მშვიდობით, ჩემპიონო!

AutoSharing Option
შეფილდში კრუსიბლის თეატრში სნუკერის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც ამ სახეობის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ.

პირველ წრეში დაძაბული მატჩები არ უნდა ყოფილიყო, გარდა ერთისა, სადაც დიდი სენსაცია მოხდა - პირველობას გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი ნილ რობერტსონი. მისმა შეხვედრამ ნორჩ ჯად ტრამპთან მართლაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ კარიერაში პირველი სარეიტინგო ტიტული მოიგო და ამით დაიმსახურა საყოველთაო ყურადღება.

მატჩმა გაამართლა მოლოდინი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი სესია, რომელიც 5:4 ტრამპმა მოიგო, განსაკუთრებულად ხარისხიანი თამაშით არ იყო გამორჩეული. ორივენი ძალიან ნერვიურობდნენ, მიუტევებელ შეცდომებს
უშვებდნენ და ხშირად ერთმანეთს უყენებდნენ ბურთებს... უფრო წარმატებული ტრამპი აღმოჩნდა, მაგრამ ისე ჩანდა, რომ ერთ ფრეიმში უპირატესობა ბევრს არაფერს მისცემდა მას. მაგრამ საღამოს სესიამ გვიჩვენა, რომ ჯადი აშკარად უკეთეს ფორმაში იყო, ვიდრე ნილ რობერტსონი. ჩემპიონი ყველანაირად ინდომებდა, არაერთხელ გადაარჩინა ფრეიმი, რომელშიც 50-60 ქულას აგებდა... მაგრამ მაინც ჩამორჩა - 7:9. ტრამპს გამარჯვებამდე ერთი მოგება სჭირდებოდა, ავსტრალიელს - სამი.

ამის შემდეგ პირველივე ფრეიმში ტრამპმა 50-ქულიანი უპირატესობა მიიღო, მაგრამ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლო. თუმცა მომდევნო პარტიაში ყველაფერი ლოგიკური შედეგით დასრულდა - კრუსიბლის დარბაზი ტრადიციულად არასტუმართმოყვარე აღმოჩნდა ჩემპიონისთვის.

"თამაში მართლაც რთული გამოვიდა. ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ ჯადი უფრო დამაჯერებელი გახდა. თუ ის ასეთ ტემპში გააგრძელებს, აუცილებლად გავა ნახევარფინალში. არ მგონია, რომ ის წელსვე მოიგებს ჩემპიონატს, მაგრამ ორ-სამ წელიწადში მოახერხებს ტიტულის მოგებას", - განაცხადა რობერტსონმა.

"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ ვერ უნდა მოვიგო ჩემპიონატი. არ მესმის, რატომ მიაჩნია რობერტსონს, რომ მზად არ ვარ საჩემპიონო ბატალიებისთვის, - უპასუხა 21 წლის ინგლისელმა ყოფილ ჩემპიონს. - ყოველი მორიგი მეტოქე მიხვდება, რა რთულია ჩემს წინააღმდეგ თამაში. ახლა ვგრძნობთ, რომ პროგრესის გზაზე ვარ და არ ვაპირებ ფინალამდე წაგებას".


* * *
ჩემპიონატის წინ საბუკმეიკერო კანტორა "უილიამ ჰილმა" ჩემპიონობაზე ფსონები გამოაქვეყნა. ბუკმეიკერთა აზრით შეფილდში გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი შემდეგ ხუთ მოთამაშეს აქვს: ჯონ ჰიგინსს (კოეფიციენტი 6.0), მარკ სელბის (7.0), რონი ო'სალივანს (7.0), დინ ჯუნჰუს (8.0) და მარკ უილიამსს (9.0). სხვათა შორის, ამ ჯგუფში იყო ნილ რობერტსონიც...


* * *
განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიპყრობილი სნუკერის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მოთამაშის - რონი ო'სალივანის მიმართ. ახლა ამ მოთამაშეს კარიერაში კრიზისული პერიოდი უდგას. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს რეიტინგში მეათე ადგილზე დაეშვა და ბოლო ოთხი დიდი ტურნირის პირველი წრე ვერ დაძლია, ო'სალივანმა სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაიფიქრა და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ცნობილ სპორტულ ფსიქოლოგს სტივ პიტერსს მიაკითხა.

"მას კარგი რეპუტაცია აქვს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემს მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის, მაგრამ რაღაც შანსი არსებობს", - ამბობს ო'სალივანი. მალე გამოჩნდება, რამდენად უშველა მას ფსიქოლოგთან ვიზიტმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული