საქართველოთი მოხიბლული კორეელი

AutoSharing Option
კორეელი მწვრთნელი ან იონ სეუნი თბილისშია და 10 იანვრიდან საქმიანობასაც შეუდგა. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოში სოკ-ისა და სეოკ-ის თანამშრომლობის შედეგად, ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი პროექტით ჩამოვიდა სამუშაოდ. თავდაპირველი გეგმით, მას ნაკრების კონსულტანტად სამ ეტაპად უნდა ემუშავა, თუმცა მოგვიანებით მისი ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის იდეაც გაჩნდა.

სეუნი მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია და ჩვენებურთა ასეთი სურვილი არცაა გასაკვირი. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს პირველი ეტაპი მან ნოემბერში ჩაატარა, მეორე კი ახლა დაიწყო, თუმცა საქართველოში ბევრად ადრე - დეკემბრის მიწურულს გვეწვია. პირველი სტუმრობისას მას იმდენად
მოეწონა აქაურობა (მაშინ ძირითადად ბათუმში მუშაობდა), რომ 10 იანვარს ჩამოსასვლელი დეკემბრის ბოლოს ჩამოვიდა და ახალ წელს თბილისში შეხვდა, ამის შემდეგ ისევ გაბრუნდა და დათქმულ დროს კვლავ გვესტუმრა. მას თურმე არა მხოლოდ აქაურობა მოსწონებია, არამედ აქტიურად ეცნობა ჩვენებურ კულტურას და მართლმადიდებლობითაც დაინტერესებულა. ამ თემაზე საინტერესო რამეებსაც ამბობენ, თუმცა რელიგიური აღმსარებლობა მისი პირადი საქმეა და მეტად ნუღარ ჩავერევით, მაგრამ საქართველოთი მოხიბლულ სეუნს სურვილი გამოუთქვამს, აგვისტოში თავის მეგობარსა და მასწავლებელთან, კორეული მშვილდოსნობის სკოლის დამაარსებელ პროფესორთან ერთად ჩამოვიდეს და მასაც გააცნოს აქაურობა.

სეუნმა უკვე მოინახულა მშვილდოსნობის რამდენიმე თბილისური სკოლა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. როგორც ამბობენ, უკვე ნანახ ჯგუფებში მას რამდენიმე მოზარდი ძალიან მოეწონა და შეარჩია კიდეც სამომავლოდ სამუშაოდ.

სამაგიეროდ, ჯერ ისევ გაურკვეველია ჩვენთვის ძირითადი - ნაკრების მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა. აქ პრობლემა ისაა, რომ კორეელი მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მწვრთნელიცაა და ჩვენთან კონტრაქტის შემთხვევაში მათთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს. ასევე საინტერესოა ფინანსური მხარე - რამდენს მოითხოვს გასამრჯელოს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსაც ძალიან კი სურთ მისი დატოვება, მაგრამ გააჩნია, შეძლებენ თუ არა ხელფასით დაკმაყოფილებას. ჯერჯერობით სეუნს ამ თემაზე კონკრეტულად არ დალაპარაკებიან (ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი). სავარაუდოდ, ეს ამბავი ამ დღეებში გაირკვევა, როცა ჩილედან თბილისში დაბრუნდება საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავა და კორეელს პირადად შეხვდება. სეუნი საერთაშორისო ფედერაციასთან მოლაპარაკებასაც აჭიანურებს - თითქოს მათთვის თავისი განზრახვის შესახებ დეკემბერში უნდა ეცნობებინა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. არადა, საქართველო რომ ძალიან მოსწონს და მზადაა აქ დასარჩენად, ესეც ფაქტია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვააააააააააააააააა..
mentalitet
06:41 28-02-2011
0

სიახლეები პოპულარული