იანვარში მათ ფრანგულ ნიმში უნდა ეასპარეზათ ზამთრის, ანუ 18-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიოს თასზე, მერე კი ანალოგიური ტიპის შეჯიბრებაზე ლას-ვეგასში უნდა გამოსულიყვნენ.
ჩვენები ზამთრის, ანუ დარბაზის მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან და ამ შეჯიბრებებშიც იმისთვის მოსამზადებლად აპირებდნენ მონაწილეობას, თუმცა ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება უწევთ.
გაგიკვირდებათ და, ამის მიზეზი უცხოელთა ბიუროკრატიზმია და არა უფულობა ან რამე ქართული ხარვეზი - მსოფლიოს ფედერაციიდან დებულებები ვერ მოაწოდეს დროულად.
სხვა გზა არაა და ახლა ჩვენებმა გეგმები გადააწყვეს - მსოფლიოს ზამთრის პირველობაზე კვლავაც გამოვლენ, ოღონდ იქამდე, რაკი უცხოეთში არ უწევთ შეჯიბრებებზე წასვლა, გადაწყვიტეს, გამოთავისუფლებული ფულით ჩაატარონ საქართველოს ჩემპიონატი და ორი შეკრება. პირველი მათგანი ქვეყნის პირველობის წინ გაიმართება, მეორე - ამ შეჯიბრების შემდეგ, რომელიც, პარალელურად, მსოფლიოს წინა ეტაპს ემთხვევა, რომელიც 28 თებერვალს იწყება მეზობელ თურქეთში, ანკარაში. ისე გამოდის, ჩვენები ორივე ტურნირის წინ გაივლიან სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას.
საქართველოს ჩემპიონატიც და ეს შეკრებებიც აჭარაში გაიმართება. ტურნირს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ახალგახსნილი დარბაზი უმასპინძლებს. შეკრებებიც იქვე გაიმართება.
რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ გუნდს, რაკი ანკარა ახლოსაა და იქ წასვლა შედარებით იაფი ჯდება, ჩვენი ნაკრები გუნდების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ ფუტკარაძემ გადაწყვიტა, იქ სრული გუნდი წაიყვანოს - ახალგაზრდებიც და უფროსებიც, ქალებიც და ვაჟებიც.
ბუნებრივია, იქ წამსვლელი ოთხივე გუნდი საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდება, იქ კი ყველა უძლიერესი მშვილდოსანი აპირებს გამოსვლას. იმედია, ჩვენები მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვლენ. მით უფრო, 18-მეტრიან დისტანციაზე ისინი წარმატებით ასპარეზობენ.
ერთი სიტყვით, ქართველი მშვილდოსნები სეზონის პირველ დეკადაში ზამთრის შეჯიბრებებზე არიან გადართულები, რადგან წლის დასაწყისში მხოლოდ ამ ტიპის ტურნირები ტარდება, მარტიდან კი ჩვეულებრივი, ანუ ღია სასროლეთის შეჯიბრებები იწყება, რომელიც ოლიმპიურ, 70-მეტრიან დისტანციაზე ტარდება.
შარშანდელი სეზონი ქართველმა მშვილდოსნებმა დიდი წარმატებით ჩაატარეს, იმდენად დიდი წარმატებით, რომ, თამამად შეიძლება ითქვას, მათგან ამდენს არავინ ელოდა. განსაკუთრებით დიდი სიურპრიზი ბაქოში, ევროპულ თამაშებზე შერეულ წყვილებში მოპოვებული ვერცხლის მედალი იყო, რითაც ამ თამაშებში ქართული დელეგაციის ანგარიში გახსნეს.
თუმცა მათ დასათვლელი სხვაც მოეპოვებოდათ - ვერცხლის მედლები ევროპის ზამთრის პირველობაზე პირადშიც და გუნდურშიც, გამარჯვება ევროპის თასზე და იქვე ბრინჯაოს მედალი შერეულ წყვილებში, თუმცა ყველაზე ფასეულ წარმატებას ქალთა ნაკრებმა მიაღწია, როცა გუნდურში რიო დე ჟანეიროს საგზური მოიპოვეს.
თუმცა ამ ყველაფერმა თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია და წლეულსაც გვარიანი გარჯა მართებთ: წარმატებით გამოსვლა ოლიმპიადაზე, თუმცა მანამდე ვაჟებმა ლიცენზიისთვისაც უნდა იბრძოლონ.