კორეელი - მსოფლიომდე თუ ოლიმპიადამდეც?

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციასა და კორეელ ან იონ სეუნს შორის ურთიერთობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. შეგახსენებთ საქმის წინა ისტორიას - კორეელი მწვრთნელი ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა, თუმცა მაშინვე გაჩნდა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მისი დატოვების სურვილი.

იგი საქართველოში გეგმით გათვალისწინებული დახმარების მესამე ეტაპს ამთავრებს, მაგრამ აქაურობა ისე მოეწონა, საახალწლოდ დაუგეგმავი ვიზიტითაც გვესტუმრა და ის დღეები აქ გაატარა. სამუშაოდ დარჩენის სურვილი თვითონაც მაშინვე გამოთქვა, ოღონდ საქმეს მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან მისი ურთიერთობა აფერხებდა - ის მწვრთნელ-ინსტრუქტორია, რომელსაც მშვილდოსნობის გასავითარებლად ხშირად აგზავნიან ამა
თუ იმ ქვეყანაში.

მოსალოდნელი იყო, რომ მას საერთაშორისო ფედერაცია იოლად არ შეელეოდა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ისევ თავად ითავა. მოაგვარა კიდეც და ახლა ყველაფერი ქართულ მხარეზეა, რომელსაც ყველაზე დიდი დაბრკოლება რჩება გადასალახავი - კორეელის ხელფასი.

ცხადია, ზუსტად არ ვიცით, რა თანხაზეა ლაპარაკი - ეს მხარეთა პირადული საკითხია და როგორც წესი, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ჩვენს ფედერაციას საჭირო თანხა არ გააჩნია და მთლიანად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, გუშინ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ქაცარავამ მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს პირდაპირ სთხოვა კორეელის ხელფასის დაფინანსება.

სეუნის მწვრთნელად მოწვევის ინიციატორი სწორედ სამინისტროა. ჯერჯერობით ლაპარაკია ოთხთვიან ვადაზე, თუმცა ეს უარეს შემთხვევაში - მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით, სადაც ლიცენზიებიც თამაშდება. ჩვენებს კონტრაქტის დადება ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით სურთ, მაგრამ რადგან საამისო თანხა ჯერ არ ჩანს, ოთხთვიანი მონაკვეთი ამიტომ აიღეს ორიენტირად, როგორც უფრო იოლად მოსაგვარებელი პრობლემა. მშვილდოსნები ამოცანის გადაჭრას საკუთარი გზებით - სპონსორთა მოძიებითაც ცდილობენ. ქაცარავამ განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებებს ბიზნესმენებთან აწარმოებენ, უპირველესად კი "კია მოტორსთან", რომელიც საერთაშორისო ფედერაციის სპონსორია. მაგრამ თუ ეს ვარიანტი არ გამოუვიდათ, მაშინ მთლიანად სამინისტროს იმედზე რჩებიან. ვარძელაშვილი პირდაპირ არ დაპირებია თანხის გამოყოფას, მაგრამ მიესალმა სეუნის მწვრთნელად მოწვევას, რომელიც უდაოდ მაღალი კვალიფიკაციისაა და მხარს დაუჭერენ მის კანდიდატურას. მთლიანობაში, მინისტრის პათოსი დადებითი პასუხის მომენტებს შეიცავდა.

კორეელის მაღალ პროფესიონალიზმს ხაზი ქაცარავამაც გაუსვა და აღნიშნა, რომ სტუმარი ჩვენს მშვილდოსნებში დიდ პოტენციალს ხედავს და სამუშაოდ დარჩენის ერთ-ერთი სტიმული ესეცაა. თურმე სწავლებების მიმდინარეობისას რამდენიმე ისეთ მოზარდზე შეაჩერა ყურადღება, რომელთა პროფესიონალებად ჩამოყალიბებას არავინ ელოდა. აზიელი რომ ქალთა ნაკრებში სამივე ლიცენზიას, ანუ ლონდონის ოლიმპიადაზე გუნდურ ტურნირში მოხვედრას უმიზნებს, ეს არცაა გასაკვირი, მაგრამ ის ლიცენზიების მოპოვებას თურმე არც ვაჟებში გამორიცხავს. ყოველ შემთხვევაში, ამ ციკლში თუ ეს არ მოესწრება, რიო დე ჟანეიროს თამაშებისთვის სავსებით რეალურად მიაჩნია. თუ სწორად, მუყაითად და გულმოდგინედ ვიმუშავებთ, შედეგი აუცილებლად იქნება, კორეული სკოლა კი სწორი მუშაობის გარანტი გვგონია.

კორეელის ჩამოყვანის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისიცაა, რომ ნაკრებთან მუშაობის გარდა, ადგილობრივი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაც დაევალება. ამ მისიის შესრულებაზე თვითონაც თანახმაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენებს დრო 9 მარტამდე კიდევ აქვთ - სწორედ მაშინ უმთავრდება საქართველოში საქმიანობის ვადა სეუნს, თუმცა კონტრაქტის გაფორმება არც მერეა დაგვიანებული. უბრალოდ, რაც ადრე გაირკვევა, მით უკეთესი.

როგორც ყველა ახალ საქმეს და ახალ ხელმძღვანელს, სეუნის საქართველოში საქმიანობასაც მოჰყვა უკმაყოფილება ნაკრებში, მშვილდოსნობის ოჯახში. ნაკრებში ვითარება დალაგდა, მაგრამ განსხვავებულ აზრზე მყოფი ისევ რჩებიან ქართველი მწვრთნელები, რომლებიც დიდად არ მიესალმებიან კორეელის დანიშვნას.

"ბოლო შეკრებაზე დუშეთში კორეელისადმი დამოკიდებულება უკვე რადიკალურად განსხვავებული იყო. მათ შორის - ნაკრების წევრთა მხრიდანაც. საბედნიეროდ, ახლა ნაკრებში აბსოლუტურად ჯანსაღი დამოკიდებულებაა. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ივლისში ტურნირში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატამდე მაინც დავიტოვოთ ეს კაცი, რაც წარმატების გარანტია იქნება. მჯერა, რომ ტურინში საგზურებს მოვიპოვებთ, რაც ახალი სტრატეგიის შემუშავების საშუალებას მოგვცემს - ამის შემდეგ კერძო სექტორს უფრო თამამად დაველაპარაკებით და უფრო მეტად დავაინტერესებთ." - თქვა ქაცარავამ.

ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოელ სპეციალისტთა მოწვევა არ ნიშნავს, რომ თითქოს ადგილზე არ გვყავს სპეციალისტები, მაგრამ მსოფლიო სპორტი წინ მიდის, ვითარდება და ამ პროცესს არ უნდა ჩამოვრჩეთ. მისი თქმით, მშვილდოსნობაც ასეთთა შორისაა - სადღეისოდ ვერ აჩვენებს ისეთ შედეგებს, რისი პოტენციალიც გააჩნია. მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მხოლოდ კორეელის უზრუნველყოფა პრობლემას ვერ მოაგვარებს და მასთან ერთად ქართველმა მწვრთნელებმაც უნდა იმუშაონ. მან იმედი გამოთქვა, რომ ლონდონში ქალები გუნდურ პირველობაში გამოვლენ ანუ სამ ლიცენზიას მოვიპოვებთ, თუმცა საგზურის მოპოვება არც ვაჟებისგან გამორიცხა.

ამდენად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებ გუნდებს კორეელი უთავკაცებს, მაგრამ საკითხავია, დარჩება თუ არა ის ლონდონის ოლიმპიადამდე. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ სეუნსაც გავესაუბრეთ.

"ვიცი, რომ საქართველოში ჩემი პროგრამა ბევრს არ მოსწონს, რადგან ეს წვრთნის ახალი ტექნიკაა, რისი გამოცდილება მათ არ აქვთ. ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში მე მათ მოსწავლეებს ვავარჯიშებდი, მაგრამ ზოგიერთს ეს არ უნდოდა. თუმცა მე ჩემი ხედვა მაქვს, თუ როგორ უნდა მივაღწიო წარმატებებს. ამ პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებსაც აშკარად ეტყობათ პროგრესი. ადგილობრივი მწვრთნელებისგან წინააღდეგობები სხვა ქვეყნებშიც შემხვედრია და ამ მხრივ თქვენი ქვეყანა გამონაკლისი არ არის. აქაურ სპორტსმენთაგან ზოგიერთს შეიძლება დავეყრდნოთ, მაგრამ ზოგიერთს უჭირს სტილის შეცვლა და ახალ მეთოდიკაზე გადმორთვა.

მთლიანობაში, მომწონს ქართველი მშვილდოსნები - კარგად აზროვნებენ, მაგრამ თუ ოქროს მედლის მოპოვება უნდათ, მხოლოდ ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, ყურადღება არ უნდა გაგვეფანტოს სხვა რამეებზე. თქვენი ქვეყანაც მომწონს, თუმცა აეროპორტში პირველად გამაკვირვეს, როცა მე რიგში ვიდექი საბაჟო კონტროლის მოლოდინში, სხვები კი ურიგოდ მიდიოდნენ. მეორედ ჩამოსვლისას ამაზე უკვე ქართულად ვთქვი: "ვაიმე!". ამაზე რეაქცია ჰქონდათ და რიგში ჩადგნენ. საქართველო და მისი კულტურა იმდენად მომეწონა, მართლადიდებლობის მიღება გადავწყვიტე. აქ თუ დავრჩი სამუშაოდ, ვეცდები, მთელი საქართველო შემოვიარო" - გვითხრა კორეელმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული