5:4 აჯობეს, რაკი ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

არადა, აქ ჩვენებმა ბედის სასწორი თავისკენ მხოლოდ შეხვედრის ბოლოსკენ გადმოხარეს, თორემ პირველი ორი პარტია წააგეს - 40:37; 40:34. სამაგიეროდ, მომდევნო ორი 36:35 და 35:32 მოიგეს, რითაც ანგარიში 4:4 გახდა.

დამატებითში ორივე ჩვენებურმა უნაკლოდ ისროლა, იმათ კი ერთხელ ოდნავ დააცილეს მთავარ სამიზნეს - ჩვენებმა 20:19 იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ბრიტანელებთან (ნაომი ფოლკარდი, ლარი გოდფრი) 2:6 წააგეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართულმა დუეტმა ანა მარუსავასა და პაველ დალიდოვიჩის ბელორუსულ დუეტს კვლავ დამატებით სროლაში მოუგო, ისევ - 5:4. სცენარი აქაც ესპანელებთან პაექრობის ანალოგიური იყო - ქართველებმა დათმეს პირველი ორი პარტია (35:36; 36:37), მაგრამ იმარჯვეს მომდევნო ორში - 37:34; 35:34. ისევ საყაიმო ანგარიში - 4:4 და ისევ დამატებით გასროლა, რომელშიც ჩვენებმა 18:127 იმარჯვეს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ამდენად, მარათონში ქალებმა იყოჩაღეს, ვაჟებიდან კი მხოლოდ მესტვირიშვილს თუ გამოვარჩევთ.

მისმა თანაგუნდელებმა ვერაფრით გაგვახარეს, რადგან ისინი გუნდურ ჩათვლაში 22-ე ადგილზე გავიდნენ და ვერ მოხვდნენ ევროპის თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში.

შეგახსენებთ, რომ ეს თამაშები წლეულს პირველად ტარდება და მას ივნისში ბაქო უმასპინძლებს.

იქ ვაჟებში მაინც ვიქნებით წარმოდგენილი, ოღონდ მხოლოდ ერთი მონაწილით - მისი საგზური ლაშა ფხაკაძემ ჯერ კიდევ შარშან მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე. სამაგიეროდ, ქალთა ნაკრები გვეყოლება სრულად წარმოდგენილი, მის შემადგენლობაში კი ამჯერად, ნარიმანიძის გარდა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძეც შედიოდნენ. სხვათა შორის, ბაქოს თამაშების საგზურიც ამ სამეულმა მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული