რეკორდი ვულკანზე

AutoSharing Option
36 წლის ავსტრიელმა მარკუს შტეკლმა ველოსიპედით რბოლისას სისწრაფეში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ლაპარაკია ღორღიან ტრასაზე დაფიქსირებულ დროზე. რეკორდი ნიკარაგუაში ვულკანიდან დაშვებისას დამყარდა. ერთ მომენტში შტეკლმა საათში 164,95 კილომეტრი სიჩქარე განავითარა, რითაც გააუმჯობესა ცხრა წლის წინანდელი რეკორდი, რომელიც ფრანგ ერიკ ბარონს ეკუთვნოდა.

ბარონმა მაშინდელი რეკორდი ასევე სერო-ნეგროს ვულკანიდან დაშვებისას დააფიქსირა. სხვათა შორის, ის მცდელობა დაცემით დასრულდა და ამით ფრანგის კარიერა დასრულდა.

ახლა ეს დაინვალიდებული სპორტსმენი ისევ ეწვია თავისი ტრიუმფისა და ფატალური დაცემის ადგილს, ოღონდ ამჯერად არა მონაწილის, არამედ ორგანიზატორის როლში. მოვლენათა
ცენტრში აღმოჩნდა მარკუს შტეკლი, რომელმაც მანამდე სისწრაფის მსოფლიოს რეკორდი თოვლში რბოლისას დაამყარა. ავსტრიელმა ველომბროლმა, რომელსაც კოლეგები მისი სიმაღლისა (190 სმ) და წონის (103 კგ) გამო "ჰერკულესს" უწოდებენ, 2007 წელს ჩილეში 210,4 კმ/სთ განავითარა.

ნიკარაგუაში 550-მეტრიანი ტრასა პირდაპირ კრატერიდან ვულკანის ძირამდე ეშვებოდა. "გრუნტი პლაჟისთვის დამახასიათებელ ქვიშას მოგაგონებთ, ტრასის დახრილობა 45 გრადუსს შეადგენს, - ამბობს შტეკლი, - ასე თუ ისე სტაბილურად მხოლოდ მაშინ გრძნობ თავს, როცა დაშვება მაქსიმალურ სისწრაფეს აღწევს".

შტეკლი ვულკანის კრატერზე ავიდა და დაშვება დაიწყო, რომლის დროსაც მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა - 164,95 კმ/სთ. ფინიშზე პირველმა წარმატება აწ უკვე ყოფილმა რეკორდსმენმა ერიკ ბარონმა მიულოცა.

"ასეთ პირობებში რბოლა შესაძლებლობების ყოველგვარ ზღვარს სცილდება", - ამაში ახალი რეკორდსმენი ძველს ეთანხმება.

"ჰერკულესი" შტეკლი ჩვეულებრივ ცხოვრებაში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, სხვადასხვა ღონისძიებათა ორგანიზების მენეჯერად მუშაობს და ველოსაჯინიბო MS Evil Racing Team-ის ხელმძღვანელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული