ბატუტზე მხტომელმა თენგიზ კოშკაძემ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა

AutoSharing Option
ამერიკული დეიტონა ბიჩი (ფლორიდა) ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატს (მსაჯადაა მიწვეული საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რუსუდან ხოფერია) მასპინძლობს.

შეჯიბრებაში ქართველი სპორტსმენებიც (ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი, მწვრთნელი ლია ხრიკული) მონაწილეობენ.

ჩვენებურთაგან შესანიშნავად იასპარეზა თენგიზ კოშკაძემ: შესარჩევში მან საპრიზო ადგილების 100 მაძიებელს შორის 103.965 ქულით 25-ე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

იქ კი 57.990 ქულით მერვე იყო და ფინალში მედლებისთვის განაგრძო ბრძოლა. გადამწყვეტი პაექრობისას კოშკაძემ 57.965 ქულა დაიმსახურა, რამაც მას მე-6 ადგილი მოუტანა. დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ბატუტზე
მხტომელ ვაჟთა შორის ეს უმაღლესი დონის შეჯიბრებებში საუკეთესო შედეგია.

ჩემპიონობა ჩინელმა თუ სიიაომ (61.875) მოიპოვა. მეორე-მესამე ადგილებზე დონ დონი (ჩინეთი, 60.890) და ულადისლაუ ჰანჩარაუ (ბელორუსი, 60.390) გავიდნენ.

დეიტონა ბიჩში ინდივიდუალურ ხტომებში იასპარეზა გიორგი ფუტკარაძემ, რომელმაც 64.235 ქულით 82-ე ადგილი დაიკავა. სინქრონულ ხტომებში თენგიზ კოშკაძე და გიორგი ფუტკარაძე 82.200 ქულით მე-19 ადგილით დაკმაყოფილდნენ. აქ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. დონ დონი, თუ სიიაო (ჩინეთი, 51.700), 2. მიკალაი კაზაკი, ულადისლაუ ჰანჩარაუ (ბელორუსი, 49.600). 3. არტურ ზაკრჟევსკი, ტომაზ ადამჩიკი (პოლონეთი, 49.400);

ქალთა ინდივიდუალურ ხტომებში თამარ კაკაშვილი 89.245 ქულით 36-ე იყო, ხოლო ნანა გოგაშვილი 73.930 ქულით - 50-ე.

ფინალში 55.990 ქულით ყველას ლიუ ლინლინმა (ჩინეთი) აჯობა. 55.130 ქულით ვერცხლის მედალი როსანა მაკლემანს (კანადა) ხვდა, ხოლო ბელორუსი ჰანა ჰარჩონაკი (53.975) ბრინჯაოს დაყაბულდა.

ქალთა სინქრონულ ხტომებში ნანა გოგაშვილმა და თამარ კაკაშვილმა (80.000) მე-12 ადგილი დაიკავეს და ფინალში შესასვლელად 2 ქულა დააკლდათ.

საპრიზო სამეული: 1. ლიუ ლინლინი, ლი მენი (ჩინეთი, 47.800), 2. ტატსიანა პიატრენია, ჰანა ჰარჩონაკი (ბელორუსი, 47.200) და როსანა მაკლემანი, სამანტა სენდელი (კანადა, 47.200).
13 ნოემბრიდან ჩემპიონატში ახალგაზრდები ჩაებმებიან.

საქართველოს სპორტულ ღირსებას თანატოლებში მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა, ქრისტინე სორდია და ზურაბ ნოზაძე დაიცავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ შეიძლება გვითხრათ რატომ არ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატში ლუბა გოლოვინა და სად არის ამჟამად?
Shalva73
19:34 11-11-2014
0

სიახლეები პოპულარული