მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ხათუნა ნარიმანიძე საუკეთესო ევროპელია

AutoSharing Option
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გუშინ, 27 ივლისს დაიწყო მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც რიო დე ჟანეიროს ლიცენზიებსაც იძლევა.

მასში ძალიან კარგად ჩაება ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე, რომელმაც 654 ქულა დააგროვა და X ადგილზე გავიდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მერვეზე აღმოჩნდნენ 1 918 ქულით, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, თუმცა ვინ დაგვთარსა, რომ გახარება არ გვიწერია - პლეი ოფის პირველივე წრეში ჩვენი მეტოქე მეცხრეზე გასული იტალია იქნება!

ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ეს შეხვედრა დღეს, იქაური დროით დილის 9 საათზე დაიწყება. ღმერთმა ნუ ქნას
და, წაგების შემთხვევაში ჩვენებს დანიაში საგზურების მოპოვების კიდევ ერთი შანსი დარჩებათ - საგანგებო სალიცენზიო შეჯიბრება, რომელიც ტურნირის ბოლო დღეს, 31 ივლისს ჩატარდება. მასში ლიცენზირებული გუნდების წარმომადგენლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას, საგზურს კი 8 საუკეთესო დაეპატრონება, თუმცა გუნდურში მოპოვება ბევრად უკეთესია - ასე ერთბაშად სამ ლიცენზიას გაინაღდებ, ცალკეულ შეჯიბრებებში ამდენის მოპოვება კი ბევრად რთულია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ურიგოდ არც ჩვენი მეორე ლიდერი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა გამოსულა, რომელმაც 640 ქულა დააგროვა (ბაქოსთან შედარებით, ეს 6-ით მეტია) და 29-ეა, იულია ლობჟანიძე კი 624 ქულით (-5 ბაქოსთან შედარებით) 67-ეა.

ვაჟებში ლაშა ფხაკაძემ 641 ქულა მოაგროვა და ზუსტად მე-40 ადგილზე გავიდა. არადა, ბაქოში მან პირადი რეკორდი 669-მდე გაზარდა და მეათე იყო! ის შედეგი ახლაც რომ გაემეორებინა, შესარჩევს მოიგებდა - რატომღაც დანიაში დაბალი მაჩვენებლებია და საკვალიფიკაციო იტალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაურო ნესპოლიმ მაგიური 666-ით მოიგო. ჯაბა მოსეშვილი 621-ით 112-ეა.

შერეულ წყვილებში ჩვენგან კვლავ ნარიმანიძისა და ფხაკაძის დუეტი გამოვა, რომლებსაც 1 295 ქულა დაუგროვდათ ჯამში, რაც მე-11 შედეგია.

პლეი ოფში ისინიც დღეს გამოვლენ და პირველ წრეში ვერონიკა მარჩენკოსა და მარკლიან ივაშკოს უკრაინულ დუეტს გაეჯიბრებიან. ამათში მოგებულს მომდევნო წრეში ვალეევა-ნესპოლის იტალიური წყვილი ელოდება - შეგახსენებთ, რომ ჩვენებმა მათთან ბაქოში შერეულის ფინალი წააგეს.

ქალთა პლეი ოფში სამივე ჩვენებური გავიდა, ამ ეტაპის პაექრობები კი ხვალ, 29 ივლისს გაიმართება. ესებუა პირველ წრეში პოლონელ მილენა ბარაკონსკას ხვდება, ნარიმანიძე - შვეიცარიელ ცელინ შობინგერს, ლობჟანიძე - ამერიკელ არიელ გიბილაროს.

ვაჟებში პლეი ოფში მხოლოდ ფხაკაძეა, რომელიც ასევე ხვალ ისვრის, მეტოქედ კი ეგვიპტელი აჰმედ ელ-ნემრი ერგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული