ჩვენი ქალებიდან საკვალიფიკაციო წრეში ყველაზე უკეთ თბილისელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ქრისტინე ესებუა გამოვიდა, რომელმაც 644 ქულა დააგროვა, რაც მე-17 ადგილი აღმოჩნდა.
ჩვენგან მეორე შედეგი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრს, ხელვაჩაურელ ციკო ფუტკარაძეს აღმოაჩნდა - 622 ქულა და 44-ე პოზიცია, ბათუმელი ნანა მახარაძე
შესარჩევი ეტაპი გუნდურში ინდოელთა მსოფლიოს ორგზის ფინალისტმა დეეპიკა კუმარიმ მოიგო 672 ქულით, მომდევნო სამ ადგილზე კი ტაივანელები გავიდნენ: ჩია-მაო პენმა 667 ქულა დააგროვა, ია-ტინ ტანიმ - 666, ხოლო ჩინ-ინ ლემ - 662. მეხუთეზე - მექსიკელთა ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი იადა რომანი 658 ქულით.
ვაჟებში ჩვენგან საუკეთესოდ თბილისელი ზურაბ მესტვირიშვილი გაისარჯა - 654 ქულა და 34-ე ადგილი. ქუთაისელი ლაშა ფხაკაძე 634-ით 69-ე იყო, 618-ქულიანი თბილისელი ვლადიმერ დოლიძე - 79-ე, 607-იანი ქუთაისელი ჯაბა მოსეშვილი კი - 84-ე.
ვაჟებში ცხრილის სათავეში მეტი მრავალფეროვნებაა: შესარჩევი 686 ქულით ამერიკელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანმა ბრედ ელისონმა მოიგო, მეორე-მესამე ადგილები კი 677-ით ფრანგმა მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანმა ჟინ-ჩანს ველადონტიმ და გუნდურში იტალიელმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა დავიდ პასკუალუჩიმ გაინაწილეს. მათ ერთი ქულით ჩამორჩა ტაივანელი ჩუნ-ჰენ ვეი, მეხუთეზე კი იტალიელთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მაურო ნესპოლი გავიდა 674 ქულით.
ამ ტურნირის შედეგებით გაირკვნენ პლეი ოფში გასული გუნდები და შერეული წყვილები. ჩვენი ქალთა ნაკრების სამ საუკეთესო მსროლელს (ესებუა, ფუტკარაძე, მახარაძე) 1874 ქულა დაუგროვდა, რაც მე-10 შედეგი აღმოჩნდა.
გუნდურში პლეი ოფი დღეს დაიწყება და ჩვენები ნატო ნასარიძის გაწვრთნილ თურქეთთან ჩაატარებენ, რომლებიც მეშვიდეზე გავიდნენ. ჯგუფის ამ ნახევარშია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალიაც.
ჩვენს ვაჟთა მოწინავე სამეულს 1906 ქულა დაუგროვდა, რაც პლეი ოფში გამსვლელი ბოლო, მე-16 ადგილის მომტანი აღმოჩნდა და დღესვე პირველივე წრეში შესარჩევის მომგებ იტალიას გაეჯიბრება.
ჩვენგან შერეული წყვილი თბილისელებმა - ესებუამ და მესტვირიშვილმა შეადგინეს, რომელთაც 1298 ქულა დაუგროვდათ. ამდენივე აღმოაჩნდათ ამერიკელებსაც და ეს ორი ნაკრები XIII-XIV ადგილებს იყოფდა, თუმცა გადასროლაში ამერიკელებმა 58:47 იმარჯვეს და ჩვენები მე-14 ადგილზე დარჩნენ.
მათ პლეი ოფს პირველ წრეში მეტოქედ ოდრი ადიკეს და ველადონტის ფრანგული წყვილი ერგოთ. ჩვენებმა დათმეს ეს შეხვედრა - 3:5. მათ პირველივე სეტი დათმეს - 34:37, მეორე ფრედ დასრულდა - 37:37, მესამე კი ჩვენებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს - 35:34 და საერთო ანგარიში გაათანაბრეს: 3:3. სამწუხაროდ, ბოლო სეტში უფრო ზუსტნი და უფრო ცივსისხლიანები ფრანგები აღმოჩნდნენ და 35:33 მოიგეს.
პლეი ოფები პირად პირველობაშიც დღეს დაიწყება. ესებუა პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ამერიკელების - ჯენიფერ შნაიდერისა და ანა მისკინეს დუეტში გამარჯვებული იქნება. თვიდან ისვენებს ფუტკარაძეც და მისი პირველი მეტოქეც, იაპონელი კაორი კავანაკა. მახარაძე პირველივე წრეში შვეიცარიელ ლიანა დაინეკოს გაეჯიბრება, ნარიმანიძე კი იმავე ეტაპზე - კოლუმბიელთა მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ნატალია სანჩესს.
ვაჟებში ოთხივე ჩვენებური პირველივე წრეში იასპარეზებს, თუმცა ეს კიდევ არაფერი, დოლიძე და მესტვირიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს მოსეშვილს - უკრაინელი ჰეორჰი ივანიცკი, ფხაკაძე კი ინდოელ ვისვაშს გაეჯიბრება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"