ახალგაზრდა კაცი (როგორც შემდეგ გავარკვიე, ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რომან ვაჩეიშვილი) არჩევნებს ფარული კენჭისყრით მოითხოვდა. ფედერაციის იურისტმა აუხსნა, რომ მისი მოთხოვნა სამართლიანი იყო, ოღონდ დელეგატებს უნდა აერჩიათ, ხმის მიცემის პროცედურა როგორი იქნებოდა. გადაწყდა, რომ კენჭისყრა ფარულად ჩატარდებოდა, ბატონი ნოდარიც დაშოშმინდა და ყრილობაც დაიწყო.
უპირველესად, ფედერაციის წესდებაში შეიტანეს ცვლილებები
ნიჩბოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა დელეგატებს ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო. ილაპარაკა აკადემიურ ნიჩბოსნობაში, კანოესა და ბაიდარაში მიღწეულ წარმატებებზე. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება გაპარტახებულ ბაზებსა და მწირ დაფინანსებაზე გაამახვილა.
შედეგების განხილვისა და ფედერაციის საქმიანობის დამაკმაყოფილებლად შეფასების შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატები - რომან ვაჩეიშვილი და ბეჟან ხურციძე ყრილობაზე თავიანთი პროგრამებით წარსდგნენ.
ფარული კენჭისყრის შედეგად ბეჟან ხუციძემ ორი ხმით აჯობა (10:8) ახალგაზრდა კონკურენტს და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აკადემიურ ნიჩბოსნობას ის უხელმძღვანელებს.
ვიცე-პრეზიდენტად ჯიბილო გოგლიჩიძე, გენერალურ მდივნად კი ვიტალი გრძელიშვილი აირჩიეს.
კენჭისყრის შედეგებმა ხურციძის კონკურენტი ძალიან გაანაწყენა.
"18 წელიწადია, საქართველოში ნიჩბოსნობის გასავითარებლად არაფერი გაკეთებულა, ბაზები გაპარტახდა, სპორტსმენები, რომლებსაც ვარჯიშის ელემენტარული პირობებიც არა აქვთ, 30 წლის წინანდელი ნავებით ვარჯიშობენ.
როგორ შეიძლება მათ შედეგები მოსთხოვო?! მეც 10 წელიწადი ვიყავი ნიჩბოსანი, მაგრამ პერსპექტივა რომ ვერ დავინახე, დიდ სპორტს ჩამოვშორდი.
ახლა ჩემს გუნდთან ერთად მინდოდა სპორტის ამ სახეობას შევშველებოდი, საამისოდ კონკრეტული გეგმაც შევადგინე, მაგრამ 10-მა დელეგატმა უძრაობას დაუჭირა მხარი. ხმამაღლა ვიტყვი - ისინი ნიჩბოსნობის მტრები არიან, სიახლის ეშინიათ, ნიჩბოსნობის ბედი არ ანაღვლებთ, საკუთარ ტყავს უფრთხილდებიან.
მე და ჩემი გუნდი ამ მარცხს არ შევურიგდებით, ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა ავაყვავოთ", - გვითხრა ნოდარ ვაჩეიშვილმა.
ბეჟან ხურციძე: "მე ვერ დავეთანხმები ჩემს ოპონენტს იმაში, რომ არაფერი გაგვიკეთებია. თუნდაც ის რად ღირს, რომ ჩვენი 19 წლის კანოისტი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონატზე მერვე იყო და ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებამდე მცირედი დააკლდა.
წელიწადში ორჯერ საქართველოს საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატებს ვმართავდით და ამ შეჯიბრებებზე ჩვენს მეზობლებს - სომეხ და აზერბაიჯანელ სპორტსმენებს ვიწვევდით საასპარეზოდ.
მეტისთვის, ასე ვთქვათ, საბანი არ გვწვდებოდა. ერთ დროს თუ ბიუჯეტში 100 000 ლარი გვქონდა, წინა მთავრობამ ეს თანხა 15 ათას ლარამდე დაგვიყვანა. ამ თანხით კი ოთხი სახეობისთვის როგორ უნდა მოგვევლო?! არადა, ამ დროს ტაეკვანდოს ფედერაციას, რომელსაც გიორგი ბარამიძე მფარველობდა, ყოველწლიურად 150 ათასი ლარი ჰქონდა.
პარლამენტარობის მიუხედავად, ბაზები გასხვისება-გაჩუქება-განადგურებისგან ვერ დავიცავი. მცხეთაში ოთხი ობიექტი გვქონდა: ერთი მტკვარმა წაიღო, ერთი გასხვისდა, ორიც მცხეთის განვითარების პროექტმა შეიწირა.
მათ ნაცვლად სამსართულიანი ბაზა უნდა აეშენებინათ მტკვრის სანაპიროზე, მაგრამ ეძვირათ და ორ სართულამდე დაიყვანეს და ისიც არ არის ბოლომდე მიყვანილი, ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანის მთავრობამ ნიჩბოსნებს მინგეჩაურში 42-მილიონიანი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ბაზა აუშენა.
ალბათ, ჩვენმა ოპონენტმა ისიც იცის, რომ უწინდელმა მთავრობამ თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ბაზა დაგვინგრია და მის ადგილას იუსტიციის სამინისტროს შენობა ააშენა.
ჩვენც ვიცით, რომ ფოთში საბჭოთა პერიოდში, შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე, 1000-1200 სპორტსმენი ჩამოდიოდა სხვადასხვა რესპუბლიკიდან, ხშირად უცხოეთიდანაც, რადგან კარგი ბუნებრივი პირობებია, თან მძიმე წყალია და იქ ნავარჯიშები სპორტსმენები ევროპულ სარბიელზე კარგ შედეგებს უჩვენებდნენ.
უცხოელთა ჩამოსვლა და ერთობლივი წვრთნები ჩვენი ნიჩბოსნების დაოსტატებასაც უწყობდა ხელს და ქვეყანას საკმაო შემოსავალიც ჰქონდა. ახლა ფოთში სპორტსმენებს ერთი ვაგონიღა შერჩათ, რომელსაც გასახდელად იყენებენ.
საერთაშორისო ფედერაციის გულისხმიერებაზეც მინდა ვთქვა: მას რომ ჩვენთვის ექვსი ძვირად ღირებული ნავი არ ეჩუქებინა, უარესადაც გვექნებოდა საქმე.
თუ არ იქნება ბაზა, ინვენტარი და მასობრიობა, ცხადია, შედეგებიც ყოველთვის მწირი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ახალი მთავრობა სპორტს მეტ ყურადღებას დაუთმობს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სპეციალური სახსრები ექნებათ სპორტული ბაზების კეთილმოსაწყობად. მაშინ ფედერაციებსაც გაგვიადვილდება მუშაობა".
საქმიან და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში კანოეს ეროვნული ფედერაციის ყრილობამ, სადაც დელეგატებს საკუთარი პროგრამა წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ქაცარავამ.
მომხსენებელმა დელეგატებს აუწყა, რომ ფედერაცია ლისის ტბაზე "თიბისი ბანკის" დახმარებით ახალ ბაზას აშენებს. ერთ-ერთმა კომპანიამ უკვე გამოუშვა ქართული წარმოების ნავი, რომელიც, მართალია, ხარისხით მსოფლიო ანალოგს ჩამოუვარდება, მაგრამ სამ-ოთხჯერ იაფი ჯდება და სავარჯიშოდ უფრო კომფორტულია, ვიდრე ის ნავები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ. ითქვა ისიც, რომ გლდანში, "თეთრ ტბაზეც" აშენდება ახალი სანიჩბოსნო ბაზა.
ყრილობის დელეგატებმა მოიწონეს დავით ქაცარავას პროგრამა და იგი კანოეს ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს.
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ბორის მხეიძე, რეი გაიტანო (რუსეთი), ტი მაიერი (გერმანია), მაურო პიკოლო (იტალია), გენერალურ მდივნად კი არჩილ ჯაკობია აირჩიეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
2.ნოდარი არა რომანი
3.ზაზა ნადირაძის წარმატებასთან არანაირი დამსახურება არ გააჩნია ბეჯან ხურციძეს
4.თბილისის ბაზა მთავრობამ კიარ დაანგრია არამედ ბეჯან ხურციძემ,მერე რა მოხდა ეგ ნაკლებად საინტერესოა
5.დელეგატების სიაში შეყვანილი იყვნენ არა იურიდიული პირები არამედ კერძო პირები
6.ამ ფედერაციას ააქვს უამრავი ფინანსური დარღვევა
Ps.თუ დაინტერესდებით უფრო ბევრ რამესაც გაიგებთ!